საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა

5-6 მარტს საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა ბორჯომში. მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის შესასრულებელ ვალდებულებებზე. გაეცნენ ვალდებულებების ინიციატორთა მიერ წარმოდგენილ კონცეფციების და განიხილეს ვალდებულებათა განხორციელების გზები. საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა 18 ვალდებულებას მოიცავს და ამ დროისთვის განხორციელებულია მხოლოდ 2 ვალდებულება: ,,ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს შექმნა“ (4.1. ვალდებულება, რომლის ინიციატორი იყო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – IDFI) და ,,საზოგადოებრივი განათლებისა და ცნობიერების ამაღლება საქართველოს პარლამენტის საქმიანობაზე, მის როლსა და მისიაზე; პარლამენტის ინსტიტუციონალური იმიჯისა და როლის გაძლიერება“ (1.6. ვალდებულება, ინიციატორი – საქართველოს პარლამენტის აპარატი).

შეხვედრა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამეტო საბჭოს თავმჯდომარემ გუგული მაღრაძემ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელმა სოფო გურულმა გახსნეს. მათ ყურადღება გაამახვილეს მიღწეულ წარმატებაზე, საპარლამენტო საბჭოს შექმნის მნიშვნელობაზე და მონაწილეებს მოუწოდეს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესში უფრო აქტიური ჩართულობისკენ.

IDFI-მ წარმოადგინა კონცეფციები ორგანიზაციის მიერ ინიცირებულ ვალდებულებებზე: ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საპარლამენტო ინფორმაციაზე წვდომის გამარტივება,“ ,,პარლამენტის ვებ-გვერდზე დოკუმენტების ადვილად დასამუშავებელ ფორმატში განთავსება,“ ,,კანონპროექტებზე კომენტარის (ელექტრონულად და/ან წერილობით) დატოვების შესაძლებლობა“ და ,,საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო წინადადებისა და საკანონმდებლო ინიციატივის ელექტრონული სახით წარდგენისა და მოქალაქეთა მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმის დანერგვა პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით.“ საპარლამენტო საბჭომ მოიწონა აღნიშნული კონცეფციები. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს IDFI-ს მიერ შემუშავებულ კონცეფციებში ასახულ ხედვაზე, ასევე, ვალდებულებების განხორციელების ტექნიკურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე.

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ეთიკის კოდექსის სამუშაო ვერსია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, აშშ-ის კონგრესის ეთიკის ოფისის აპარატის უფროსი ომარ ამშავისა და მისი მოადგილის პოლ სოლისთან კონსულტაციის საფუძველზე შეიმუშავეს. შეხვედრაზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებთან და აღნიშნული სანქციების აღსრულების მექანიზმთან დაკავშირებულმა საკითხებმა.

კონცეფციები წარმოადგინეს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა.

ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შეხვედრაზე გადაწყვიტეს, რომ შეიქმნას სამი სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს: ეთიკის კოდექსის, საკანონმდებლო ცვლილებების და ტექნოლოგიური სიახლეების საკითხებზე. აღნიშნული სამუშაო ჯგუფები ხელს შეუწყობს სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესს და საპარლამენტო საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფის პროდუქტიულობას.

შეხვედრა გაიმართა პროექტის – „საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში“ – ფარგლებში, რომელიც საპარლამენტო საბჭოს და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის მუშაობას უჭერს მხარს. აღნიშნული პროექტი IDFI-ს მიერ ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საბჭოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელებაში.

 

 0  0

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s