ინფორმაციის თავისუფლება ღია მმართველობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია და თამაშობს საკვანძო როლს იმ მთავრობებისთვის, რომლებიც მიიწევენ მეტი ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისაკენ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში. ინიციატივაში ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ჩართული ბევრი ორგანიზაცია მუშაობს ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე. ცოტა ხნის წინ ორმა საერთაშორისოდ აღიარებულმა ორგანიზაციამ, Access Info Europe და სამართლისა და დემოკრატიის ცენტრმა, გამოაქვეყნა ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის შემუშავებული რეკომენდაციების სამუშაო ვარიანტი. რეკომენდაციები ძირითადად ეხება იმ ღონისძიებებს, რომელთა განხორციელება გააუმჯობესებს ინფორმაციის მიღების უფლებას (right to information – RTI).
საქართველომ ახლახან მიიღო ახალი საკანონმდებლო აქტი, დადგენილება „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“, რომელიც ძალაში შევიდა 2013 წლის 1 სექტემბერს. მთავრობის ეს პროექტი შეარჩიეს, როგორც ერთ-ერთი იმ ინიციატივებიდან, რომლებიც წარდგენილ იქნენ გამორჩეულ მიღწევათა ჯილდოზე (Bright Spots Prize) OGP-ს სამიტზე ლონდონში. ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი პარტნიორობის მიზნების მისაღწევად. პროექტი შემუშავდა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში და მისივე რეკომენდაციების საფუძველზე, რაც კიდევ ერთი დადებითი მაგალითია პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება მნიშვნელოვანი წინსვლაა ინფორმაციის თავისუფლების სფეროში. Continue reading