ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართეს

21-22 ივლისს, გასვლითი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა 2020-2021 წლების საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით წარდგენილ ინიციატივებზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის – „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

შეხვედრა გახსნეს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.

საბჭოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობაზე, სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საკონსულტაციო ჯგუფის წევრების აქტიურ ჩართულობასა და წარდგენილი ინიციატივების მნიშვნელობაზე.

„აღსანიშნავია, რომ ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დაფუძნებიდან პირველად, გამჭვირვალობის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების მიზნით, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის წარდგენილი ინიციატივები. აღნიშნული გადაწყვეტილება შეესაბამება ღიაობის პრინციპებს და ხელს უწყობს საბჭოს საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობასა და ინფორმირებულობის ამაღლებას. მივიღეთ საკმაოდ ბევრი საინტერესო რეკომენდაცია, რომელთა ნაწილიც, დახვეწისა და დამუშავების  შემდგომ აისახება სამოქმედო გეგმაში.“ – აღნიშნა კახა კუჭავამ.

IDFI-ს დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა მადლობა გადაუხადა საპარლამენტო საბჭოს სამუშაო შეხვედრის ინიცირებისათვის და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს ვალდებულებების წარდგენისთვის. გიორგი კლდიაშვილმა ხაზი გაუსვა გაეროს განვითარების  პროგრამისა და ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს საპარლამენტო ღიაობის გაძლიერების მიმართულებით.

სამუშაო შეხვედრაზე სამოქმედო გეგმის ვალდებულებებთან დაკავშირებით რეკომენდაციები და წინადადებები წარადგინეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), USAID/GGI-ის, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) და საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა.

წარდგენილი ინიციატივები მიზნად ისახავს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ღიაობის გაძლიერებას და პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის პროაქტიულობისა და გამჭვირვალობის გაზრდას. რეკომენდაციების უმეტესობა უზრუნველყოფს პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამაღლებას და მხარს უჭერს პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი და ადვილად დამუშავებადი მონაცემების ჩამონათვალის გაზრდას.

განსახილველ საკითხებს შორის ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებისა და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, მხარეები შეთანხმდნენ ნოვატორული და ელექტრონული სერვისების გაძლიერებაზე. ასევე, მსჯელობა შეეხო  მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის ფუნქციებისა და როლის გაძლიერებას საზოგადოების საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის თვალსაზრისით. საპარლამენტო საბჭოს წევრებმა და პარლამენტის აპარატის წარმომადგენლებმა საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს გაუზიარეს ინფორმაცია ღია მმართველობის გაძლიერების მიზნით პარლამენტის მხრიდან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ, შეხვედრის განმავლობაში, რიგი ინიციატივებისა და სამოქმედო გეგმის შემდგომი სრულყოფის მიზნით, საპარლამენტო საბჭო და  საკონსულტაციო ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ სამუშაო შეხვედრების ფორმატის აგვისტოსა და სექტემბერში გაგრძელებაზე.

სამუშაო შეხვედრაზე განხილული ინიციატივები გადამუშავებისა და მოდიფიცირების შემდგომ აისახება საქართველოს ღია პარლამენტის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმაში.

საბჭოს თავმჯდომარე კახა კუჭავამ შეხვედრის შეჯამებისას მადლობა გადაუხადა ევროკავშირს (EU), გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის მხარდაჭერისთვის და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს საინტერესო ინიციატივების წარმოდგენისათვის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s