პარლამენტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის სტატისტიკის ანალიზი: 2016-2018

საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს კონსტიტუციაში 2017 წლის 13 ოქტომბერს შეტანილი ცვლილებების თანახმად, საქართველო სრულად გადავიდა მართვის საპარლამენტო მოდელზე, რამაც პარლამენტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტი ჩართულია ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივაში, რომლის ფარგლებშიც აღებული აქვს ვალდებულება საპარლამენტო საქმიანობა გახადოს უფრო ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული. სწორედ ღია პარლამენტის ფარგლებში შემუშავდა მოქალაქეთა ჩართულობის ახალი მექანიზმები, რომლებიც ახლა ინერგება პარლამენტის მიერ.

ახალი მექანიზმების დანერგვის პროცესში მნიშვნელოვანია გამოკვლეული იყოს საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის კუთხით არსებული გამოწვევები და დადგინდეს მათი გაუმჯობესების გზები. სამომავლოდ, მსგავსი კვლევების ჩატარება და სტატისტიკის რეგულარული წარმოება დაეხმარება საქართველოს პარლამენტს, დინამიკაში დააკვირდეს არსებული მექანიზმების გამოყენების პრაქტიკას, აკონტროლოს მათი ეფექტიანობა და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, გააუმჯობესოს ისინი.

სწორედ ამ მიზნით, პარლამენტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია და მომზადდა ანალიზი საქართველოს პარლამენტში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ. მონაცემების დამუშავების შედეგად გამოიკვეთა მოქალაქეთა ჩართულობის სტატისტიკა პარლამენტის საქმიანობის ყველა ეტაპზე. ასევე, შესაძლებელი გახდა გარკვეული პრობლემების იდენტიფიცირება, რომელთა გადაწყვეტის შემთხვევაში, სტატისტიკური მონაცემების სამომავლოდ დამუშავება და შესაბამისი შედარებითი ანალიზი მეტად გამარტივდება.

საქართველოს პარლამენტის მიერ მოწოდებული, პარლამენტის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძირითად პრობლემას კომიტეტების მიერ ინფორმაციის აღრიცხვის ერთიანი სისტემის არარსებობა წარმოადგენს. ყველა კომიტეტი სხვადასხვა სახის ინფორმაციას აღრიცხავს განსხვავებული ფორმით, რაც შეუძლებელს ხდის მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით ერთიანი სტატისტიკის არსებობას.

პარლამენტში შესული განცხადებების და ასევე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა რაოდენობა ადასტურებს მოქალაქეთა ინტერეს პარლამენტის საქმიანობისადმი. 2016-2018 წლებში პარლამენტის ვებგვერდისა და სოციალური ქსელების მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის დინამიკაც ხაზს უსვამს ამ მიგნებას. თუმცა, მიუხედავად მოქალაქეთა ინტერესისა პარლამენტში მიმდინარე პროცესების მიმართ, ისინი თითქმის არ სარგებლობენ პეტიციის წარდგენისა და პლენარულ სხდომებზე დასწრების უფლებით. ასევე მცირეა კანონპროექტებზე მოქალაქეთა მიერ კომენტარების გაკეთებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონულ მოთხოვნათა რაოდენობა.

პრობლემურად შეიძლება ასევე შეფასდეს, მოქალაქეების მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებების პარლამენტის მიერ ინიცირებისა და მათზე დადებითი დასკვნების გაცემის პრაქტიკა. კერძოდ, საქართველოს პარლამენტში 2016 წლიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით ჯამში წარდგენილი 212 საკანონმდებლო წინადადების უმეტესობამ უარყოფითი შეფასება მიიღო, დადებითი დასკვნა მხოლოდ 10-ზე გაიცა, მხოლოდ 5 დარეგისტრირდა კანონპროექტად. პრობლემურია ასევე, პარლამენტის კომიტეტების მიერ ისეთი საკონსულტაციო მექანიზმის გამოყენება, როგორიც არის სამუშაო ჯგუფები. 2016-2018 წლებში პარლამენტის 14 კომიტეტიდან სამუშაო ჯგუფები შექმნილი ქონდა მხოლოდ 6 კომიტეტს, რვა კომიტეტში არც ერთი სამუშაო ჯგუფი არ ფუნქციონირებდა.

არსებული მიგნებებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ რეკომენდირებულია:

– საკანონმდებლო საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის აღრიცხვის ერთიანი სისტემის შექმნის მიზნით კომიტეტის აპარატებისათვის შემუშავდეს სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელშიც გაწერილი იქნება რა სახის ინფორმაციის აღრიცხვა, დამუშავება და რა ფორმით შენახვაა სავალდებულო.

– პარლამენტის საქმიანობის მიმართ მოქალაქეთა ინტერესის ზრდის შესაბამისად, მნიშვნელოვანია განხორციელდეს სხვადასხვა სახის საინფორმაციო/საგანმანათლებლო ღონისძიებები იმ მოქმედი/ახალი მექანიზმების (ელექტრონული და/ან ფიზიკური) შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა უშუალო მონაწილეობის გაზრდას საპარლამენტო საქმიანობაში. ამავდროულად, მნივშენლოვანია ერთიანი, საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნა/განხორციელება. 

პარლამენტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის სტატისტიკის ანალიზი: 2016-2018

Advertisements

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს კომუნიკაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა: 2019-2020

pic_5IDFI-ის მიერ მომზადებული დოკუმენტი წარმოადგენს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სტრატეგიულ გეგმას და მოიცავს ორწლიან პერიოდს [2019-2020 წლები]. სტრატეგიის დოკუმენტი და მისი სამოქმედო გეგმადამტკიცებულია საბჭოს მიერ.

დოკუმენტების შექმნა ღია პარლამენტის მესამე სამოქმედო გეგმით აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომელმაც უნდა განსაზღვროს საბჭოს და პარლამენტის სხვა წევრების საზოგადოებასთან კომუნიკაცია 2019-2020 წლებში. სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელია საბჭო, საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის აქტიური თანამონაწილეობით.

კომუნიკაციის სტრატეგია საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის ინსტიტუციონალიზაციისა და სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი მექანიზმია. აქედან გამომდინარე, დოკუმენტი განსაზღვრავს საბჭოს საზოგადოებასთან კომუნიკაციის მისიას, ხედვასა და მთავარ პრინციპებს. დოკუმენტის მომზადებისას გაანალიზდა არსებული მდგომარეობა, ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას საბჭო საზოგადოებასთან კომუნიკაციის კუთხით და, შესაბამისად, მომზადდა რეკომენდაციები მათი გადაჭრის მიზნით.

სტრატეგია მოიცავს ამოცანებს, რომელთა საფუძველზეც საბჭო დეპარტამენტთან ერთად შეიმუშავებს და განახორციელებს საინფორმაციო და სხვა სახის ღონისძიებებს.

დოკუმენტში ასევე საუბარია საბჭოს ძირითად გზავნილებზე, რომლებიც ეყრდნობა მის ხედვას. სტრატეგიაში მოცემულია ის კომუნიკაციის საშუალებები, რომელთა გამოყენებაც საშუალებას მისცემს საბჭოს დაამყაროს ეფექტური კომუნიკაცია სამიზნე შიდა და გარე აუდიტორიასთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან.

სტრატეგიას დანართის სახით ერთვის ორწლიანი სამოქმედო გეგმა [2019-2020 წლები], რომელშიც შესაბამისი ამოცანების მიხედვით დეტალურად არის გაწერილი საბჭოს მიერ ორი წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებები.

გეგმაში მოცემული აქტივობების განხორციელება ხელს შეუწყობს:

1) OGP-ის, საბჭოს მისიის, საქმიანობის და შედეგების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას;

2) პარლამენტის და პარლამენტარიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა;

3) საპარლამენტო პროცესებში საზოგადოების მონაწილეობის და ჩართულობის ხელშეწყობას;

4) სამოქმედო გეგმის ფარგლებში მომზადებული ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების, ასევე მათი გამოყენების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, რათა გაიზარდოს პარლამენტის და საზოგადოებასთან ორმხრივი კომუნიკაცია;

5) OGP-ის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ღიაობის კუთხით მიმდინარე საქმიანობისა და მიღწევების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას.

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს კომუნიკაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

 

 

ინტელექტუალურ თამაშში პარლამენტის შესახებ 18 უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთნენ

საქართველოს 18 უნივერსიტეტის 100-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ.“ გამარჯვებული გუნდები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად ძიძიგურმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა, და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ კარლო ნატალემ, დააჯილდოვეს. პირველი ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ხოლო მესამე კი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

თამაშის მიზანი იყო საპარლამენტო საქმიანობის საკითხებში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და საკანონმდებლო პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდა. თამაშის 30 შეკითხვა მოიცავდა ზოგად და ისტორიულ ცნობებს საქართველოსა და სხვა ქვეყნების პარლამენტების შესახებ და ინფორმაციას გამოჩენილ პარლამენტარებზე.

ღონისძიებას გაუძღვა გიორგი მოსიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი და „რა? სად? როდის?“ კლუბის პრეზიდენტი. თამაშის მონაწილეებს მიმართეს ირინა ფრუიძემ, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, და გიორგი კლდიაშვილმა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა.

ინტელექტუალურ თამაშის ორგანიზატორი იყო საქართველოს პარალმენტი, ხოლო მხარდამჭერები – ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით. „ახალგაზრდების ჩართულობა და მათი ინფორმირებულობა ქვეყნაში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესების შესახებ აუცილებელია. ღია პარლამენტის ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტმა სამოქალაქო საზოგადოების, დონორი და საერთაშორისო/პარტნიორი ორგანიზაციების მეშვეობით ბევრი ახალი ინსტრუმენტი შექმნა, რაც ვფიქრობ მოქალაქეებს მისცემს საშუალებას აქტიურად ჩაერთონ პარლამენტის საქმიანობაში.“ – აღნიშნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა სტუდენტებთან საუბრისას.

„ძლიერი დემოკრატია საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესებს წარმოადგენს“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში.

„საპარლამენტო საქმიანობით ახალი თაობის დაინტერესების შედეგად დემოკრატიულ პროცესებში მეტი ნიჭიერი და ენერგიული ახალგაზრდა ჩაერთვება, რაც ხელს შეუწყობს მათი მისწრაფების განხორციელებას სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად“, – დასძინა მან.

კარლო ნატალემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, ხაზი გაუსვა მოქალაქეთა და განსაკუთრებით ახალგაზრდობის მონაწილეობის მნიშვნელობას სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატიის მისაღწევად.

„ევროკავშირი ხელს უწყობს საპარლამენტო რეფორმას საქართველოში და მხარს უჭერს ახალგაზრდების მეტ ჩართულობას პარლამენტის საქმიანობაში“, – განაცხადა კარლო ნატალემ.

ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ“ ცნობიერების ამაღლების მიმდინარე კამპანიის ნაწილია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელშეწყობით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს 15 უნივერსიტეტში პარლამენტის დღეები გაიმართება. დისკუსიები, რომლებშიც სტუდენტები და უნივერსიტეტების თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას, ეხება საქართველოს პარლამენტის ფუნქციებს და საქართველოს მიღწევებს საკანონმდებლო ღიაობის გზაზე.

 

საპარლამენტო ღიაობა ქართული მედიის ყურადღების ცენტში

წამყვანი ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენელი 22-ზე მეტი ჟურნალისტი შეხვდა ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსა და მისი საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს. შეხვედრის მიზანი ჟურნალისტებისთვის საბჭოს საქმიანობისა და საკანონმდებლო ღიაობის კუთხით საქართველოს პარლამენტის მიღწევების გაცნობა იყო.

შეხვედრა ჩატარდა საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.

შეხვედრაზე ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფრუიძემ ფართოდ ისაუბრა საბჭოს როლსა და ფუნქციებზე, რაც მოიცავს საპარლამენტო ღიაობის უზრუნველყოფას, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს.

„წლების წინ, საქართველომ ამბიციური განაცხადი გააკეთა, როდესაც ის გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ღია მმართველობის პრინციპი საპარლამენტო დონეზე დანერგა. ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმების განხორციელების შედეგად შეიქმნა შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი და შემუშავებულ იქნა ტექნოლოგიური მექანიზმები, რათა ხელი შეეწყოს პარლამენტის მეტ გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და მოქალაქეთა ჩართულობას საკანონმდებლო პროცესებში. ყველა ეს რეფორმა შეუძლებელი იქნებოდა პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გარეშე,“ – აღნიშნა ირინა ფრუიძემ.

„მედია არის უმნიშვნელოვანესი საშუალება მთავრობისთვის საკუთარი საქმიანობის შესაფასებლად და გასაუმჯობესებელი სფეროების აღმოსაჩენად. მედია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, ხელს უწყობს ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ინფორმაციის გაცვლას, რაც, საბოლოო ჯამში, ინფორმირებული საზოგადოებებისა და სრულფასოვანი დემოკრატიის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი წინაპირობაა,“ – ამბობს გიორგი კლდიაშვილი, IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ღია პარლამენტი არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლის გამოყენებითაც საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP) არის ჩართული. OGP არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს 70-ზე მეტ ქვეყანას, და ეხმარება მთავრობებს გახდნენ უფრო ღია, ანგარიშვალდებული და მოქალაქეზე ორიენტირებული. 2015 წლიდან საქართველოს პარლამენტმა სამი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა: 2015-2016, 2017 და 2018-2019 წლების გეგმები. პირველი ორი სამოქმედო გეგმა 34 ვალდებულებისგან შედგებოდა, რომელთაგან 15 სრულად, ხოლო 14 ნაწილობრივ შესრულდა. მიმდინარე გეგმა შედგება 5 ამბიციური ვალდებულებისგან, რომელთა მიზანია ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით პარლამენტის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის განმტკიცება და საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმისა და პარლამენტის მდგრადი განვითარების მიზნების სტრატეგიის განხილვა

2019 წლის 14-15 მარტს, საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოსა და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის სამდღიან შეხვედრაზე, გაიმართა მსჯელობა ღია მმართველობისა და მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ.

ღონისძიება შედგა ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელშეწყობით.

საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე იმსჯელეს და მდგრადი განვითარების მიზნების საკითხებში საქართველოს პარლამენტის სტრატეგია განიხილეს.

“2018 წელს საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ღიაობის, გამჭვირვალობის, ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების განვითარების მიმართულებით,“ – აღნიშნა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ. “ღია პარლამენტის მესამე სამოქმედო გეგმა, რომელიც 2018-2019 წლებს მოიცავს, ფართო საზოგადოებასთან კონსულტაციების შედეგს წარმოადგენს და ჩვენს სამომავლო ვალდებულებებს განსაზღვრავს – ახალი მექანიზმების შექმნას მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად და პარლამენტის როლის გაძლიერებას მდგრადი განვითარების ეროვნული მიზნების მისაღწევად“.

ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის მიმოხილვის შემდეგ გაიმართა მსჯელობა საქართველოს პარლამენტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში. აღნიშნული დოკუმენტები შვედეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით მომზადდა. ჯგუფური განხილვების მსვლელობაში, რომლებსაც გაეროს კონსულტანტი, რუსუდან ტუშური, უძღვებოდა, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის პრიორიტეტებსა და საქმიანობაზე, რომლებიც მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგის განხორციელებას უკავშირდება.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კომუნიკაციების მენეჯერმა, მერი მახარაშვილმა, წარადგინა ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, და საქართველოს პარლამენტის სოციალური მედიის საკომუნიკაციო კონცეფცია, რომელიც ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით მომზადდა.

სამდღიანი შეხვედრის დასასრულს, 16 მარტს გაიმართა სემინარი ჟურნალისტებისათვის, რომელსაც ოცდაორი ბეჭდვითი, სამაუწყებლო და ონლაინ მედია საშუალების წარმომადგენელი დაესწრო. ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს წევრებმა გააცნეს ჟურნალისტებს საქართველოს მიღწევები ღია მმართველობის სფეროში და უპასუხეს მათ შეკითხვებს მიღწეული წარმატებებისა და არსებული გამოწვევების შესახებ.

შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგნელებთან

საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაძლიერების და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის წევრები კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი მიზანი მათი მოსაზრებების მოსმენაა და კერძო სექტორის პარლამენტთან თანამშრომლობის გაღრმავება იყო. შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის (EU) და UNDP საქართველოს მხარდაჭერითა და IDFI-სთან თანამშრომლობით.

შეხვედრა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ გახსნა. მან საკანონმდებლო ღიაობის კუთხით საქართველოს მიღწევებზე და ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტი სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

გამოსვლაში ირინა ფრუიძემ ყურადღება გაამახვილა 2018-2019 წლების ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე, რომლებიც გულისხმობს კერძო სექტორის საპარლამენტო პროცესში ჩართულობის ინსტიტუციონალიზებას.

„ჩვენი სამუშაო ჯგუფის მიზანია ხელი შეუწყოს პარლამენტის ღიაობას კერძო სექტორთან დიალოგის მეშვეობით და შექმნას ის ფორმატები, რომლებიც საჭიროა იმისათვის, რომ პარლამენტს ჰქონდეს მეტი კომუნიკაცია კერძო სექტორთან, ხოლო კერძო სექტორს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ გამჭვირვალე მეთოდებით მოახდინოს ზეგავლენა საპარლამენტო პროცესებზე და გადაწყვეტილებების მიღებაზე“, – აღნიშნა ირინა ფრუიძემ.

„პარლამენტის მიერ მიღებული კანონების მნიშვნელოვანი ნაწილი დიდ გავლენას ახდენს კერძო სექტორზე და ამიტომ, ამერიკის სავაჭრო პალატის ინიციატივით, საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაში გაჩნდა ერთ-ერთი სიახლე, რაც დაკავშირებულია კერძო სექტორთან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გამჭვირვალობის გაძლიერების და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა.

„ეს სიახლე ახალ არეალს ხსნის პარლამენტისთვის და ღია მმართველობის საბჭოსთვის. ღია პარლამენტის მესამე სამოქმედო გეგმაში ჩვენ გვიწერია ვალდებულება, რომ უნდა შეიქმნას დაინტერესებული პირების საერთო რეესტრი და განთავსდეს პარლამენტის ვებგვერდზე, რათა საწყის ეტაპზევე უზრუნველყოფილი იყო ამ პირების ჩართულობა საკანონმდებლო პროცესში. ეს შეხვედრა შეიძლება იყოს დასაწყისისთვის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ავაწყოთ ისეთი თანამშრომლობა, რომლის საშუალებითაც თქვენ უფრო აქტიურად გექნებათ ინფორმაცია და ჩვენთვისაც იქნება მეტი შესაძლებლობა გავითვალისწინოთ თქვენი მოსაზრებები სამუშაო პროცესში“, – დასძინა თამარ ჩუგოშვილმა.

სამოქმედო გეგმაში კერძო სექტორთან მიმართებაში არსებული მეორე ვალდებულება ასევე ეხება ლობისტურ ორგანიზაციებს. კერძოდ, უნდა შეიქმნას ლობისტური ორგანიზაციების რეესტრი და განთავსდეს პარლამენტის ვებგვერდზე.

შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ამ საკითხებთან დაკავშირებით. თამარ ჩუგოშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო კონკრეტული ნაბიჯები საპარლამენტო საქმიანობაში კერძო სექტორის ჩართულობის ინსტიტუციონალიზებასთან დაკავშირებით.

პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება და რომ შეხვედრები მომავალში სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც გაიმართება.

საბჭომ და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა მესამე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე იმსჯელეს

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საბჭოსთან არსებულმა საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა მესამე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე იმსჯელეს. შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მმართველობის სექტორის კოორდინატორმა სოფი ჰუე გერიშმა, UNDP საქართველოს დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემ და IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილი.

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ შეხვედრის მონაწილეებს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში გააცნო.

„ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ახალი სამოქმედო გეგმის განხორციელება. შექმნილია ოთხი სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფების ნაწილმა უკვე განახორციელა გარკვეული საქმიანობა. დღეს, ასევე განვიხილეთ ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტის (IDFI) დახმარებით მომზადებულ ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს კომუნიკაციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას და საქართველოს პარლამენტის სოციალური ქსელების კონცეფციის სამუშაო დოკუმენტებს. ეს ორივე დოკუმენტი მესამე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებებია“, – აღნიშნა ირინა ფრუიძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ისაუბრა საქართველოს პარლამენტში მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

„მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნა თავის თავში მოიაზრებს იმდენად დიდ რეფორმას და ახალ კონცეპტუალურ ხედვას, რომ ამის გააზრებით ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად თვისობრივად ახალი და მიმზიდველი შეიძლება გახდეს პარლამენტი მოქალაქისთვის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, მოქალაქეთა მისაღები ძალიან დიდ, კომლექსურ სამუშაოს ასრულებს და ის უნდა პასუხობდეს ახალ გამოწვევებს და აკმაყოფილებდეს ახალ სტანდარტებს.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სამუშაო პროცესში ჩატარებული პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე მოხდა პრობლემების გამოვლენა. ამ საკითხებთან დაკავშირებით ეკა ბესელიამ დეტალურად ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეებს პრობლემების მოგვარებისთვის საჭირო ღონისძიებები გააცნო.

სამუშაო შეხვედრაზე ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა IDFI-ის მიერ მომზადებული საბჭოს საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგია/სამოქმედო გეგმა და პარლამენტის სოციალური ქსელების კონცეფცია განიხილეს.

სტრატეგიული დოკუმენტები შეხვედრის მონაწილეებს IDFI-ის კომუნიკაციების მენეჯერმა მერი მახარაშვილმა წარმოუდგინა. დოკუმენტების მიზანია საკანომდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ხელშეწყობა.

 2 წლიანი გეგმა ასევე მოიცავს პარლამენტის ღიაობის უზრუნველსაყოფად დანერგილი ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების პოპულარიზაციას და მათი გამოყენების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ორივე დოკუმენტი ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებებია [5.1. და 5.4], რომელთა განხორციელებაც საქართველოს პარლამენტმა 2019-2020 წლებში უნდა უზრუნველყოს. დოკუმენტები მომზადდა ევროკავშირისა (EU) და UNDP საქართველოს მხარდაჭერით.

ღონისძიების ფოტოალბომი იხილეთ აქ.