ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა

12 თებერვალს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტში. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უძღვებოდა და მას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე. პირველ სხდომაზე განისაზღვრა, რომ დავით უსუფაშვილის არყოფნის შემთხვევაში, საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციას შეასრულებს პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე.
დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში პარლამენტში გააქტიურდა საკანონმდებლო ღიაობაზე მუშაობა და ამ მიმართულებით, საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. მექსიკაში, 2015 წლის ოქტომბერში გამართულ OGP-ის  გლობალურ სამიტზე საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფს  ღია მმართველობის პარტნიორობის ჯილდო გადაეცა. სხდომაზე, დავით უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა პარტნიორი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წვლილს მიღწეულ წარმატებაში.
„მინდა მოგილოცოთ ის აღიარება, რაც ჩვენს საქმიანობას წილად ხვდა მექსიკაში ჩატარებული ფორუმის დროს, როდესაც საქართველოს პარლამენტი აღიარებული იქნა როგორც ლიდერი პარლამენტი სწორედ აღნიშნულ სფეროში. ამ ყველაფერში ძალიან დიდია წვლილი პარლამენტის წევრების, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში, მაგრამ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ კიდევ უფრო მეტია წვლილი ჩვენი პარტნიორების – არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების. მათი ძალიან ფოკუსირებული, ძალიან კარგად გააზრებული ტაქტიკაც, თანამშრომლობაც, რეკომენდაციებიც, ინიციატივებიც იყო გადამწყვეტი იმისთვის, რომ პარლამენტში ეს თემა პრიორიტეტად გვექცია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მონაწილეობა აღნიშნულ პროცესში, NDI-ის, UNDP- ის და სხვების, ვინც ამ პროცესში ჩართული იყვნენ და დღესაც მზად არიან, ჩვენ გვერდით იდგნენ“, – მიმართა პარლამენტის სხდომის მონაწილეებს დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, აღნიშნა, რომ ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ვალდებულებები ძალიან ამბიციურია, შესაბამისად გეგმის შესრულება ძალიან შრომატევად მუშაობას მოითხოვს, თუმცა დავით უსუფაშვილის განცხადებით საკანონმდებლო ღიაობა, პარლამენტის საქმიანობაში ჩართულობის შესაძლებლობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, მოქალაქეებისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება, ტექნოლოგიების უფრო ეფექტიანი გამოყენება საქართველოს პარლამენტის პრიორიტეტს წარმოადგენს და შეხვედრის მონაწილეებს და პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.
„საბჭო ინტერფრაქციულია, ყველა პოლიტიკური ჯგუფია მასში წარმოდგენილი და ყველასთვის მნიშვნელოვანი იქნება ამ პროცესში მონაწილეობა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა შეხვედრის გახსნისას ისაუბრა იმ პერსპექტივებზე, რასაც ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში ჩართულობა გულისხმობს. მან აღნიშნა, რომ ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შექმნა, რომელიც წარმოადგენდა IDFI-ს რეკომენდაციას, წინგადადგმული ნაბიჯია, რამდენადაც საბჭოს უფლებამოსილებას წარმოადგენს ღია პარლამენტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი, ექსპერტებისა და სამუშაო ჯგუფების მოწვევა, ანგარიშის წარდგენა საქართველოს პარლამენტის ბიუროსთვის და სხვა. გიორგი კლდიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირად ჩართულობას სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და შესრულების პროცესში.
ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა საბჭოს დებულება. ასევე, განისაზღვრა მუდმივმოქმედ საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობა და სამი სამუშაო ჯგუფი (ინფორმაციის თავისუფლება და ტექნოლოგიები, სამოქალაქო ჩართულობა, ანგარიშვალდებულება), რომელთა წევრებიც უშუალოდ იქნებიან კონცენტრირებული საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე.
პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიამ მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციებს: „რომ არა თქვენ, ეს დებულება არ იქნებოდა ამ ფორმის, ვფიქრობ, ყველა პრინციპული საკითხი, რაც იყო მოწოდებული, ასახულია მასში“. მისი თქმით, დღევანდელი სხდომის ოქმით დამტკიცდება საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობა. „ეს იქნება ის შემადგენლობა, რომელიც იყო ღია მმართველობის საქმიანობის სათავეებთან და, ასევე, რამდენიმე ორგანიზაცია, რომელსაც ჯგუფში გაწევრიანების სურვილი აქვს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
საპარლამენტო საბჭოს და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის მუშაობას მხარს უჭერს გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში“, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საბჭოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელებაში.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s