დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო – მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება

კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უწყებების დამოუკიდებლობა არის ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობის მაღალ ხარისხსა და შესაბამისად, მაღალ საზოგადოებრივ ნდობას.

საქართველომ წვრილმან კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მაგრამ ქვეყანაში კორუფცია, რომელიც დაკავშირებული მაღალი თანამდებობის პირებთან, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გამოუძიებლობა ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია, კორუფციასთან ბრძოლის არსებული სისტემის რეფორმირება, რამდენადაც ის ვერ ახდენს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას, რაც საზოგადოებაში აჩენს შეკითხვებს და ნეგატიურად აისახება საჯარო დაწესებულებების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. მეტიც, შესაძლო სამოხელეო დანაშაულის გამოუძიებელი შემთხვევები ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. მიუხედავად ამისა, საქართველოში კვლავ არ არსებობს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური, რომელსაც ექნება საზოგადოების ნდობა, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და შესაბამისი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები და პასუხი გასცეს საზოგადოებაში არსებულ ლეგიტიმურ შეკითხვებს. მნიშვნელოვანია, რომ 2019-2020 წლებში საქართველო რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში მოხვდა და ყველა მათგანი მიუთითებს ქვეყანაში კორუფციის ნეგატიურ ტენდენციებზე და მდგომარეობის გაუარესებაზე, რის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ მაღალი დონის (ე.წ. „ელიტური“) კორუფცია სახელდება.

არსებული გამოწვევების საპასუხოდ უმნიშვნელოვანესია, საქართველომ პირნათლად შეასრულოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციები. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ინიციატივების პლატფორმებით სარგებლობა, სადაც საქართველოს, გარდა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა, შეუძლია იტვირთოს კონკრეტულ სფეროში ცვლილებების განხორციელების ვალდებულება.

ზემოთ აღნიშნული ცვლილებების განხორციელების და რეფორმების გატარების საერთაშორისო პლატფორმაა ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP), რომლის წევრი ქვეყნების სახელმწიფო ინსტიტუტები თანამშრომლობენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და მათთან ერთად თანხმდებიან განსახორციელებელ ვალდებულებაზე. ღია მმართველობის პარტნიორობა მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას რეფორმებისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების პროცესში; ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვას; ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას; სახელმწიფო ორგანოების ანგარიშვალდებულების გაძლიერებას.

ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების ანტიკორუფციული ვალდებულებები შეიძლება რამდენიმე ჯგუფად დაიყოს:

– ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა,

– ღიაობის დაცვა სახელმწიფო შესყიდვების სექტორში,

– პოლიტიკური პარტიების საქმიანობის ეთიკისა და კეთილსინდისიერების სტანდარტების შესაბამისად  წარმართვა.

ამავდროულად, ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი ქვეყნები საჯარო სამსახურში ინტერესთა კონფლიქტის შემცირების, კორუფციის აღმოფხვრისა და ეთიკის ქცევის წესების დამკვიდრების მიზნით სხვადასხვა ზომებს მიმართავენ. კერძოდ, მონტენეგროს 2012 წლის OGP-ის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ეთიკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი უწყების შექმნას ეთიკის კოდექსის დანერგვის მიზნით. აღნიშნული საბჭოს შემადგენლობაში შევლენ საჯარო უწყებაში დასაქმებული პირები და პროფესიული კავშირების წარმომადგენლები. საბჭო უზრუნველყოფს ეთიკის კოდექსის დანერგვას საჯარო სექტორში, ორგანიზებას გაუწევს ეთიკის ნორმების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაციებში კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევების აღმოჩენის მიზნით.

სერბეთის 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს არსებული ანტიკორუფციული სააგენტოს უფლებების გაზრდას და პასუხისმგებლობების დეტალიზაციას ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევებისა და მაღალი თანამდებობის პირების ქონებისა და შემოსავლის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კორუფციასთან ბრძოლის დამოუკიდებელი სააგენტოების არსებობა, როგორც წესი, დამახასიათებელია აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტ-სოციალისტური სახელმწიფოებისთვის, სადაც კორუფციის რისკები მაღალია და მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს დემოკრატიული წყობილებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. მაგალითად, უკრაინაში შექმნილია სახელმწიფო ანტიკორუფციული ბიურო (NABU), რომლის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული საბჭო. ამავდროულად, უკრაინის ღია მმართველობის პარტნიორობის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია ბენეფიციარი საკუთრების გამჭვირვალობის მიზნით ბენეფიციარი მესაკუთრეების რეესტრის შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში კორუფცია დღემდე რჩება გამოწვევად, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ქმედებები მიმართულია პრობლემების აღმოფხვრისკენ და სახელმწიფო და კერძო სექტორში მდგომარეობის გაჯანსაღებისკენ. დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოების შექმნის მაგალითები უფრო ხშირია პოსტ-სოციალისტურ ქვეყნებში, თუმცა დასავლეთ ევროპაშიც გვხვდება კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუციონალური მაგალითები. ამ მხრივ აღსანიშნავია გაერთიანებული სამეფოს მაგალითი, სადაც მინისტრთა კაბინეტის ფარგლებში შექმნილია ანტი-კორუფციული სამსახური, რომლის მუშაობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ხელს უწყობს სამსახურის დამოუკიდებლობას.

ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა გარკვეულწილად ითვალისწინებდა არსებული ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერებას, თუმცა, ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აღიარებენ, რომ აუცილებელია კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება, რის შემადგენელი ნაწილიც არის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევები მიუთითებს ასეთი დამოუკიდებელი სამსახურის შექმნის აუცილებლობაზე. ამავდროულად, IDFI, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI), და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციები პერმანენტულად მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლის გასაძლიერებლად შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო. როგორც საერთაშორისო გამოცდილება მიუთითებს, ძლიერი ანტიკორუფციული მექანიზმების მახასიათებლებია დამოუკიდებლობა, დეტალურად განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები და კონტროლის განხორციელება მაღალი თანამდებობის პირების ინტერესთა კონფლიქტზე. შესაბამისად, ასეთი ანტიკორუფციული მექანიზმის განვითარება დამოკიდებულია სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების თანამშრომლობაზე, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობასა და ისეთი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ანტიკორუფციული სამსახურის დამოუკიდებლობას და ეფექტიან საქმიანობას.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

14 აგვისტოს აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურომ უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების პირველი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.  

სამოქმედო გეგმის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართული აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს წევრები, უმაღლესი საბჭოს აპარატი და ღია მმართველობის საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფი. სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს უმაღლეს საბჭოში სამოქალაქო ჩართულობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ანგარიშვალდებულების გაძლიერებას და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვას. 

სამოქმედო გეგმაში შესული 15 ვალდებულება მოიცავს მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნას, კანონპროექტების განხილვაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, სხდომების ლაივ ტრანსლირებას, უმაღლესი საბჭოს ვებგვერდისა და უმაღლესი საბჭოს შენობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოთხოვნებისადმი ადაპტირების კონცეფციის შემუშავებას, საჯარო ინფორმაციის დამუშავებად ფორმატში გამოქვეყნებას, საბჭოსა და კომიტეტების ყოველწლიური გეგმებისა და ანგარიშების შემუშავებასა და წარდგენას საზოგადოებისათვის, უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის მეშვეობით საბჭოს შენობაში შესვლის, სხდომებზე დასწრებისა და საშვის გაცემის ელექტრონული სისტემის, ასევე, ელექტრონული და წერილობითი პეტიციის სისტემის დანერგვას, და სხვა ისეთ საკითხებს, რომლებიც უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობისა და საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული ვალდებულებები სამოქმედო გეგმაში გაწერილი ვადების შესაბამისად 2020-2021 წლებში უნდა შესრულდეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

სამოქმედო გეგმა იხილეთ აქ

აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

6-7 აგვისტოს გამართული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭომ და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით წარდგენილ ინიციატივებზე იმსჯელეს.

შეხვედრა გახსნეს ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერმა, სოფო გურულმა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარემ, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) რეგიონულმა კოორდინატორმა, მალხაზ ჭკადუამ.

სამუშაო შეხვედრაზე სამოქმედო გეგმის ვალდებულებებთან დაკავშირებით რეკომენდაციები და წინადადებები წარადგინეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა, უმაღლესი საბჭოს აპარატმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI), მმართველობის მონიტორინგის ცენტრის აჭარის ბიუროს, დემოკრატიის ინსტიტუტის, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის, „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის – შშმპ მხარდაჭერის და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრისა“ და ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ წარმომადგენლებმა.

წარდგენილი ინიციატივები მიზნად ისახავს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ღიაობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას, სამოქალაქო ჩართულობისა და საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას. რეკომენდაციები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის გაძლიერება, კანონპროექტების განხილვაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა, ვებგვერდის საშუალებით სხვადასხვა მომსახურების დანერგვა, სხდომების ლაივ ტრანსლირება, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხის გაზრდა და ინფორმაციის ადვილად დასამუშავებელ ფორმატში გამოქვეყნება, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნა, უმაღლესი საბჭოს შენობისა და ვებგვერდის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოთხოვნებისადმი.

ღია მმართველობის საბჭოსა და  საკონსულტაციო ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ განხილული ინიციატივების კიდევ ერთხელ გადამუშავებაზე და ღია მმართველობის საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენაზე. დამტკიცების შემდგომ ვალდებულებები აისახება უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმაში.

საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ შეხვედრის შეჯამებისას მადლობა გადაუხადა ევროკავშირს (EU) და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) ღია მმართველობის საბჭოს მხარდაჭერისათვის, ასევე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) აქტიური თანამშრომლობისა და შეხვედრის ორგანიზებისათვის, უმაღლესი საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს მნიშვნელოვანი ინიციატივების წარმოდგენისათვის.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის – „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართეს

21-22 ივლისს, გასვლითი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა 2020-2021 წლების საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით წარდგენილ ინიციატივებზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის – „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

შეხვედრა გახსნეს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.

საბჭოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობაზე, სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საკონსულტაციო ჯგუფის წევრების აქტიურ ჩართულობასა და წარდგენილი ინიციატივების მნიშვნელობაზე.

„აღსანიშნავია, რომ ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დაფუძნებიდან პირველად, გამჭვირვალობის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების მიზნით, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის წარდგენილი ინიციატივები. აღნიშნული გადაწყვეტილება შეესაბამება ღიაობის პრინციპებს და ხელს უწყობს საბჭოს საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობასა და ინფორმირებულობის ამაღლებას. მივიღეთ საკმაოდ ბევრი საინტერესო რეკომენდაცია, რომელთა ნაწილიც, დახვეწისა და დამუშავების  შემდგომ აისახება სამოქმედო გეგმაში.“ – აღნიშნა კახა კუჭავამ.

IDFI-ს დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა მადლობა გადაუხადა საპარლამენტო საბჭოს სამუშაო შეხვედრის ინიცირებისათვის და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს ვალდებულებების წარდგენისთვის. გიორგი კლდიაშვილმა ხაზი გაუსვა გაეროს განვითარების  პროგრამისა და ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს საპარლამენტო ღიაობის გაძლიერების მიმართულებით.

სამუშაო შეხვედრაზე სამოქმედო გეგმის ვალდებულებებთან დაკავშირებით რეკომენდაციები და წინადადებები წარადგინეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), USAID/GGI-ის, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) და საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა.

წარდგენილი ინიციატივები მიზნად ისახავს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ღიაობის გაძლიერებას და პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის პროაქტიულობისა და გამჭვირვალობის გაზრდას. რეკომენდაციების უმეტესობა უზრუნველყოფს პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამაღლებას და მხარს უჭერს პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი და ადვილად დამუშავებადი მონაცემების ჩამონათვალის გაზრდას.

განსახილველ საკითხებს შორის ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებისა და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, მხარეები შეთანხმდნენ ნოვატორული და ელექტრონული სერვისების გაძლიერებაზე. ასევე, მსჯელობა შეეხო  მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის ფუნქციებისა და როლის გაძლიერებას საზოგადოების საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის თვალსაზრისით. საპარლამენტო საბჭოს წევრებმა და პარლამენტის აპარატის წარმომადგენლებმა საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს გაუზიარეს ინფორმაცია ღია მმართველობის გაძლიერების მიზნით პარლამენტის მხრიდან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ, შეხვედრის განმავლობაში, რიგი ინიციატივებისა და სამოქმედო გეგმის შემდგომი სრულყოფის მიზნით, საპარლამენტო საბჭო და  საკონსულტაციო ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ სამუშაო შეხვედრების ფორმატის აგვისტოსა და სექტემბერში გაგრძელებაზე.

სამუშაო შეხვედრაზე განხილული ინიციატივები გადამუშავებისა და მოდიფიცირების შემდგომ აისახება საქართველოს ღია პარლამენტის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმაში.

საბჭოს თავმჯდომარე კახა კუჭავამ შეხვედრის შეჯამებისას მადლობა გადაუხადა ევროკავშირს (EU), გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის მხარდაჭერისთვის და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს საინტერესო ინიციატივების წარმოდგენისათვის.

ტრენინგები აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებისათვის დასრულდა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებისათვის ტრენინგების სერია  „დისტანციური მართვა და  კომუნიკაციის უნარები“ ჩატარდა.

პანდემიის პირობებში განსაკუთრებით რთულია ეფექტიანი სამუშაო პროცესის შენარჩუნება. ამდენად, ტრენინგების მიზანს წარმოადგენდა ახალი კორონავირუსის საფუძველზე შექმნილ გამოწვევებთან გამკლავება დისტანციური მართვისა და კომუნიკაციის უნარების გაძლიერებისა და გაღრმავების გზით.

ტრენინგების სერია მოიცავდა 3 ეტაპს: 1. ვიდეოკონფერენციებისთვის განკუთვნილი პლატფორმები – Google meet, Zoom, Jitsi; 2. Google Drive – როგორც ერთდროულად ერთ დოკუმენტზე მუშაობის პლატფორმა; 3. ClickUp – თქვენი სამუშაო სივრცე (დავალებების შექმნა, თანამშრომლებზე გადანაწილება, პროექტების მართვა და ვადების მონიტორინგი). ტრენინგები ჩატარდა დისტანციურად, სხვადასხვა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.

ტრენინგები გაიარა უმაღლესი საბჭოს 30-მა თანამშრომელმა, რომლებსაც გადაეცათ სერტიფიკატები.

ტრენინგების კურსს უძღვებოდა სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ საინფორმაციო ტექნოლოგიების ბიზნეს ანალიტიკოსი – გიორგი ნაცვლიშვილი.

ტრენინგი ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ინიციატივის „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა.

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ პირველი ონლაინ სხდომა ჩაატარა

29 ივნისს, ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ დისტანციურ რეჟიმში პირველი სხდომა გამართა. სხდომას საბჭოს თავმჯდომარე, კახა კუჭავა უძღვებოდა, რომელმაც მიმდინარე საქმიანობასა და საბჭოს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა – გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI), და სხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. 

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრებმა, გიორგი კახიანმა და ნინო წილოსანმა საბჭოს 2020 წლის საქმიანობის შუალედური ანგარიში წარადგინეს და სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესი შეაჯამეს. გიორგი კახიანმა ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით პარლამენტის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და განმარტებითი ბარათის შედგენის შესახებ სახელმძღვანელოსა და ვიდეო-ინსტრუქციის შემუშავების თვალსაზრისით მიღწეული შედეგები შეაფასა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ  ვალდებულებების ძირითადი ნაწილი შესრულებულია, გარკვეული მიმართულებების სრული იმპლემენტაცია კი ტექნიკურ მხარდაჭერასთან არის დაკავშირებული.

სხდომაზე, ასევე, შეფასდა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობისა და მონიტორინგისათვის საქართველოს პარლამენტის სტრატეგიის განხორციელების ეტაპები. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრმა, ნინო წილოსანმა, შეაჯამა საქართველოსპარლამენტის2019-2020 წლების მდგრადი განვითარების მიზნების სამოქმედო გეგმის შესრულების კუთხით არსებული პროგრესი.

საბჭოს მდგრადი საქმიანობის გაგრძელებისა და 2020-2021 წლების ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შემუშავების მიზნით, საბჭოს თავმჯდომარემ გამოხატა გასვლითი სამუშაო შეხვედრის ორგანიზების ინიციატივა.

დისტანციურ სხდომაში მონაწილეობას იღებდნენ საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საკონსულტაციო ჯგუფთან თანამშრომლობის ფარგლებში, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, ახორციელებს ღია მმართველობის პარტნიორობის გეგმის ვალდებულებების იმპლემენტაციას.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად პანდემიის შემდგომ დადგენილი შეზღუდვებისა, საბჭო აქტიურად განაგრძობდა მუშაობას. სწორედ საგანგებო მდგომარეობის დროს, საპარლამენტო ღიაობის გაძლიერებისა და საპარლამენტო ცხოვრებაში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით, მომზადდა და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საინფორმაციო მასალები საგანგებო მდგომარეობის თაობაზე, როგორც ქართულ, ისე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ხსენებული ინიციატივა საბჭომ განახორციელა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა

22 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მართველობის საბჭოს მეორე სხდომა ჩატარდა. სხდომაზე განიხილეს საკონსულტაციო ჯგუფში გაწევრების მსურველ ორგანიზაციათა განცხადებები და ოფიციალურად დაამტკიცეს საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობა. სხდომას, უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად, ესწრებოდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საერთაშორისო და აჭარაში მოღვაწე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძოდ: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, ა(ა)იპ  „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი აჭარა, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი, ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის, დემოკრატიის ინსტიტუტი.

საკონსულტაციო ჯგუფი მონაწილეობას მიიღებს ღია მმართველობის საბჭოს სხდომებში, დაეხმარება საბჭოს უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებაში, წარუდგენს მას წინადადებებსა და რეკომენდაციებს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. ამავდროულად, ღია მმართველობის საბჭომ მის წევრებსა და საკონსულტაციო ჯგუფში შემავალ ორგანიზაციებს 20 ივლისამდე განუსაზღვრა ვადა ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ვალდებულებების სამუშაო ვერსიების წარმოსადგენად.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს მხარდამჭერია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტი „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების ხელშეწყობის მიზნით.   

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა

15 ივნისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდა. სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ღია მმართველობის საბჭოს დებულება. სხდომას, უმაღლესო საბჭოს წევრებთან ერთად, ესწრებოდნენ სამოქალაქო სექტორის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმოამდგენლები.

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ზრდას. ღია მმართველობის პრინციპების დანერგვა ხელს შეუწყობს უმაღლესი საბჭოს ღიაობის გაძლიერებას, გაზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს მხარდამჭერია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტი „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების ხელშეწყობის მიზნით.   

EITI-სა და OGP-ის ურთიერთკავშირის მნიშვნელობა საქართველოსთვის

ავტორი: გიორგი კლდიაშვილიინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი და OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი სამოქალაქო საზოგადოებიდან

*****

მიუხედავად იმისა, რომ მოპოვებითი მრეწველობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური სფეროა საქართველოსთვის, აღნიშნული სფერო მოკლებულია გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას. 2019 წლის OGP-ის გლობალური ანგარიში აჩვენებს, რომ გაუმჯობესებულ გამჭვირვალობას მივყავართ უკეთეს ეკონომიკურ შედეგებამდე, მათ შორის ზრდის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და საკრედიტო სარეიტინგო მაჩვენებლებს. გამჭვირვალობა ხელს უწყობს პოლიტიკურ სტაბილურობას, შეკრების თავისუფლებას, დამოუკიდებელ მედიას და მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაში, მათ შორის ჯანმრთელობის, განათლებისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.

OGP, რომელიც დაფუძნებულია დაინტერესებულ მხარეთა ინიციატივების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებზე, მიზნად ისახავს სახელმწიფოების მხრიდან ვალდებულებების აღების გზით გაზარდოს სამთავრობო გამჭვირვალობა, უფლებრივად გააძლიეროს მოქალაქეები, ებრძოლოს კორუფციას და ხელი შეუწყოს ახალ ტექნოლოგიებს უკეთესი მმართველობის დასანერგად. OGP მიესალმება სამთავრობო ინიციატივებს, რომელთა მიზანია გამჭვირვალობის გაზრდა ბუნებრივი რესურსების სფეროში, მათ შორის მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივის (EITI) მეშვეობით. EITI, რომელიც წარმოადგენს ნავთობის, გაზისა და მინერალური რესურსების მართვის მსოფლიო სტანდარტს, უზრუნველჰყოფს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას ქვეყნის ბუნებრივი რესურსების მართვაში. ეს არის ეფექტური მეთოდი, რომელიც მოითხოვს წევრი სახელმწიფოებისგან ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტის შესახებ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაციის დროულ გამოქვეყნებას.

როგორც OGP, ასევე, EITI, მიზნად ისახავენ გააუმჯობესონ მმართველობა და ხელი შეუწყონ მოქალაქეთა ნდობაზე და შესაძლებლობებზე დაფუძნებულ მონაწილეობას. OGP ხელს უწყობს წევრ სახელმწიფოებს, რომ შეუერთდნენ EITI-ის და ორივე პლატფორმას აღებული აქვს ვალდებულება, რომ გააღრმავონ თანამშრომლობა და იკისრონ ერთობლივი ვალდებულებები მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობისათვის. საერთო მიზნების არსებობის შემთხვევაში, სინერგია OGP-სა და EITI-ის შორის გაიზრდება. OGP-ისა და EITI-ის წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა OGP-ის სამოქმედო გეგმების შემუშავების შედეგად მიაღწიონ EITI-ს მიერ განსაზღვრულ მიზანს და მხარი დაუჭირონ EITI-ის პრინციპების განხორციელებას. OGP-ის წევრი სახელმწიფოებს, როგორიცაა გერმანია, უკრაინა, ინდონეზია, ლიბერია, სომხეთი, ფილიპინები და გაერთიანებული სამეფო, განხორციელებული აქვთ ასობით ვალდებულება ბუნებრივი რესურსების სფეროში, რომელსაც საინტერესო შედეგებამდე მივყავართ.

ფილიპინებმა სამოქალაქო საზოგადოების წევრებისთვის გააუმჯობესა წვდომა მოპოვებითი მრეწველობის მონაცემებზე და გახდა პირველი ქვეყანა, რომელმა მიაღწია დამაკმაყოფილებელ მაჩვენებელს EITI-ის სტანდარტის მიხედვით. ინდონეზიამ (რომელიც ასევე EITI-ის და OGP-ის წევრი სახელმწიფოა) განიცადა მოპოვებითი მრეწველობის სწრაფი ზრდა და აქვს EITI-ის პრინციპების შესაბამისი ვალდებულებები აღებული. ლიბერია ახორციელებს OGP-ის ვალდებულებებს ხელშეკრულებების ღიაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლიან მენეჯმენტს.

ფოტო ეკუთვნის: Extractive Industries Transparency Initiative (EITI)

სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები საქართველოში ადვოკატირებას უწევდნენ საქართველოს გაწევრებას EITI-ში OGP-ის ჩარჩოს მეშვეობით. 2013 წელს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)რეკომენდაცია გაუწია საქართველოს მთავრობას, რომ EITI-ში გაწევრება აეღო როგორც OGP-ის ვალდებულება. EITI-ის შეუძლია ითამაშოს გადამწვეტი როლი თითოეულ სახელმწიფოში ღია მმართველობის მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის EITI-ს წევრი სახელმწიფო, შეუძლია გამოიყენოს OGP-ის სამოქმედო გეგმები იმისათვის, რომ აღებული ვალდებულებებით უფრო გააძლიეროს გამჭვირვალობა მოპოვებით მრეწველობაში.

აღნიშნული შეიძლება მიზნად ისახავდეს შემდეგ საკითხებს:

– ხელშეკრულებების და შემოსავლის გამჭვირვალობა და ბენეფიციარი საკუთრების ღიაობა;

– თანამშრომლობა OGP-სა და EITI-ის შორის საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფცირებისა და გაზიარებისთვის ბენეფიციარი საკუთრების საჯაროობისა და სახელმწიფო საწარმოებში გამჭვირვალობის დანერგვისთვის;

– OGP-სა და EITI-სთან მიმართებაში სამოქალაქო საზოგადოების სხვა ჯგუფებთან ერთად წინასწარ განსაზღვრული საკითხების ადვოკატირება.

საქართველო არის ბუნებრივი რესურსების მხრივ მდიდარი სახელმწიფო და არის დამოკიდებული უცხოურ ინვესტიციებზე. თუ სახელმწიფოს უნდა უფრო მეტად იყოს ინვესტორებისათვის მიმზიდველი მოპოვებით მრეწველობაში, ის უნდა შეურთდეს EITI-ის. OGP-ის მეშვეობით, რეგიონის სახელმწიფოებმა, როგორიცაა უკრაინა და სომხეთი, გააძლიერეს საკუთარი ქმედებები მოპოვებით მრეწველობაში მათ შორის ბენეფიციარი საკუთრების შესახებ ინფორმაციის ღიაობის თვალსაზრისით. გაზრდილი გამჭვირვალობა ნიშნავს გაზრდილ ნდობას და უფრო მეტი რაოდენობით ინვესტიციას, რომელიც ეკონომიკური და ტექნოლოგიური თვალსაზრისით აძლიერებს სახელმწიფოს. EITI არის სპეციალისტების ქსელი მოპოვებით მრეწველობაში, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს ლიცენზირების პრაქტიკა, ტრანზაქციების აღრიცხვა და გადასახადების გადახდის სისტემა.

გარდა ნათელი ეკონომიკური ბენეფიტებისა, რაც თან ახლავს EITI-ში გაწევრებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს თუ რა პოტენციალია ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორში და როგორ შეიძლება სიმდიდრე გადანაწილდეს.

საქართველოს უკვე აქვს OGP-იდან გამომდინარე ინტერსექტორული თანამშრომლობების მაგალითები. ინსტიტუციონალური თანამშრომლობის მექანიზმები, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოებასა და ბიზნესს, და სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის, არ არის ახალი. შესაბამისად, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს EITI-ის წევრი სახელმწიფო და დაამტკიცოს, რომ ქვეყანა რჩება OGP-ის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კარგი მმართველობის პრინციპების ერთგული.

სტატია პირველად გამოქვეყნდა ვებგვერდზე: www.opengovpartnership.org

საქართველოს პარლამენტმა IDFI-ის რეკომენდაციით საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის ელექტრონული პლატფორმა შექმნა

15 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ინიციატივებზე ელექტრონული ხელმოწერების განხორციელების, პეტიციის წარდგენისა და მხარდაჭერის უნიკალური ელექტრონული გვერდის პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული იდეა, რომელიც ერთი პლატფორმის გამოყენებით იძლევა საკანონმდებლო საქმიანობაში მოქალაქეთა ელექტრონული მონაწილეობის მრავალმხრივ საშუალებას,  მომდინარეობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ინიცირებული ღია პარლამენტის 2015-2016 წლების (პირველი) სამოქმედო გეგმის 1.2. ვალდებულებიდან.

ვალდებულება ითვალისწინებდა საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო წინადადებისა და საკანონმდებლო ინიციატივის ელექტრონული სახით წარდგენის და მოქალაქეთა მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმის დანერგვას პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ვალდებულების განხორციელება გათვალისწინებული იყო ჯერ კიდევ 2015-2016 წლებში, აღნიშნული ვალდებულება ვერ განხორციელებულა და მოდიფიცირებული სახით გადავიდა ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმაში 1.1. (პეტიციის წარდგენის ელექტრონული სისტემის დანერგვა) და 1.3 ვალდებულებების (საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო წინადადებისა და საკანონმდებლო ინიციატივის ელექტრონული სახით წარდგენისა და მოქალაქეთა მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმის დანერგვა პარლამენტის ვებ-გვერდის მეშვეობით) სახით.

2018 წლის აპრილში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებს სამართლებრივი შესაძლებლობა მიეცათ პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით შეაგროვონ ელექტრონული ხელმოწერები კანონპროექტის მხარდაჭერის მიზნით ან სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე ელექტრონული პეტიციით მიმართონ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს.

ამავდროულად, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე განათავსონ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი და ელექტრონული გზით უზრუნველყონ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება. ხელმოწერების ელექტრონული გზით შეგროვების პროცესი არ გამორიცხავს წერილობითი გზითაც ხელმოწერების შეგროვებას, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ხელს შეუწყობს მოქალაქეების საპარლამენტოს საქმიანობაში ჩართულობის გაზრდას.

 

არანაკლებ 200 000 ამომრჩეველის ინიციატივა

საქართველოს პარლამენტში არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის მიზნით მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება შესაძლებელია როგორც სპეციალურად დადგენილი ფორმის ფურცლების შევსებით, ასევე ელექტრონულად.

საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე დეტალურად განმარტებულია ასეთი ინიციატივით პარლამენტისთვის მიმართვის პროცედურები. ამჟამად, პარლამენტის ვებ-გვერდზე რეგისტრირებულია ერთი კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელთან მიმართებაშიც უკვე დასრულებულია ხელმოწერების შეგროვების პროცესი.

 

არანაკლებ 25 000 ამომრჩეველის ინიციატივა

პარლამენტის ვებ-გვერდი ითვალისწინებს კანონის პროექტის წარდგენის მიზნით მხარდამჭერთა ხელმოწერების ელექტრონული გზით შეგროვების შესაძლებლობას. საერთაშორისო პრაქტიკა მიუთითებს, რომ ელექტრონული გზით ხელმოწერების შეგროვება კანონპროექტების მხარდაჭერის გამარტივებული და ხელმისაწვდომი ფორმაა.

ხელმოწერების ელექტრონულად შეგროვების მიზნით, წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტი განთავსდება აღნიშნულ ვებგვერდზე, სადაც ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს მხარი დაუჭიროს საქართველოს კანონის პროექტს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებით. ხელმოწერამდე ამომრჩეველი ვებგვერდის შესაბამის ველში ელექტრონულად აღნიშნავს ტელეფონის ნომერს, რის შემდეგაც ასრულებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას.

კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების ვადა არ არის დასრულებული. ამასთან, ამომრჩევლის მიერ ცალკეული კანონპროექტის მხარდაჭერა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.

პეტიცია

განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე პეტიციების ელექტრონული ფორმით წარდგენა, რადგან პროცესის სიმარტივე ხელს შეუწყობს მიმართვიანობის და საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ზრდას. პეტიცია არის არანაკლებ 300 პირის ელექტრონული ან წერილობითი მიმართვა, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე რომელიმე საკითხს.

ვებგვერდზე განთავსდება როგორც ელექტრონულად, აგრეთვე წერილობით საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი პეტიციის განაცხადები, გარდა წერილობით წარდგენილი იმ პეტიციისა, რომელიც წარდგენისას უკვე მხარდაჭერილია არანაკლებ 300 პირის მიერ. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს ვებგვერდზე განთავსებიდან 1 თვის განმავლობაში მხარი დაუჭიროს პეტიციის განაცხადს. ცალკეულ პეტიციის განაცხადზე მხარდაჭერა შესაძლებელია დაფიქსირდეს მხოლოდ ერთხელ, პირის სახელისა და გვარის მითითებით.

ელექტრონული პეტიციის წარდენა ხდება გამარტივებული მეთოდით, მხოლოდ მობილურის ნომრით ან ელ-ფოსტით ვერიფიკაციის საშუალებით.

რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის და კანონის პროექტის წარდგენის მიზნით მხარდამჭერთა ხელმოწერების ელექტრონული გზით შეგროვებას,  მათზე ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება ხდება კვალიფიციური ელექტრონულ ხელმოწერის მეშვეობით. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება შესაძლებელია პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით. ხელმოწერის შესასრულებლად აუცილებელია პირადობის ელექტრონული მოწმობის წამკითხველი მოწყობილობა, აგრეთვე ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამები და პირადობის ელექტრონული მოწმობის პინ კოდები.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის საპარლამენტო საქმიანობაში არ ფიქსირდება მოქალაქეების აქტიური ჩართულობა, მათ შორის პეტიციების წარდგენისა და მხარდაჭერის თვალსაზრისით, ახალი ელექტრონული შესაძლებლობა გაზრდის საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობას და დადებით გავლენას მოახდენს საპარლამენტო ღიაობაზე. მომდევნო წლებში აუცილებელია გაგრძელდეს მუშაობა პეტიციების გამოქვეყნებისა და განხილვის ფორმატის დახვეწასა და გამარტივებაზე.

2015 წლიდან, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში, საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო ღიაობის უზრუნველყოფის საკითხებში. IDFI, როგორც ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრი და თავმჯდომარე ორგანიზაცია ჩართულია ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმების (4 სამოქმედო გეგმა) როგორც შემუშავების, ასევე მათი განხორციელების პროცესში.