საქართველოს პარლამენტმა საპარლამენტო ღიაობის რიგით მესამე სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაასრულა

საქართველოს პარლამენტმა 2018-2019 წლების საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შემუშავება დაასრულა. ვალდებულებები მოიცავს: პარლამენტის მიერ 2030 წლის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის შესრულების ხელშეწყობასა და მონიტორინგს, მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულებისა გაზრდას, საპარლამენტო დემოკრატის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მთავრობის საქმიანობის ღიაობასა და გამჭვირვალობაზე საპარლამენტო კონტროლის გაზრდას.

7 ივნისს, ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საბჭოსთან არსებულმა საკონსულტაციო ჯგუფმა რიგით მესამე სამოქმედო გეგმისათვის (2018-2019) შემუშავებული 7 ვალდებულება განიხილა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მხარდაჭერით.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ – ირინა ფრუიძემ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისმმართველობის სექტორის კოორდინატორმა – სოფი ჰუე გერიშმა, UNDP დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელმა – გიგი ბრეგაძემ და IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა – გიორგი კლდიაშვილმა.

„წინა სამოქმედო გეგმების მსგავსად, მესამე გეგმა პარლამენტის წევრების, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის შედეგად, ერთობლივად შემუშავდა. ახალი სამოქმედო გეგმა მოიცავს შვიდ ამბიციურ ვალდებულებას, რომელთაგან თითოეული კი აერთიანებს მრავალ ამოცანას, რომელთა განხორციელებაც საქართველოს პარლამენტმა მომდევნო 2 წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს. როგორც ყოველთვის, სამოქმედო გეგმის მთავარ მიზანს საქართველოს პარლამენტის ღიაობისა და მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა წარმოადგენს.“ – განაცხადა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მმართველობის სექტორის კოორდინატორმა სოფი ჰუე გერიშმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებასა და მოქალაქეების წინაშე ღიაობის ხელშეწყობაში.

„საჯარო პოლიტიკის და კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა ძალზედ მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. საკანონმდებლო პროცესების ღიაობა, პარლამენტის მიერ განხილულ კანონპროექტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომის გამარტივებით, ხელს უწყობს მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას პოლიტიკის შემუშავებაში და ასევე აძლევს მათ შესაძლებლობას გავლენა მოახდინონ საკანონმდებლო დღის წესრიგზე“ – განაცხადა სოფი ჰუე გერიშმა.

საპარლამენტო ღიაობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმისათვის შემოთავაზებული იდეები  შეგროვდა საქართველოს 7 ქალაქში – თელავი, რუსთავი, მარნეული, ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი, თბილისი – გამართული საჯარო კონსულტაციების დროს 2018 წლის მარტსა და აპრილში. ახალი სამოქმედო გეგმა ასევე მოიცავს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, კერძო სექტორისა და ახალგაზრდების მიერ (კონკურსი – „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის“) წარმოდგენილ ვალდებულებებს.

საჯარო კონსულტაციები ორგანიზებული იყო საქართველოს პარლამენტის მიერ, ევროკავშირის, UNDP-სა და IDFI-ს მხარდაჭერით.

ახალგაზრდების იდეები ღია პარლამენტისთის

ახალგაზრდული კონკურსის – „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. რუსუდან მგელაძე, კალენიკე ურიდია და შალვა დეკანოზიშვილი ის სამი ახალგაზრდაა, რომელთა იდეებიც პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საბჭომ ოფიციალურად მოიწონა და განიხილავს მესამე, 2018-2019 წლების ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.

რუსუდან მგელაძის და კალენიკე ურიდიას იდეები ონლაინ პლებისციტს ეხება და მათი მიზანია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით საზოგადოების ჩართულობის გაზრდა საკანონმდებლო საქმიანობაში.

„ძალიან ბევრი ვიფიქრე იმის შესახებ, თუ რა იქნებოდა მნიშვნელოვანი და რეალური შედეგის მომტანი ჩვენი საზოგადოებისთვის. რადგან ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ, გადავწყვიტე, რომ აქცენტი ამ მიმართულებით განვითარებაზე გამეკეთებინა. ჩემი იდეაა პარლამენტის ონლაინ აპლიკაციას დაემატოს კანონპროექტზე კომენტარების დატოვების, საზოგადოების გამოკითხვის და ხმის მიცემის ფუნქცია,“ – ამბობს კალენიკე ურიდია, რომელიც 31-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა.

„ზოგადად, პლებისციტი აპრობირებული მეთოდია მსოფლიოს მასშტაბით და ვფიქრობ, ეს უნიკალური შესაძლებლობაა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ უკეთ გაეცნოს და გამოხატოს საკუთარი აზრი მისაღებ კანონპროექტებთან დაკავშირებით,“ – ამბობს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის მე-2 კურსის სტუდენტი რუსუდან მგელაძე.

პარლამენტის ვებგვერდის მობილური აპლიკაციის დახვეწას ეხება კონკურსის მესამე გამარჯვებულის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტის შალვა დეკანოზიშვილის იდეა. მისი აზრით, „კარგი იქნება, რომ მობილურ აპლიკაცია – GეოPარლიამენტ-ს დაემატოს შეტყობინების დატოვების ფუნქცია და ასევე მასში მოცემული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდეს რამდენიმე ენაზე, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული უმცირესობების მოთხოვნილებათა გათვალისწინებით.“

„ასევე, ვფიქრობ კარგი იქნება, რომ აპლიკაციის მეშვეობით მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება დაუკავშირდეს თავის მაჟორიტარ დეპუტატს საკანონმდებლო ორგანოში, რისთვისაც საჭიროა აპლიკაციას ჰქონდეს ანგარიშის შექმნის ფუნქცია და მომხმარებელთა იურიდიული მისამართის მიხედვით დანაწილება.“ – ამბობს შალვა დეკანოზიშვილი.

„ღია მმართველობა გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, ის ითვალისწინებს საზოგადოების მაქსიმალურ მონაწილეობას ქვეყნის მმართველობის სისტემაში. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ახალგაზრდების, როგორც ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილის, ჩართულობა ღია მმართველობის განვითარების პროცესებში არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ამ კონკურსმა ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობა ეფიქრათ და გაეზიარებინათ მათი იდეები იმის შესახებ, თუ რა სჭირდება საქართველოს პარლამენტს იმისთვის, რომ გახდეს უფრო ღია საზოგადოებისთვის,“ – აღნიშნა IDFI-ის პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა.

ახალგაზრდებმა უკვე წარუდგინეს „ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსა“ და საბჭოსთან არსებულ საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს საკუთარი იდეები. ამას გარდა, იდეის ავტორებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ 17-19 ივლისს თბილისში გამართულ ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტს, რომელსაც 70 ქვეყნის 3000-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება.

ახალგაზრდული კონკურსი „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის“ ჩატარდა საქართველოს პარლამენტის მიერ, ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დახმარებით. მისი მიზანი იყო ღია პარლამენტის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმისთვის მათ მიერ მოფიქრებული და შერჩეული ვალდებულებების წარდგენა.

მოქალაქეთა ჩართულობა საპარლამენტო ღიაობაში: დასრულდა 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების საინფორმაციო კამპანია

2018 წლის მარტსა და აპრილში, საქართველოს 6 ქალაქში ჩატარდა საინფორმაციო კამპანია რომელიც ეხებოდა საპარლამენტო ღიაობასა და ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესრულებულ ვალდებულებებს. კამპანია ასევე ისახავდა მიზნად შემდეგი, მესამე სამოქმედო გეგმისთვის ახალი იდეები შეგროვებას.

საინფორმაციო კამპანია ჩატარდა საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მხარდაჭერით. კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ჩატარდა თელავში, რუსთავში, მარნეულში, ახალციხეში, ქუთაისსა და თბილისში. ღონისძიებას 300-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, რომელთა შორის იყვნენ: ახალგაზრდები, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, კერძო სექტორის და მედიის წარმომადგენლები.

შეხვედრებზე მთავარი მომხსენებლები იყვნენ: ირინა ფრუიძე, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე; გიორგი კლდიაშვილი და ლევან ავალიშვილი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიდან (IDFI); გუგული მაღრაძე, პარლამენტის წევრი; კახაბერ კუჭავა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე.

წინა წლების მსგავსად, ჩვენ ვქმნით ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმას, რომელშიც შედის ინოვაციური, მოქალაქეზე ორიენტირებული რეფორმების განხორციელებისკენ მიმართული ხელშესახები და გაზომვადი ვალდებულებები. ამ თვალსაზრისით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საინფორმაციო კამპანია უმნიშვნელოვანესი იყო, რათა შეგვეგროვებინა და გაგვეთვალისწინებინა მოქალაქეებისგან წამოსული იდეები“, – აღნიშნა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ.

მოქალაქეების მიერ შემოთავაზებულ იდეებს შორის იყო: ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება პარლამენტის საქმიანობის შესახებ; დიალოგის გაღრმავება პარლამენტსა და კერძო სექტორს, მედიას შორის; ლობიზმისა და კერძო-საჯარო პარტნიორობების შესახებ კანონის განახლება; საქართველოს პარლამენტში ინოვაციების საბჭოს შექმნა და სხვა. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობა, როგორც შესაძლებლობა, გაეცნონ საკანონმდებლო პროცესებს და გაუზიარონ პარლამენტს საკუთარი იდეები.

საზოგადოებრივი ჩართულობა, დიალოგი მთავრობა-პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ქვაკუთხედია. სწორედ ამიტომა არის კონსულტაციები ასეთი მნიშვნელოვანი OGP-ის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. ერთობლივ მუშაობაზე დამყარებული პროცესი შედეგად უფრო ეფექტურ პოლიტიკასა და კანონებს იძლევა.“ – აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.

მოქალაქეების იდეები, ისევე როგორც ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოსა და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის მიერ შემუშავებული 35 ვალდებულება, ბორჯომში გამართული ორდღიანი შეხვედრის საგანი იყო (13-24 აპრილი, 2018 წ.).

თამარ ზოდელავა, GIZ-ის საპარლამენტო პროექტის მენეჯერი – „სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მსგავსად, GIZ-მაც წარადგინა მნიშვნელოვანი ინიციატივები, მათ შორის მოქალაქეთა ჩართულობის საინფორმაციო ცენტრის შექმნა, და სექტორული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმები ზედამხედველობის მიზნით ანგარიშგების ფორმების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ერთიანი პოლიტიკის დაგეგმვის ჩარჩოს ჩამოყალიბებას.“

ჩვენი ინიციატივებია: ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს საქმიანობისა და მიღწევების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების გზით; პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ ტერმინთა ლექსიკონის შექმნა და მისი პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება, რაც დაეხმარება მოქალაქეებს უკეთ გაიგონ პროცედურები; და მაჟორიტარების მოქალაქეებთან სავალდებულო შეხვედრების შემოღება“, – აღნიშნა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა  ნინო ცუხიშვილმა.

2017 წლის ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაში შევამალი 24 ვალდებულებიდან საქართველოს პარლამენტმა სრულად 13 ხოლო ნაწილობრივ 11 ვალდებულება შეასრულა. ღია მმართველობის საბჭო და მისი საკონსულტაციო ჯგუფი კიდევ გამართავენ შეხვედრებს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის დასამთავრებლად. ახალი გეგმის პრეზენტაცია 17-19 ივლისს, თბილისში, OGP-ის მე-5 გლობალურ სამიტზე გაიმართება.

 

პარლამენტის და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ღია პარლამენტის ახალ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს

ბიზნეს სექტორის 60 წარმომადგენელი შეხვდა საქართველოს პარლამენტის წევრებს 2018 წლის 2 აპრილს ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის თაობაზე რეკომენდაციებისა და მოსაზრებების წარსადგენად. შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს ინიციატივით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.

საქართველომ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია საკანონმდებლო ღიაობის სფეროში. საზოგადოების ფართო წრეებთან, მათ შორის ბიზნეს სექტორთან, თანამშრომლობა საკვანძო საკითხია ეფექტიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, რომლითაც ჩვენ მომავალი ორი წლის მანძილზე ვიხელმძღვანელებთ“, – განაცხადა ირინა ფრუიძემ, პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ.

კახა კუჭავამ, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, აღნიშნა ბიზნესის როლი ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვაში, რომელიც საპარლამენტო ღიაობას შეუწყობს ხელს.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს საქართველოს მიღწევები საპარლამენტო ღიაობის საკითხებში 2015 წლიდან დღემდე და 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაში აღწერილი გამოწვევები.

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტს ბიზნესთან სადისკუსიო სივრცის შექმნის საქმეში. ეს პროცესი დადებით შედეგებს მოუტანს როგორც საკანონმდებლო ხელისუფლებას, ასევე კერძო სექტორს, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პარლამენტის როლი საინვესტიციო კლიმატისა და ბიზნეს გარემოს განვითარებაში,“ – განაცხადა სოფი ჰუეტ გერიშმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მმართველობის სექტორის კოორდინატორმა.

პარლამენტის წევრები გაეცნენ საპარლამენტო ღიაობასთან დაკავშირებულ წინადადებებსა და მოსაზრებებს, რომელიც საქართველოს რვა ქალაქში – თელავში, რუსთავში, მარნეულში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში ჩატარებული საჯარო კონსულტაციების დროს გამოვლინდა. საინფორმაციო კამპანია ჩატარდა 2018 წლის მარტში ევროკავშირის (EU), UNDP-სა და IDFI-ის ხელშეწყობით. ლევან ავალიშვილმა, IDFI-ის პროგრამების დირექტორმა, შეაჯამა საჯარო კონსულტაციების შედეგები და სიტყვა მისცა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს დამატებითი რეკომენდაციებისა და მოსაზრებების წარსადგენად.

გიგი ბრეგაძემ, UNDP-ის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა საქართველოში, ხაზი გაუსვა თანამშრომლობისა და პარტნიორობის მნიშვნელობას საკანონმდებლო ღიაობის მისაღწევად.

ღია მმართველობა მოქალაქეებისა და პოლიტიკის შემოქმედთა დაკავშირების ქმედითი საშუალებაა, რომელიც ამ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა პლატფორმასა და რესურსს მიმართავს. მთავრობას, პარლამენტს, ადგილობრივ ხელისუფლებას, არასამთავრობო და კერძო სექტორს, აკადემიურ წრეებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს – ყველას თავისი წვლილი შეაქვს ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის დამკვიდრებაში“, – განაცხადა გიგი ბრეგაძემ.

ღია პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 75 ქვეყანას აერთიანებს. მიმდინარე წელს საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყნის როლს ასრულებს და 2018 წლის ივლისში OGP-ის მეხუთე ყოველწლიურ სამიტს უმასპინძლებს. ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ ღია პარლამენტის განვითარებას მათი უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის გამტკიცებას ემსახურება.

ციფრული ტექნოლოგიები ღია პარლამენტისთვისთვის საქართველოში

საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო საქმიანობას ელექტრონულად მიადევნებენ თვალს. მობილური აპლიკაციისა და პარლამენტის ვებ-გვერდის საჯარო ინფორმაციის მოდულის გამოყენებით შესაძლებელი იქნება პარლამენტის საჯარო ინფორმაციის გაცნობა, საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვა და პარლამენტში შეკითხვების გაგზავნა. ახალი ტექნოლოგია შემუშავებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით. 

ელექტრონული სერვისების წარდგენა 2018 წლის 13 მარტს, საქართველოს პარლამენტში გაიმართა. ღონისძიებას პარლამენტის წევრები, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“ელექტრონული სერვისების მეშვეობით პარლამენტის საჯარო ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომი გახდება, ხოლო მოქალაქეები საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია საკანონმდებლო ღიაობისა და ელექტრონული პარლამენტის განვითარებისაკენ,“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ, ღონისძიების გახსნაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ელექტრონული სერვისების დანერგვა ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმითაა გათვალისწინებული.

ვინსენტ რეიმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა, ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას საკანონმდებლო ღიაობის მისაღწევად.

“დემოკრატია ევროკავშირის საკვანძო ღირებულება და ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საფუძველია. ახალი სისტემა პარლამენტის მიმართ ევროკავშირის ხელშეწყობის მაგალითია. იმედი გვაქვს, რომ მისი მეშვეობით საკანონმდებლო პროცესი უფრო ღია და ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოქალაქეებისათვის”, – განაცხადა ვინსენტ რეიმ

ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიმართეს გიგი ბრეგაძემ – UNDP-ის პროგრამული ნაწილის მოქმედმა ხელმძღვანელმა, და ლევან ავალიშვილმა – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროგრამების დირექტორმა, რომელმაც პარლამენტის ახალი ელექტრონული სერვისების უნიკალურ ფუნქციებზე ისაუბრა.

“აპლიკაციის GeoParliament App მეშვეობით შესაძლებელია მობილურიდან ადევნო თვალი პარლამენტის მუშაობას, გააგზავნო კომეტარი კანონპროექტზე, გაეცნო დღის წესრიგს, საპარლამენტო და ბიუროს სხდომების განრიგს, საპარლამენტო განხილვებისა და ახალ კანონმდებლობაზე მსჯელობის თარიღებს. საჯარო ინფორმაციის მოდული, რომელიც პარლამენტის ვებ-გვერდშია ინტეგრირებული, აადვილებს წვდომას პარლამენტის საჯარო ინფორმაციაზე და შესაძლებლობას იძლევა ელექტრონულად გამოითხოვო ინფორმაცია პარლამენტის ბიუჯეტის, ხარჯებისა და შესყიდვების შესახებ“, – თქვა ლევან ავალიშვილმა.

ღია პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 75 ქვეყანას აერთიანებს. მიმდინარე წელს საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყნის როლს ასრულებს და 2018 წლის ივლისში OGP-ის მეხუთე ყოველწლიურ სამიტს უმასპინძლებს.

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ ღია პარლამენტის განვითარებას მათი უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის გამტკიცებას ემსახურება.

საქართველო საკანონმდებლო ღიაობას ზრდის

საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 24 ვალდებულებიდან 13 სრულად, ხოლო 11 კი ნაწილობრივ შეასრულა. 2017 წლის მიღწევებს შორისაა პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსის ინიცირება და ელექტრონული პეტიციების სისტემის ამოქმედება. ღია პარლამენტის ვალდებულებების შესრულება 2018 წელს გაგრძელდება.

ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა 5 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე შედგა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

შეხვედრის მონაწილეებს გახნითი სიტყვით მიმართეს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ; საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მმართველობის სექტორის კოორდინატორმა სოფი ჰუე გერიშიმ; და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა საქართველოში გიგი ბრეგაძემ.

ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის 2017 წლის შედეგები წარადგინა ირინა ფრუიძემ. მან აღნიშნა, რომ ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა მონაწილეობა 2018 წლის ღია პარლამენტის საქმიანობის პრიორიტეტი გახდება.

„გასულ წელს მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ პარლამენტის მუშაობის გამჭვირვალობისა და ღიაობის მიმართულებით. 2018 წელს, ჩვენი პრიორიტეტი იქნება მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. საქართველოს პარლამენტის ახალი ვებგვერდი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს ამოქმედდება, ინოვაციური შესაძლებლობებს მისცემს მოქალაქეებს ინფორმაციის მარტივად მოძიებისათვის და საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად“, – განაცხადა ირინა ფრუიძემ.

სოფი ჰუე გერიშიმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მმართველობის სექტორის კოორდინატორმა, ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების მონიტორინგისა და ზედამხედველობის როლს საკანონმდებლო ღიაობის გაზრდის პროცესში.

„ღია პარლამენტი აძლიერებს ხელისუფლების ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას. იგი ასევე დამატებით შესაძლებლობებს ქმნის სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორსა და მოქალაქეებთან თანამშრომლობისათვის“, – განაცხადა ჰუე გერიშიმ.

ღია პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. მიმდინარე წელს საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყნის როლს ასრულებს და 2018 წლის ივლისში OGP-ის მეხუთე ყოველწლიურ სამიტს უმასპინძლებს.

ქეთევან ცანავამ, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა და საქართველოს ღია მმართველობის კოორდინატორმა, გააცნო შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მიღწევები OGP-ის ვალდებულებების შესრულების პროცესში და გლობალური სამიტისათვის მზადებაზე ისაუბრა.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა და ექსპერტებმა კანონშემოქმედებით პროცესში გამჭვირვალობა და მოქალაქეთა ჩართულობის საკითხები განიხილეს

2017 წლის 18 და 19 დეკემბერს თბილისში გაიმართა სამუშაო შეხვედრა გამჭვირვალე და მონაწილეობითი საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფის პრაქტიკული გზების შესახებ. შეხვედრის ორგანიზატორი იყო საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მხარდაჭერით.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 56-ზე მეტმა მონაწილემ საქართველოს პარლამენტიდან, სამოქალაქო საზოგადოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

ეს იყო რიგით მეორე თემატური ღონისძიება, რომელიც 2015 წელს OSCE/ODIHR-ის მიერ საქართველოს საკანონმდებლო პროცესის შეფასებას ეფუძნება. შეფასება, რომელიც საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით ჩატარდა, ითვალისწინებდა საქართველოში კანონშემოქმედებითი პროცესის რეგულირებისა და პრაქტიკის სიღრმისეულ ანალიზს და მისი გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავებას, მათ შორის საჯარო კონსულტაციებთან დაკავშირებით.

„საქართველოს პარლამენტის მზადაა მოქალაქეთა ჩართულობის გასაზრდელად, რაც ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაშიც და ჩვენს საქმიანობაშიცაა ასახული. ამ შეხვედრამ პრაქტიკული წვლილი უნდა შეიტანოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში პარლამენტის რეგლამენტის თანახმად. ჩვენ ვქმნით ღია სივრცეს და კარგ გარემოს მოქალაქეთა მეტი ჩართულობისათვის საკანონმდებლო პროცესში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.
შეხვედრაზე გამართულ მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს ODIHR-ის ექსპერტებმა სანდრა პერნარმა (ხორვატია), მელანი სალიმ (ავსტრია) და ლია ჰანმა (ესტონეთი). მათ ისაუბრეს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის წახალისების კარგი პრაქტიკაზე, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.

„საჯარო კონსულტაციები და მოქალაქეთა მონაწილეობის სხვა ფორმები აუცილებელია კანონმდებლობის ეფექტურობისა და ადამიანის უფლებებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ODIHR-ის იურიდიულმა ოფიცერმა იური მარჩენკომ. „ჩვენი სამუშაო შეხვედრა პარლამეტისთვის პრაქტიკული გადაწყვეტილებების დეტალური შესწავლის შესაძლებლობაა, რომელთა გამოყენებითაც მას შეუძლია საკანონმდებლო პროცესი გახადოს უფრო ღია და მონაწილეობითი.”

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი მიეძღვნა პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვას, რომელიც ხელს შეუწყობს პარლამენტის მუშაობაში საზოგადოების მონაწილეობას. ცვლილებები მომზადდა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირი, UNDP და IDFI.
„ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ძალისხმევას მიაღწიოს გამჭვირვალობას, ღიაობას და მოქალაქეთა ჩართულობას მმართველობისა და კანონშემოქმედების პროცესებში, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა 2018 წელს ღია მმართველობის გლობალური პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარეობს და ამ სფეროში სამაგალითო შედეგებს უნდა მიაღწიოს“, – განაცხადა სოფი ჰუეტ გერიშმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მმართველობის სექტორის კოორდინატორმა.

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წევრი 2011 წელს გახდა. 2015 წელს, საქართველოს პარლამენტი საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციას შეუერთდა და მიიღო ქვეყნის პირველი საკანონმდებლო ღიაობის სამოქმედო გეგმა. 2016 წლის მაისში, საქართველო (საფრანგეთთან ერთად) OGP-ის მმართველი კომიტეტის თანათავმჯდომარე, ხოლო 2017 წლის სექტემბერში ერთი წლის ვადით OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

ღონისძიების ამსახველი ფოტოები იხილეთ აქ.