EITI-სა და OGP-ის ურთიერთკავშირის მნიშვნელობა საქართველოსთვის

ავტორი: გიორგი კლდიაშვილიინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი და OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი სამოქალაქო საზოგადოებიდან

*****

მიუხედავად იმისა, რომ მოპოვებითი მრეწველობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური სფეროა საქართველოსთვის, აღნიშნული სფერო მოკლებულია გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას. 2019 წლის OGP-ის გლობალური ანგარიში აჩვენებს, რომ გაუმჯობესებულ გამჭვირვალობას მივყავართ უკეთეს ეკონომიკურ შედეგებამდე, მათ შორის ზრდის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და საკრედიტო სარეიტინგო მაჩვენებლებს. გამჭვირვალობა ხელს უწყობს პოლიტიკურ სტაბილურობას, შეკრების თავისუფლებას, დამოუკიდებელ მედიას და მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაში, მათ შორის ჯანმრთელობის, განათლებისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.

OGP, რომელიც დაფუძნებულია დაინტერესებულ მხარეთა ინიციატივების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებზე, მიზნად ისახავს სახელმწიფოების მხრიდან ვალდებულებების აღების გზით გაზარდოს სამთავრობო გამჭვირვალობა, უფლებრივად გააძლიეროს მოქალაქეები, ებრძოლოს კორუფციას და ხელი შეუწყოს ახალ ტექნოლოგიებს უკეთესი მმართველობის დასანერგად. OGP მიესალმება სამთავრობო ინიციატივებს, რომელთა მიზანია გამჭვირვალობის გაზრდა ბუნებრივი რესურსების სფეროში, მათ შორის მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივის (EITI) მეშვეობით. EITI, რომელიც წარმოადგენს ნავთობის, გაზისა და მინერალური რესურსების მართვის მსოფლიო სტანდარტს, უზრუნველჰყოფს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას ქვეყნის ბუნებრივი რესურსების მართვაში. ეს არის ეფექტური მეთოდი, რომელიც მოითხოვს წევრი სახელმწიფოებისგან ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტის შესახებ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაციის დროულ გამოქვეყნებას.

როგორც OGP, ასევე, EITI, მიზნად ისახავენ გააუმჯობესონ მმართველობა და ხელი შეუწყონ მოქალაქეთა ნდობაზე და შესაძლებლობებზე დაფუძნებულ მონაწილეობას. OGP ხელს უწყობს წევრ სახელმწიფოებს, რომ შეუერთდნენ EITI-ის და ორივე პლატფორმას აღებული აქვს ვალდებულება, რომ გააღრმავონ თანამშრომლობა და იკისრონ ერთობლივი ვალდებულებები მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობისათვის. საერთო მიზნების არსებობის შემთხვევაში, სინერგია OGP-სა და EITI-ის შორის გაიზრდება. OGP-ისა და EITI-ის წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა OGP-ის სამოქმედო გეგმების შემუშავების შედეგად მიაღწიონ EITI-ს მიერ განსაზღვრულ მიზანს და მხარი დაუჭირონ EITI-ის პრინციპების განხორციელებას. OGP-ის წევრი სახელმწიფოებს, როგორიცაა გერმანია, უკრაინა, ინდონეზია, ლიბერია, სომხეთი, ფილიპინები და გაერთიანებული სამეფო, განხორციელებული აქვთ ასობით ვალდებულება ბუნებრივი რესურსების სფეროში, რომელსაც საინტერესო შედეგებამდე მივყავართ.

ფილიპინებმა სამოქალაქო საზოგადოების წევრებისთვის გააუმჯობესა წვდომა მოპოვებითი მრეწველობის მონაცემებზე და გახდა პირველი ქვეყანა, რომელმა მიაღწია დამაკმაყოფილებელ მაჩვენებელს EITI-ის სტანდარტის მიხედვით. ინდონეზიამ (რომელიც ასევე EITI-ის და OGP-ის წევრი სახელმწიფოა) განიცადა მოპოვებითი მრეწველობის სწრაფი ზრდა და აქვს EITI-ის პრინციპების შესაბამისი ვალდებულებები აღებული. ლიბერია ახორციელებს OGP-ის ვალდებულებებს ხელშეკრულებების ღიაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლიან მენეჯმენტს.

ფოტო ეკუთვნის: Extractive Industries Transparency Initiative (EITI)

სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები საქართველოში ადვოკატირებას უწევდნენ საქართველოს გაწევრებას EITI-ში OGP-ის ჩარჩოს მეშვეობით. 2013 წელს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)რეკომენდაცია გაუწია საქართველოს მთავრობას, რომ EITI-ში გაწევრება აეღო როგორც OGP-ის ვალდებულება. EITI-ის შეუძლია ითამაშოს გადამწვეტი როლი თითოეულ სახელმწიფოში ღია მმართველობის მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის EITI-ს წევრი სახელმწიფო, შეუძლია გამოიყენოს OGP-ის სამოქმედო გეგმები იმისათვის, რომ აღებული ვალდებულებებით უფრო გააძლიეროს გამჭვირვალობა მოპოვებით მრეწველობაში.

აღნიშნული შეიძლება მიზნად ისახავდეს შემდეგ საკითხებს:

– ხელშეკრულებების და შემოსავლის გამჭვირვალობა და ბენეფიციარი საკუთრების ღიაობა;

– თანამშრომლობა OGP-სა და EITI-ის შორის საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფცირებისა და გაზიარებისთვის ბენეფიციარი საკუთრების საჯაროობისა და სახელმწიფო საწარმოებში გამჭვირვალობის დანერგვისთვის;

– OGP-სა და EITI-სთან მიმართებაში სამოქალაქო საზოგადოების სხვა ჯგუფებთან ერთად წინასწარ განსაზღვრული საკითხების ადვოკატირება.

საქართველო არის ბუნებრივი რესურსების მხრივ მდიდარი სახელმწიფო და არის დამოკიდებული უცხოურ ინვესტიციებზე. თუ სახელმწიფოს უნდა უფრო მეტად იყოს ინვესტორებისათვის მიმზიდველი მოპოვებით მრეწველობაში, ის უნდა შეურთდეს EITI-ის. OGP-ის მეშვეობით, რეგიონის სახელმწიფოებმა, როგორიცაა უკრაინა და სომხეთი, გააძლიერეს საკუთარი ქმედებები მოპოვებით მრეწველობაში მათ შორის ბენეფიციარი საკუთრების შესახებ ინფორმაციის ღიაობის თვალსაზრისით. გაზრდილი გამჭვირვალობა ნიშნავს გაზრდილ ნდობას და უფრო მეტი რაოდენობით ინვესტიციას, რომელიც ეკონომიკური და ტექნოლოგიური თვალსაზრისით აძლიერებს სახელმწიფოს. EITI არის სპეციალისტების ქსელი მოპოვებით მრეწველობაში, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს ლიცენზირების პრაქტიკა, ტრანზაქციების აღრიცხვა და გადასახადების გადახდის სისტემა.

გარდა ნათელი ეკონომიკური ბენეფიტებისა, რაც თან ახლავს EITI-ში გაწევრებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს თუ რა პოტენციალია ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორში და როგორ შეიძლება სიმდიდრე გადანაწილდეს.

საქართველოს უკვე აქვს OGP-იდან გამომდინარე ინტერსექტორული თანამშრომლობების მაგალითები. ინსტიტუციონალური თანამშრომლობის მექანიზმები, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოებასა და ბიზნესს, და სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის, არ არის ახალი. შესაბამისად, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს EITI-ის წევრი სახელმწიფო და დაამტკიცოს, რომ ქვეყანა რჩება OGP-ის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კარგი მმართველობის პრინციპების ერთგული.

სტატია პირველად გამოქვეყნდა ვებგვერდზე: www.opengovpartnership.org

საქართველოს პარლამენტმა IDFI-ის რეკომენდაციით საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის ელექტრონული პლატფორმა შექმნა

15 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ინიციატივებზე ელექტრონული ხელმოწერების განხორციელების, პეტიციის წარდგენისა და მხარდაჭერის უნიკალური ელექტრონული გვერდის პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული იდეა, რომელიც ერთი პლატფორმის გამოყენებით იძლევა საკანონმდებლო საქმიანობაში მოქალაქეთა ელექტრონული მონაწილეობის მრავალმხრივ საშუალებას,  მომდინარეობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ინიცირებული ღია პარლამენტის 2015-2016 წლების (პირველი) სამოქმედო გეგმის 1.2. ვალდებულებიდან.

ვალდებულება ითვალისწინებდა საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო წინადადებისა და საკანონმდებლო ინიციატივის ელექტრონული სახით წარდგენის და მოქალაქეთა მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმის დანერგვას პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ვალდებულების განხორციელება გათვალისწინებული იყო ჯერ კიდევ 2015-2016 წლებში, აღნიშნული ვალდებულება ვერ განხორციელებულა და მოდიფიცირებული სახით გადავიდა ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმაში 1.1. (პეტიციის წარდგენის ელექტრონული სისტემის დანერგვა) და 1.3 ვალდებულებების (საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო წინადადებისა და საკანონმდებლო ინიციატივის ელექტრონული სახით წარდგენისა და მოქალაქეთა მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმის დანერგვა პარლამენტის ვებ-გვერდის მეშვეობით) სახით.

2018 წლის აპრილში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებს სამართლებრივი შესაძლებლობა მიეცათ პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით შეაგროვონ ელექტრონული ხელმოწერები კანონპროექტის მხარდაჭერის მიზნით ან სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე ელექტრონული პეტიციით მიმართონ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს.

ამავდროულად, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე განათავსონ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი და ელექტრონული გზით უზრუნველყონ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება. ხელმოწერების ელექტრონული გზით შეგროვების პროცესი არ გამორიცხავს წერილობითი გზითაც ხელმოწერების შეგროვებას, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ხელს შეუწყობს მოქალაქეების საპარლამენტოს საქმიანობაში ჩართულობის გაზრდას.

 

არანაკლებ 200 000 ამომრჩეველის ინიციატივა

საქართველოს პარლამენტში არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის მიზნით მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება შესაძლებელია როგორც სპეციალურად დადგენილი ფორმის ფურცლების შევსებით, ასევე ელექტრონულად.

საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე დეტალურად განმარტებულია ასეთი ინიციატივით პარლამენტისთვის მიმართვის პროცედურები. ამჟამად, პარლამენტის ვებ-გვერდზე რეგისტრირებულია ერთი კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელთან მიმართებაშიც უკვე დასრულებულია ხელმოწერების შეგროვების პროცესი.

 

არანაკლებ 25 000 ამომრჩეველის ინიციატივა

პარლამენტის ვებ-გვერდი ითვალისწინებს კანონის პროექტის წარდგენის მიზნით მხარდამჭერთა ხელმოწერების ელექტრონული გზით შეგროვების შესაძლებლობას. საერთაშორისო პრაქტიკა მიუთითებს, რომ ელექტრონული გზით ხელმოწერების შეგროვება კანონპროექტების მხარდაჭერის გამარტივებული და ხელმისაწვდომი ფორმაა.

ხელმოწერების ელექტრონულად შეგროვების მიზნით, წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტი განთავსდება აღნიშნულ ვებგვერდზე, სადაც ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს მხარი დაუჭიროს საქართველოს კანონის პროექტს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებით. ხელმოწერამდე ამომრჩეველი ვებგვერდის შესაბამის ველში ელექტრონულად აღნიშნავს ტელეფონის ნომერს, რის შემდეგაც ასრულებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას.

კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების ვადა არ არის დასრულებული. ამასთან, ამომრჩევლის მიერ ცალკეული კანონპროექტის მხარდაჭერა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.

პეტიცია

განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე პეტიციების ელექტრონული ფორმით წარდგენა, რადგან პროცესის სიმარტივე ხელს შეუწყობს მიმართვიანობის და საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ზრდას. პეტიცია არის არანაკლებ 300 პირის ელექტრონული ან წერილობითი მიმართვა, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე რომელიმე საკითხს.

ვებგვერდზე განთავსდება როგორც ელექტრონულად, აგრეთვე წერილობით საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი პეტიციის განაცხადები, გარდა წერილობით წარდგენილი იმ პეტიციისა, რომელიც წარდგენისას უკვე მხარდაჭერილია არანაკლებ 300 პირის მიერ. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს ვებგვერდზე განთავსებიდან 1 თვის განმავლობაში მხარი დაუჭიროს პეტიციის განაცხადს. ცალკეულ პეტიციის განაცხადზე მხარდაჭერა შესაძლებელია დაფიქსირდეს მხოლოდ ერთხელ, პირის სახელისა და გვარის მითითებით.

ელექტრონული პეტიციის წარდენა ხდება გამარტივებული მეთოდით, მხოლოდ მობილურის ნომრით ან ელ-ფოსტით ვერიფიკაციის საშუალებით.

რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის და კანონის პროექტის წარდგენის მიზნით მხარდამჭერთა ხელმოწერების ელექტრონული გზით შეგროვებას,  მათზე ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება ხდება კვალიფიციური ელექტრონულ ხელმოწერის მეშვეობით. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება შესაძლებელია პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით. ხელმოწერის შესასრულებლად აუცილებელია პირადობის ელექტრონული მოწმობის წამკითხველი მოწყობილობა, აგრეთვე ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამები და პირადობის ელექტრონული მოწმობის პინ კოდები.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის საპარლამენტო საქმიანობაში არ ფიქსირდება მოქალაქეების აქტიური ჩართულობა, მათ შორის პეტიციების წარდგენისა და მხარდაჭერის თვალსაზრისით, ახალი ელექტრონული შესაძლებლობა გაზრდის საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობას და დადებით გავლენას მოახდენს საპარლამენტო ღიაობაზე. მომდევნო წლებში აუცილებელია გაგრძელდეს მუშაობა პეტიციების გამოქვეყნებისა და განხილვის ფორმატის დახვეწასა და გამარტივებაზე.

2015 წლიდან, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში, საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო ღიაობის უზრუნველყოფის საკითხებში. IDFI, როგორც ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრი და თავმჯდომარე ორგანიზაცია ჩართულია ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმების (4 სამოქმედო გეგმა) როგორც შემუშავების, ასევე მათი განხორციელების პროცესში.

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფში ზეპირი მოსმენა გაიმართა

დღეს, საქართველოს პარლამენტში გაიმართა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფის ზეპირი მოსმენა საკითხზე: სახელმწიფო უწყებებში არსებული მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტები და პრაქტიკები.

მოსმენაზე სამოქალაქო საზოგადოების 5 წარმომადგენელს (რომლებმაც თემატური მოკვლევის ფარგლებში წარმოადგინეს საკუთარი წერილობითი დასაბუთებული პოზიციები) საშუალება ჰქონდა პირადად მიემართა თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებისათვის და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ესაუბრათ კანონშემოქმედებით პროცესში ჩართულობის მხრივ არსებულ პრაქტიკასა და გამოწვევებზე.

მომხსენებლებს შორის იყვნენ: გაეროს განვითარების პროგრამის (ნინო ღონღაძე), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (ეკატერინე დანელია), მწვანე ალტერნატივას (ნინო გუჯარაიძე), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (ლიკა საჯაია) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (თამარ იაკობიძე) წარმომადგენლები.

ღია პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარის ირინა ფრუიძის აზრით, „ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ერთად გავარკვიოთ რა ინსტრუმენტები და პრაქტიკები არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტებში მოქალაქეთა ჩართულობისთვის, რა ნაკლოვანებებია ამ მიმართულებით და რა არის ძირითადი გამოწვევები. ამის შემდეგ უკვე შევჯერდებით ძირითად რეკომენდაციებზე იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს და ინსტიტუციონალიზაცია მოხდეს მოქალაქეთა ჩართულობის.  ეს არ უნდა იყოს ფრაგმენტული, ფორმალური პროცესი და შესაბამისად/რეალურად მოქალაქეებსაც ინტერესი გაუჩნდეთ, რომ მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღებაში, ჩაერთონ პოლიტიკის და კანონპროექტების შემუშავების პროცესში.“

„IDFI უკვე წლებია მუშაობს მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით. საქართველოში არ არსებობს ერთიანი სტანდარტი, რომელიც დაარეგულირებდა პოლიტიკის შემუშავების პროცესში ფართო საზოგადოების ჩართულობის მექანიზმებს. სწორედ ამიტომ პრაქტიკაში ჩართულობა მხოლოდ ფრაგმენტულად და კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ხორციელდება. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთვის მოცემული საკითხი პრინციპული და ძალზედ მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ საშუალება მოგვეცა მოცემულ პროცესში დახმარება გავუწიოთ საქართველოს პარლამენტს. ვიმედოვნებთ, რომ თემატური მოკვლევის შედეგად ბიძგი მიეცემა მოქალაქეთა ჩართულობის ერთიანი დოკუმენტის (კანონი ან კანონქვემდებარე აქტი) მიღებას, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით დაარეგულირებს პოლიტიკის შემუშავების ადრეული ეტაპიდანვე მასში მოქალაქეთა ჩართულობის დეტალებს.“ – აღნიშნა IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ სახელმწიფო უწყებებში მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტებისა და პრაქტიკის შესახებ თემატური მოკვლევა გაზაფხულზე დაიწყო. პირველ ეტაპზე შეგროვდა სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტების წერილობითი დასაბუთებული მოსაზრებები. სწორედ აღნიშნულის შემდგომ ეტაპს წარმოადგენდა მათი მოსაზრებების ზეპირი მოსმენა.
თემატური მოკვლევის შემდგომ ეტაპზე სამუშაო ჯგუფი ზეპირ მოსმენებს გამართავს სამინისტროთა წარმომადგენლებთან. მოსმენების დასრულების შემდეგ, საბჭო შეიმუშავებს ანგარიშსა და რეკომენდაციებს, პოლიტიკის შემუშავების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

თემატური მოკვლევის მხარდამჭერია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.

ღია მმართველობის პარტნიორობა – გასაღები მდგრადი განვითარების მიზნების შენელებული პროგრესის საპასუხოდ

ავტორი: გიორგი კლდიაშვილიინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი და OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი სამოქალაქო საზოგადოებიდან

***************

გაეროს 2030 წლის დღის წესრიგი მოიცავს ამბიციურ მიზნებს, რომელთა მიღწევაც განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს, როგორც საქართველოში ისე გლობალური მასშტაბით. მიმდინარე წლის ივლისში გამართულმა მაღალი დონის პოლიტიკურმა ფორუმმა (HLPF) აჩვენა, რომ პროგრესი მიზნების იმპლემენტაციის მიმართულებით შენელებულია. მსგავსია, მდგომარეობა საქართველოშიც. მდგრადი განვითარების მიზნების 2019 წლის ანგარიში ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია მეტად სიღრმისეული, უფრო სწრაფი და ამბიციური ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მისაღწევად.

მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა შეუძლებელია მხოლოდ ხელისუფლების ძალისხმევით. აუცილებელია პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის აქტიურად ჩართვა და პასუხისმგებლობათა გადანაწილება.

სახელმწიფოსა და ფართო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის კონცეფცია წარმოადგენს ღია მმართველობის საერთაშორისო ინიციატივის (OGP) ძირითად ფუნდამენტს. პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების მთავრობები იღებენ ვალდებულებას, მოქალაქეებისათვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი და ჩართონ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ღია მმართველობის საერთაშორისო ინიციატივის ეფექტურად გამოყენებამ შესაძლებელია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციაში გლობალური მასშტაბით.

სწორედ აღნიშნული მოსაზრების ერთგვარ დეკლარირებას წარმოადგენდა 2015 წლის დეკემბერში, ნიუ იორკში, ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრების მიერ ღია მმართველობის ერთობლივი დეკლარაციის მიღება 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ. მიმდინარე წლის 28 თებერვალს კი, გაერთიანებული ერების განვითარების სააგენტოსა (UNDP) და ღია მმართველობის პარტნიორობას შორის ხელი მოწერა მემორანდუმს, რომლის თანახმადაც ისინი მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან რათა უზრუნველყონ ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმების ჩამოყალიბება ისეთ მექანიზმებად, რომლებიც ბიძგს მისცემენ ქვეყანაში რეფორმების განხორცილებას და პირდაპირ შეუწყობენ ხელს მდგრადი განვითარების მიზნების განხორცილებას.

საქართველოს შემთხვევა წარმოდგენს ნათელ მაგალითს იმისა, თუ როგორ უწყობს ხელს ღია მმართველობის პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციას. საქართველოს ღია მმართველობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში ქვეყანამ აიღო ვალდებულება უზრუნველყოს საზოგადოების მიერ მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგის ეფექტური მექანიზმის შექმნა.

აღნიშნული ითვალისწინებს ახალი ელექტრონული სისტემას (SDG Tracker), შემუშავებას და დანერგვას, რომლის მიზანი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგის ეფექტიანად და გამჭვირვალედ განხორციელება იქნება. აღნიშნული სისტემის საშუალებით ნებისმიერი დაინტერესებული მხარე შეძლებს ონლაინ რეჟიმში მოიძიოს ინფორმაცია კონკრეტული მიზნების შესაბამისად მიღწეული პროგრესის შესახებ. მოცემული ვალდებულების შემსრულებლად საჯარო და დონორ უწყებებთან ერთად განისაზღვრა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).

მოცმული ვალდებულების შესრულების მიზნით IDFI-სა და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის შედეგად [1] შეიქმნა ელექტრონული მონიტორინგის სისტემის ე.წ. SDG Tracker-ის ვებ-გვერდის კონცეფცია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესის შესახებ სრული ინფორმაციის ერთ ონლაინ სივრცეში თავმოყრა. მოცემული დროისთვის სისტემა ამოქმედებულია და მიმდინარეობს მასში შესაბამისი მონაცემების ატვირთვა. ვებ-გვერდი სრული დატვირთვით მიმდინარე წლის ბოლომდე ამუშავდება.

დღეს როდესაც მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის პროცესი გლობალური მასშტაბით არის შენელებული, მნიშვნელოვანია სრულად იქნეს გააზრებული უკვე არსებული ისეთი პლატფორმების მნიშვნელობა, როგორიც არის ღია მმართველობის ინიციატივა. ქვეყნებმა უფრო აქტიურად უნდა დაიწყონ მდგრადი განვითარების მიზნების კონკრეტული გამოწვევების ასახვა ღია მმართველობის პარტნიორობის ეროვნულ სამოქმედო გეგმებში. მეორეს მხრივ კი ეროვნულმა ხელისუფლებებმა სრულად უნდა გაიაზრონ სამოქალაქო საზოგადოების როლი მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის საქმეში და ღია მმართველობის პარტნიორობის მაგალითის გაზიარებით, უზრუნველყონ მჭიდრო თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან.

[1] https://idfi.ge/ge/facilitate_landing_of_2030_agenda_for_sustainable_development_at_national_level

https://idfi.ge/ge/supporting_the_implementation_of_sustainable_development_goals_in_georgia.

IDFI-მ სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციას უმასპინძლა

2019 წლის 18 სექტემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სიერა-ლეონეს რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა.

დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ: სიერა-ლეონის პარლამენტის თავმჯდომარის მდივანი მოადგილე პარან უმარ ტარავალი; არასამთავრობო ორგანიზაცია „კარგი მმართველობის კამპანიის“ აღმასრულებელი დირექტორი მარსელლა სამბა-სესაი; და ვესტმინსტერის ფონდის პროგრამის კოორდინატორი ალუსინე დიამონდ სუმა. შეხვედრას საქართველოში საპარლამენტო ღიაობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც (საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი) ესწრებოდნენ.

ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა სტუმრებს საპარლამენტო ღიაობის მიმართულებით მიმდინარე პროცესების შესახებ ესაუბრნენ. სადისკუსიო საკითხები ასევე მოიცავდა, რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია არასამთავრობო სექტორს ხელი შეუწყოს პარლამენტის ჩართულობა ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესებში.

IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის წევრი გიორგი კლდიაშვილი: “დელეგაციის წევრებს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის (რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებით არის დაკომპლექტებული) ფუნქცია-მოვალეობების შესახებ. თუ როგორ მუშაობს 16 ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან შემდგარი ჯგუფი საბჭოს/პარლამენტის წევრებთან. ამ მუშაობის შედეგი არის ის საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმა და მასში მოცემული ინოვაციური ვალდებულებები, რომელთა უმრავლესობაც ჩვენი ჩართულობით/თანამშრომლობით იქნა მიღებული და ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ.“

საბჭოსთან არსებულ საკონსულტაციო ჯგუფში შემავალი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც ესწრებოდნენ შეხვედრას, ასევე ისაუბრეს საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმის იმ ვალდებულებების შესახებ, რომელთა ინიციატორებიც არიან მათი ორგანიზაციები.

სტუმრებთან საუბრისას, გიორგი კლდიაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა სამოქმედო გეგმების შემუშავების დროს საზოგადოების ჩართულობის როლსა და მნიშვნელობას, რომლის მიმართულებითაც საქართველოს პარლამენტმა IDFI-ის სამოქალაქო საზოგადოების დახმარებით არაერთი საჯარო შეხვედრა თუ დისკუსია გამართა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

სიერა-ლეონეს საპარლამენტო დელეგაცია ვესტმინსტერის ფონდის პროექტის ფარგლებში იმყოფება საქართველოში.

პარლამენტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის სტატისტიკის ანალიზი: 2016-2018

საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს კონსტიტუციაში 2017 წლის 13 ოქტომბერს შეტანილი ცვლილებების თანახმად, საქართველო სრულად გადავიდა მართვის საპარლამენტო მოდელზე, რამაც პარლამენტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტი ჩართულია ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივაში, რომლის ფარგლებშიც აღებული აქვს ვალდებულება საპარლამენტო საქმიანობა გახადოს უფრო ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული. სწორედ ღია პარლამენტის ფარგლებში შემუშავდა მოქალაქეთა ჩართულობის ახალი მექანიზმები, რომლებიც ახლა ინერგება პარლამენტის მიერ.

ახალი მექანიზმების დანერგვის პროცესში მნიშვნელოვანია გამოკვლეული იყოს საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის კუთხით არსებული გამოწვევები და დადგინდეს მათი გაუმჯობესების გზები. სამომავლოდ, მსგავსი კვლევების ჩატარება და სტატისტიკის რეგულარული წარმოება დაეხმარება საქართველოს პარლამენტს, დინამიკაში დააკვირდეს არსებული მექანიზმების გამოყენების პრაქტიკას, აკონტროლოს მათი ეფექტიანობა და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, გააუმჯობესოს ისინი.

სწორედ ამ მიზნით, პარლამენტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია და მომზადდა ანალიზი საქართველოს პარლამენტში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ. მონაცემების დამუშავების შედეგად გამოიკვეთა მოქალაქეთა ჩართულობის სტატისტიკა პარლამენტის საქმიანობის ყველა ეტაპზე. ასევე, შესაძლებელი გახდა გარკვეული პრობლემების იდენტიფიცირება, რომელთა გადაწყვეტის შემთხვევაში, სტატისტიკური მონაცემების სამომავლოდ დამუშავება და შესაბამისი შედარებითი ანალიზი მეტად გამარტივდება.

საქართველოს პარლამენტის მიერ მოწოდებული, პარლამენტის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძირითად პრობლემას კომიტეტების მიერ ინფორმაციის აღრიცხვის ერთიანი სისტემის არარსებობა წარმოადგენს. ყველა კომიტეტი სხვადასხვა სახის ინფორმაციას აღრიცხავს განსხვავებული ფორმით, რაც შეუძლებელს ხდის მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით ერთიანი სტატისტიკის არსებობას.

პარლამენტში შესული განცხადებების და ასევე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა რაოდენობა ადასტურებს მოქალაქეთა ინტერეს პარლამენტის საქმიანობისადმი. 2016-2018 წლებში პარლამენტის ვებგვერდისა და სოციალური ქსელების მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის დინამიკაც ხაზს უსვამს ამ მიგნებას. თუმცა, მიუხედავად მოქალაქეთა ინტერესისა პარლამენტში მიმდინარე პროცესების მიმართ, ისინი თითქმის არ სარგებლობენ პეტიციის წარდგენისა და პლენარულ სხდომებზე დასწრების უფლებით. ასევე მცირეა კანონპროექტებზე მოქალაქეთა მიერ კომენტარების გაკეთებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონულ მოთხოვნათა რაოდენობა.

პრობლემურად შეიძლება ასევე შეფასდეს, მოქალაქეების მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებების პარლამენტის მიერ ინიცირებისა და მათზე დადებითი დასკვნების გაცემის პრაქტიკა. კერძოდ, საქართველოს პარლამენტში 2016 წლიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით ჯამში წარდგენილი 212 საკანონმდებლო წინადადების უმეტესობამ უარყოფითი შეფასება მიიღო, დადებითი დასკვნა მხოლოდ 10-ზე გაიცა, მხოლოდ 5 დარეგისტრირდა კანონპროექტად. პრობლემურია ასევე, პარლამენტის კომიტეტების მიერ ისეთი საკონსულტაციო მექანიზმის გამოყენება, როგორიც არის სამუშაო ჯგუფები. 2016-2018 წლებში პარლამენტის 14 კომიტეტიდან სამუშაო ჯგუფები შექმნილი ქონდა მხოლოდ 6 კომიტეტს, რვა კომიტეტში არც ერთი სამუშაო ჯგუფი არ ფუნქციონირებდა.

არსებული მიგნებებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ რეკომენდირებულია:

– საკანონმდებლო საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის აღრიცხვის ერთიანი სისტემის შექმნის მიზნით კომიტეტის აპარატებისათვის შემუშავდეს სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელშიც გაწერილი იქნება რა სახის ინფორმაციის აღრიცხვა, დამუშავება და რა ფორმით შენახვაა სავალდებულო.

– პარლამენტის საქმიანობის მიმართ მოქალაქეთა ინტერესის ზრდის შესაბამისად, მნიშვნელოვანია განხორციელდეს სხვადასხვა სახის საინფორმაციო/საგანმანათლებლო ღონისძიებები იმ მოქმედი/ახალი მექანიზმების (ელექტრონული და/ან ფიზიკური) შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა უშუალო მონაწილეობის გაზრდას საპარლამენტო საქმიანობაში. ამავდროულად, მნივშენლოვანია ერთიანი, საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნა/განხორციელება. 

პარლამენტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის სტატისტიკის ანალიზი: 2016-2018

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს კომუნიკაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა: 2019-2020

pic_5IDFI-ის მიერ მომზადებული დოკუმენტი წარმოადგენს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სტრატეგიულ გეგმას და მოიცავს ორწლიან პერიოდს [2019-2020 წლები]. სტრატეგიის დოკუმენტი და მისი სამოქმედო გეგმადამტკიცებულია საბჭოს მიერ.

დოკუმენტების შექმნა ღია პარლამენტის მესამე სამოქმედო გეგმით აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომელმაც უნდა განსაზღვროს საბჭოს და პარლამენტის სხვა წევრების საზოგადოებასთან კომუნიკაცია 2019-2020 წლებში. სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელია საბჭო, საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის აქტიური თანამონაწილეობით.

კომუნიკაციის სტრატეგია საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის ინსტიტუციონალიზაციისა და სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი მექანიზმია. აქედან გამომდინარე, დოკუმენტი განსაზღვრავს საბჭოს საზოგადოებასთან კომუნიკაციის მისიას, ხედვასა და მთავარ პრინციპებს. დოკუმენტის მომზადებისას გაანალიზდა არსებული მდგომარეობა, ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას საბჭო საზოგადოებასთან კომუნიკაციის კუთხით და, შესაბამისად, მომზადდა რეკომენდაციები მათი გადაჭრის მიზნით.

სტრატეგია მოიცავს ამოცანებს, რომელთა საფუძველზეც საბჭო დეპარტამენტთან ერთად შეიმუშავებს და განახორციელებს საინფორმაციო და სხვა სახის ღონისძიებებს.

დოკუმენტში ასევე საუბარია საბჭოს ძირითად გზავნილებზე, რომლებიც ეყრდნობა მის ხედვას. სტრატეგიაში მოცემულია ის კომუნიკაციის საშუალებები, რომელთა გამოყენებაც საშუალებას მისცემს საბჭოს დაამყაროს ეფექტური კომუნიკაცია სამიზნე შიდა და გარე აუდიტორიასთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან.

სტრატეგიას დანართის სახით ერთვის ორწლიანი სამოქმედო გეგმა [2019-2020 წლები], რომელშიც შესაბამისი ამოცანების მიხედვით დეტალურად არის გაწერილი საბჭოს მიერ ორი წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებები.

გეგმაში მოცემული აქტივობების განხორციელება ხელს შეუწყობს:

1) OGP-ის, საბჭოს მისიის, საქმიანობის და შედეგების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას;

2) პარლამენტის და პარლამენტარიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა;

3) საპარლამენტო პროცესებში საზოგადოების მონაწილეობის და ჩართულობის ხელშეწყობას;

4) სამოქმედო გეგმის ფარგლებში მომზადებული ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების, ასევე მათი გამოყენების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, რათა გაიზარდოს პარლამენტის და საზოგადოებასთან ორმხრივი კომუნიკაცია;

5) OGP-ის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ღიაობის კუთხით მიმდინარე საქმიანობისა და მიღწევების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას.

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს კომუნიკაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა