ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა

20479768_1507741055949666_2578013831387649745_n2017 წლის 2 აგვისტოს, თბილისში ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი „საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით“ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისთვის ახალი ვადების განსაზღვრა და დამტკიცება იყო.

ამასთან, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) წარმოადგინა „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების და „გაეროს განვითარების პროგრამის“ (UNDP) წარმომადგენლებთან თანამშრომლობით იქნა შემუშავებული.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები:

– ირინა ფრუიძე – ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე;

– ეკა ბესელია – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; და

– კახაბერ კუჭავა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები:

– გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP);

– ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);

– GIZ საქართველო;

– ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); და

– საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI).

საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ვადების შეცვლა განპირობებულია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მოთხოვნით, რათა მოხდეს საპარლამენტო ღიაობიდან გამომდინარე ვალდებულებების საქართველოს ეროვნულ გეგმაში ასახვა და შემდგომ პარლამენტის მიერ საქართველოს მთავორბის მიერ OGP-ის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ზედამხედველობა.

ირინა ფრუიძის განცხადებით, პარლამენტის საქართველოს ღია მმართველობის ნაწილად აღიარების მიზნით, აუცილებელია საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმისა და ქვეყნის ეროვნული გეგმის გაერთიანება. მისი თქმით, იმის გამო, რომ საპარლამენტო ღიაობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ვადები არ ემთხვევა ეროვნული გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადებს, აუცილებელია საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმის გაყოფა, რათა ვალდებულებების ნაწილი 2017 წელს, ხოლო ნაწილი 2018 წელს შესრულდეს.

ამასთან, შეხვედრაზე შეკრებილები შეთანხმდნენ, რომ 2018 წლის დასაწყისში მომზადდება საპარლამენტო ღიაობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაერთიანდება, როგორც 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული, ისე ახალი ვალდებულებები, რომელთა შემუშავებაზე საბჭო და მისი საკონსულტაციო ჯგუფი ერთობლივად იმუშავებენ.

2018 წელს შემდეგი ვალდებულებების შესრულება იგეგმება:

– პეტიციის წარდგენის ელექტრონული სისტემის პლატფორმის შექმნა და ტესტირება, აგრეთვე პლატფორმის ამოქმედება;

– პარლამენტის ვებგვერდზე საკანონმდებლო ინიციატივაზე ელექტრონულად ხელმოწერის მექანიზმის შექმნა;

– კანონშემოქმედებით პროცესში საჯარო კონსულტაციების ჩატარების წესისა და ფორმების მიღება;

– საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე მოქალაქეების მიერ დაფიქსირებულ კომენტარებზე უკუგების მექანიზმის პრაქტიკაში ამოქმედება;

– საქართველოს პარლამენტის მიერ შშმ პირებისთვის მომსახურების მიწოდების პილოტირება;

– შშმ პირებისთვის საქართველოს პარლამენტში ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლება;

– ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ (OGP) ცნობიერების ამაღლება;

– „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის“ განხილვა და დამტკიცება პარლამენტის მიერ;

– პარლამენტის ყოველწლიური სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება;

– კანონპრეოქტის პირველად ტექსტში განხილვის შედეგად შეტანილი ცვლილებების ხილვად ფორმატში ასახვა და ვებგვერდზე გამოქვეყნება;

– პარლამენტის თვითშეფასების ინსტრუმენტის შემუშავება და შესაბამისი ცვლილებების პარლამენტის რეგლამენტში შეტანა;

– პარლამენტის თვითშეფასების ინსტრუმენტის დანერგვა;

– 10 დეკემბრის ანგარიშების ელექტრონულად წარდგენისა და მონიტორინგის სისტემის კონცეფციის ტექნიკური დავალების შემუშავება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პარლამენტის ვებგვერდზე;

– პარლამენტის არსებული კენჭისყრის შედეგების ვებპორტალის დახვეწა;

– პარლამენტის ვებგვერდის განახლებული სტრუქტურის შემუშავება;

– პარლამენტის ახალი ვებგვერდის მაკეტის შექმნა;

– პარლამენტის ვებგვერდის მართვის ერთიანი სისტემის შემუშავება.

ამ ვალდებულებების შესრულების ახალი ვადები იხილეთ ბმულზე.

IDFI-ის მიერ წარმოდგენილი პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში შესატანი ცვლილებების პროექტი მიზნად ისახავს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ორი ვალდებულების შესრულებას: ვალდებულება 2.1 („პარლამენტის ვებ-გვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის გაფართოება“) და ვალდებულება 2.4 („საქართველოს პარლამენტის მიერ ანგარიშის მოსმენისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ასარჩევი პირების საკომიტეტო მოსმენების თაობაზე ინფორმაციის ვებგვერდზე დროულად განთავსება, შესაბამისი კომიტეტის სხდომის ვიდეო ოქმის მომზადება და გამოქვეყნება“). შეხვედრაზე შეკრებილებმა განიხილეს ბრძანებაში შესატანი ცვლილების პროექტი და შეთანხმდნენ, რომ იგი საქართველოს პარლამენტის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დაიხვეწება.
2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ასევე შექმნილია საქართველოს პარლამენტის წევრებისგან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ღია მმართველობის პარტნიორობის სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დარგობრივად მუშაობენ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაზე. მაგალითისთვის, როგორც ირინა ფრუიძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის ეთიკის კოდექსზე მომუშავე სამუშაო ჯგუფმა უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა და ჩამოაყალიბა ეთიკის კოდექსის საბოლოო ვერსია, რომლის წარდგენა პარლამენტისთვის მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება.

შეხვედრაზე შეკრებილებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან არსებულ საკონსულტაციო ჯგუფში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გაერთიანებას. საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივნის, ეკატერინე ფოფხაძის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად ჩაერთვება სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში და ხელს შეუწყობს საქართველოში საპარლამენტო ღიაობის და OGP-ის პრინციპების დამკვიდრებას.

ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ IDFI-ისთან თანამშრომლობით.

საქართველოს პარლამენტმა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

parliament_of_georgia2017 წლის 16 მაისს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს ღია პარლამენტის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა.

გეგმის მიზანია პარლამენტის საქმიანობის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაზრდა და საკანონმდებლო პროცესებში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა. სამოქმედო გეგმა ჯამში 25 ვალდებულებას მოიცავს, რომელთა განხორციელებას საქართველოს პარლამენტი 2017-2018 წლებში გეგმავს.

სამოქმედო გეგმის ვალდებულებები ერთობლივად შეიმუშავეს შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა:
– საქართველოს პარლამენტი

– ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYILA)

– საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TIG)

– გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

– ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)

– სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)

– GIZ საქართველო

– ჯამპსტარტ საქართველო

– USAID დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI).

 
გეგმაში შესული ყველა ვალდებულება ღია მმართველობის ფუძემდებლური პრინციპებიდან გამომდინარეობს. ეს პრინციპებია: 1. მოქალაქეთა ჩართულობა, 2. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, 3. პარლამენტის ანგარიშვალდებულება და საქმიანობის გამჭვირვალობა, და 4. ტექნოლოგიები და ინოვაციები. ამასთან, სამოქმედო გეგმაში გაერთიანებული ყველა ვალდებულება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებსაც (Sustainable Development Goals) პასუხობს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმ (IDFI) მოამზადა სპეციალური კვლევა, რომელშიც განხილულია ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაში შესული ვალდებულებების კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს სამოქმედო გეგმაში შესული შემდეგივალდებულებები:

ვალდებულება 1.1.პეტიციის წარდგენის ელექტრონული სისტემის დანერგვა – ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოქალაქეთა ჩართულობას და საკანონმდებლო ხელისუფლებისადმი საზოგადოებრივი ნდობის გაზრდას. პარლამენტი ასევე გეგმავს პეტიციების განხილვის წესისა და ფორმატის დახვეწას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

ვალდებულება 2.3.მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება პარლამენტის ვებგვერდზე – ვებგვერდ http://www.parliament.ge-ზე არ მოიპოვება სრული ინფორმაცია მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობის შესახებ, მაგალითად, ბიუროს მისამართი მათ საარჩევნო ოლქში. ვალდებულების მიზანია ინფორმაციის გასაჯაროება, რათა ამომრჩეველს გაუადვილდეს დეპუტატებთან დაკავშირება და მათთან შეხვედრის ორგანიზება.

ვალდებულება 2.5. – პარლამენტის კომიტეტების მიერ სამოქმედო გეგმების მომზადება და გასაჯაროება – ამ ვალდებულების განხორციელების შედეგად, პარლამენტის კომიტეტებს დაევალებათ ერთი ან ორ წლიანი სამოქმედო გეგმების მომზადება და გასაჯაროება ყოველი წლის/საგაზაფხულო სესიის დასაწყისში. ეს ყველა დაინტერესებულ მხარეს მისცემს შესაძლებლობას, დროულად იყოს ინფორმირებული დაგეგმილი საკანონმდებლო პროცესების შესახებ.

ვალდებულება 4.2.საჯარო ინფორმაციის ანგარიშების (ე.წ. „10 დეკემბრის ანგარიშების“) მონიტორინგის სისტემის შემუშავება – პარლამენტი საჯარო დაწესებულებებიდან იღებს ყოველწლიურ ანგარიშებს ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ, თუმცა კანონმდებლობა არ ადგენს ამ ანგარიშების განხილვის კონკრეტულ პროცედურას, რის გამოც ანგარიშების წარდგენას მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს. ვალდებულების ფარგლებში პარლამენტის რეგლამენტით განისაზღვრება საჯარო ინფორმაციის ანგარიშების განხილვის პროცედურა და რეაგირების ეფექტიანი მექანიზმები.

ვალდებულება 4.6. – მთავრობის მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ზედამხედველობა – დღესდღეობით, საქართველოს პარლამენტი არ ზედამხედველობს საქართველოს მთავრობის საქმიანობას ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში. ვალდებულება გულისხმობს პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერებას და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას OGP-ისთან დაკავშირებულ საკითხებში.

საქართველოს საპარლმანეტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრების და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგია. გეგმის შემუშავების პროცესში ასევე გაიმართა საჯარო კონსულტაციები და გამოკითხვები. მაგალითისთვის, 2017 წლის 19 აპრილს, IDF-მ), სოციალურ ქსელ Fაცებოოკ-ის მეშვეობით, ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შემუშავებულ ახალ რეკომენდაციებზე გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილე მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, მოენიშნათ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები ან/და კითხვარის ბოლოს დაეფიქსირებინათ მათი განსხვავებული მოსაზრება. გამოკითხვის შედეგების ნახვა ბმულზე გადასვლით არის შესაძლებელი.

საქართველოს ღია პარლამენტის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების სრული პროცესი (საჯარო კონსულტაციები, გამოკითხვები და სამუშაო შეხვედრები) მხარდაჭერილი იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ IDFI-ისთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტით – „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“.

2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით სულ სამი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა:

2017 წლის 18 იანვარს ჩატარებული შეხვედრა;

2017 წლის 14 მარტს ჩატარებული შეხვედრა;

2017 წლის 2 მაისს ჩატარებული შეხვედრა.

შეხვედრებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრები.

2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების მიზნით, უახლოეს მომავალში, საქართველოს პარლამენტის წევრებისგან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ღია მმართველობის პარტნიორობის სამუშაო ჯგუფების შექმნა იგეგმება.

საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში შემუშავებული რიგით მეორე გეგმაა. საქართველოს ღია პარლამენტის პირველი სამოქმედო გეგმა 2015 წლის 17 ივლის დამტკიცდა და 18 ვალდებულებას აერთიანებდა.

ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად საჯარო კონსულტაციები გრძელდება

13 აპრილს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მონაწილეობა მიიღო მარნეულში გამართულ ღია მმართველობის პარტნიორობის საჯარო კონსულტაციაში. შეხვედრაზე IDFI-ს წარმომადგენელმა თამარ ნადიბაიძემ მოქალაქეებს გააცნო IDFI-ს რეკომენდაციები ღია მმართველობის პარტნიორობის მესამე სამოქმედო გეგმისთვის (2016-2017).

 

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მარნეულში არსებულ პრობლემებზე და მოსაზრებები გამოთქვეს ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმაში გასათვალისწინებლად.

Continue reading

10 საუკეთესო მექანიზმი ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის ჩამოსაყალიბებლად

OGP Logo Geoღია მმართველობის პარტნიორობამ (Open Government Partnership – OGP) გამოაქვეყნა OGP-ის მხარდაჭერის დეპარტამენტის (OGP Support Unit) პროგრამების მენეჯერის ალონსო სერდან ვერასტეგის სტატია, სადაც გაწერილია 10 მთავარი კრიტერიუმი ეფექტიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის:

1. ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა;

2. დამოუკიდებელი შეფასების მექანიზმის ანგარიშები

3. გზამკვლევი “Government Point of Contact Manual”

4. სამუშაო ჯგუფები

5. გამოცდილების გაზიარება

Continue reading

IDFI-ს ღია წერილი საქართველოს პრემიერ მინისტრს

29 მარტი, 2016
საქართველოს პრემიერ მინისტრს
ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

ბატონო გიორგი,
უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს მთავრობა და პირადად თქვენ იჩენთ ღია მმართველობის, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის საკითხების განვითარებისადმი.
ჩვენ ვხედავთ, რომ ღია მმართველობა და ეფექტური საჯარო ადმინისტრირება ნამდვილად წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს. ეს აღიარებულია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო დონეზეც არაერთ მნიშვნელოვან ინდექსსა და რეიტინგში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით გასატარებელ რეფორმებს მეტი ძალისხმევა, პოლიტიკური ნება და აქტიური მხარდაჭერა სჭირდება.

Continue reading

OGP-ის 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება

1 მარტს, მსოფლიო ბანკის ჯგუფისა და OGP-ის მხარდაჭერის დეპარტამენტის ფინანსური თანადგომით, გაიმართა ვებ-კონფერენცია თემაზე ,,OGP-ის 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება“.

ვებ-კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ: აბინავ ბალი, OGP-ის მხარდაჭერის დეპარტამენტის პროგრამის მენეჯერი და შრეია ბასუ, OGP-ის რეგიონალური კოორდინატორი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. მათ განიხილეს ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების ფორმატი, პროცესი და შინაარსობრივი მხარე, რათა სახელმწიფოებმა სწორი დაგეგმარებით შეძლონ უფრო მაღალი ხარისხის სამოქმედო გეგმების შემუშავება.

Continue reading

საფრანგეთმა საპარლამენტო ღიაობის ეროვნული სამოქმედო გეგმა მიიღო

12005701_895319863876373_721966680_o„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში, 2015 წლის 9 ივლისს , საფრანგეთმა საპარლამენტო ღიაობასთან დაკავშირებით ეროვნული სამოქმედო გეგმა მიიღო, რომელიც საკანონმდებლო პროცესის გამჭირვალობის გაძლიერებასა და ეროვნული ასამბლეის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართვას ითვალისწინებს.

საპარლამენტო ღიაობასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულების – ეროვნული ასამბლეის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართვის ხელშეწყობის – შესრულებისათვის  დაგეგმილია ასამბლეის მონაცემთა ბაზის გაუმჯობესება და ღიაობის უზრუნველყოფა.  ასევე, მიმდინარეობს ეროვნული ასამბლეის ვებპორტალის ფუნქციონირების დახვეწა, თანამედროვე სტანდარტების საძიებო სისტემების შემუშავება და “Eliasse” აპლიკაციის შექმნა. ამ პროგრამის მეშვეობით მოქალაქეები გაეცნობიან ასამბლეის დღის წესრიგს, მიიღებებენ დეტალურ ინფორმაციას მიმდინარე კანონპროექტების შესახებ და შეეძლებათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება.   Continue reading