“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI) და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ თბილისში ბაზირებული მედიასაშუალებებისთვის სემინარი 11 ოქტომბერს გამართა. IDFI -ის გამგეობის თავმჯდომარე ლევან ავალიშვილმა და ღია მმართველობა საქართველოს ეროვნულმა კოორდინატორმა ქეთევან ცანავამ მონაწილეებს პარტნიორობისა ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობაზე ინფრომაცია მიაწოდეს.
ღია მმართველობა საქართველოს 2012-2013 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში უკვე შესრულებულ ვალდებულებებიდან ჟურნალისტებმა აქცენტი საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნაზე გააკეთეს. მათი თქმით, დღეს სხვადასხვა უწყებას განსხვავებული სტანდარტი აქვს ინფორმაციის მოთხოვნაზე, ზოგი მათგანი წერილის დასკანერებულ ვარინტს ითხოვს, სამინისტროების ნაწილისგან კი ვებ გვერდზე მხოლოდ შესაბამისი ველების შევსებაა საჭირო. გარდა ამისა, რიგი უწყებები რეგისტრაციის ნომერს არ აწვდის მომთხოვნს, რაც ქმნის სირთულეს პასუხის ვერმიღების შემთხვევაში.
ჟურნალისტთა მოსაზრებები გაიზიარეს სპიკერებმა და აღნიშნეს, რომ აუცილებელია, ყველა უწყებას ერთიანი სტანდარტი ჰქონდეს საჯარო ინფორმაციის გაცემისას.
2014-2015 წლებში შესასრულებელი ვალდებულებებიდან კი მედიის განსაკუთრებული ყურადღება თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის სისტემის შექმნაზე გაამახვილეს. დაინტერესდნენ რა ტიპის მექანიზმი უნდა ჩამოყალიბდეს ინფორმაციის გადასამოწმებლად და შესაბამის უწყებას ექნება თუ არა თანამდებობის პირთა საბანკო ანგარიშებზე წვდომა. როგორც ლევან ავალიშვილმა განაცხადა, ეს დეტალები ჯერ არ გადაწყვეტილა. საუბარია იმაზე, რომ საწყის ეტაპზე საჯარო სამსახურის ბიურო გადაამოწმებს შესულ ინფორმაციას, დარღვევის ან შეუსაბაობის შემთხვევაში კი მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს.
შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, ვრცლად ისაუბრეს პეტიციების პორტალის შექმნასა და ზოგადად მოქალაქეთა ჩართულობაზე მიმდინარე პროცესებში.
როგორც ლევან ავალიშვილმა აღნიშნა, სემინარების მიზანიც სწორედ ისაა, რომ გაძლიერდეს მონიტორინგი მთავრობის მიერ ვალდებულებების შესრულებისას.
„მედია უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, გაავრცელოს ინფორომაცია, გააშუქოს და გაუწიოს მონიტორინგი დაგეგმილი პროექტების განხორციელებას. ეს ხელს შეუწყობს ვალდებულებების მაღალი სტანდარტით შესრულებას“, – თქვა ლევან ავალიშვილმა.
ქეთევან ცანავამ კი ხაზი გაუსვა სამოქმედო გეგმის შემუშავებისას ხელისუფლებისა და საზოგადოების თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ OGP-ის მთავარი უპირატესობაა ისაა, რომ ვალდებულებებს უწყებები სწორედ სამოქალაქო საზოგადოების და საჯარო კონსულტაციების შემდეგ იღებენ.
„OGP-ის მთავარი პრინციპი ისაა, რომ თითოეული ვალდებულება მოქალაქის მოთხოვნას უნდა პასუხობდეს. სწორედ ამიტომ გეგმის შემუშავებისას მიდის აქტიური თანამშრომლობა საზოგადოებასთან. საერთო ჯამში კი ყველა ვალდებულების მთავარი მიზანია გაუმჯობესდეს ღია მმართველობა“, – განაცხადა ქეთევან ცანავამ. მანვე სემინარის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია OGP-ის მმართველი კომიტეტის 25 სექტემბრის სხდომის შესახებ, სადაც საქართველო უკვე წევრის სტატუსით იღებდა მონაწილეობას. მმართველ კომიტეტში საქართველო მიმდინარე წელს აირჩიეს, ქვეყანას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარმოადგენს.
11 ოქტომბერს გამართული სემინარი უკვე მეშვიდე ვორქშოფია, რომელსაც IDFI ატარებს. პროექტი USAID-ის დემოკრატიული მმართველობა პროგრამის (G-3) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.