საქართველოს პარლამენტმა საპარლამენტო ღიაობის რიგით მესამე სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაასრულა

საქართველოს პარლამენტმა 2018-2019 წლების საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შემუშავება დაასრულა. ვალდებულებები მოიცავს: პარლამენტის მიერ 2030 წლის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის შესრულების ხელშეწყობასა და მონიტორინგს, მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულებისა გაზრდას, საპარლამენტო დემოკრატის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მთავრობის საქმიანობის ღიაობასა და გამჭვირვალობაზე საპარლამენტო კონტროლის გაზრდას.

7 ივნისს, ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საბჭოსთან არსებულმა საკონსულტაციო ჯგუფმა რიგით მესამე სამოქმედო გეგმისათვის (2018-2019) შემუშავებული 7 ვალდებულება განიხილა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მხარდაჭერით.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ – ირინა ფრუიძემ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისმმართველობის სექტორის კოორდინატორმა – სოფი ჰუე გერიშმა, UNDP დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელმა – გიგი ბრეგაძემ და IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა – გიორგი კლდიაშვილმა.

„წინა სამოქმედო გეგმების მსგავსად, მესამე გეგმა პარლამენტის წევრების, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის შედეგად, ერთობლივად შემუშავდა. ახალი სამოქმედო გეგმა მოიცავს შვიდ ამბიციურ ვალდებულებას, რომელთაგან თითოეული კი აერთიანებს მრავალ ამოცანას, რომელთა განხორციელებაც საქართველოს პარლამენტმა მომდევნო 2 წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს. როგორც ყოველთვის, სამოქმედო გეგმის მთავარ მიზანს საქართველოს პარლამენტის ღიაობისა და მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა წარმოადგენს.“ – განაცხადა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მმართველობის სექტორის კოორდინატორმა სოფი ჰუე გერიშმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებასა და მოქალაქეების წინაშე ღიაობის ხელშეწყობაში.

„საჯარო პოლიტიკის და კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა ძალზედ მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. საკანონმდებლო პროცესების ღიაობა, პარლამენტის მიერ განხილულ კანონპროექტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომის გამარტივებით, ხელს უწყობს მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას პოლიტიკის შემუშავებაში და ასევე აძლევს მათ შესაძლებლობას გავლენა მოახდინონ საკანონმდებლო დღის წესრიგზე“ – განაცხადა სოფი ჰუე გერიშმა.

საპარლამენტო ღიაობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმისათვის შემოთავაზებული იდეები  შეგროვდა საქართველოს 7 ქალაქში – თელავი, რუსთავი, მარნეული, ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი, თბილისი – გამართული საჯარო კონსულტაციების დროს 2018 წლის მარტსა და აპრილში. ახალი სამოქმედო გეგმა ასევე მოიცავს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, კერძო სექტორისა და ახალგაზრდების მიერ (კონკურსი – „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის“) წარმოდგენილ ვალდებულებებს.

საჯარო კონსულტაციები ორგანიზებული იყო საქართველოს პარლამენტის მიერ, ევროკავშირის, UNDP-სა და IDFI-ს მხარდაჭერით.

საქართველო საკანონმდებლო ღიაობას ზრდის

საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 24 ვალდებულებიდან 13 სრულად, ხოლო 11 კი ნაწილობრივ შეასრულა. 2017 წლის მიღწევებს შორისაა პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსის ინიცირება და ელექტრონული პეტიციების სისტემის ამოქმედება. ღია პარლამენტის ვალდებულებების შესრულება 2018 წელს გაგრძელდება.

ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა 5 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე შედგა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

შეხვედრის მონაწილეებს გახნითი სიტყვით მიმართეს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ; საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მმართველობის სექტორის კოორდინატორმა სოფი ჰუე გერიშიმ; და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა საქართველოში გიგი ბრეგაძემ.

ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის 2017 წლის შედეგები წარადგინა ირინა ფრუიძემ. მან აღნიშნა, რომ ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა მონაწილეობა 2018 წლის ღია პარლამენტის საქმიანობის პრიორიტეტი გახდება.

„გასულ წელს მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ პარლამენტის მუშაობის გამჭვირვალობისა და ღიაობის მიმართულებით. 2018 წელს, ჩვენი პრიორიტეტი იქნება მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. საქართველოს პარლამენტის ახალი ვებგვერდი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს ამოქმედდება, ინოვაციური შესაძლებლობებს მისცემს მოქალაქეებს ინფორმაციის მარტივად მოძიებისათვის და საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად“, – განაცხადა ირინა ფრუიძემ.

სოფი ჰუე გერიშიმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მმართველობის სექტორის კოორდინატორმა, ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების მონიტორინგისა და ზედამხედველობის როლს საკანონმდებლო ღიაობის გაზრდის პროცესში.

„ღია პარლამენტი აძლიერებს ხელისუფლების ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას. იგი ასევე დამატებით შესაძლებლობებს ქმნის სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორსა და მოქალაქეებთან თანამშრომლობისათვის“, – განაცხადა ჰუე გერიშიმ.

ღია პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. მიმდინარე წელს საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყნის როლს ასრულებს და 2018 წლის ივლისში OGP-ის მეხუთე ყოველწლიურ სამიტს უმასპინძლებს.

ქეთევან ცანავამ, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა და საქართველოს ღია მმართველობის კოორდინატორმა, გააცნო შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მიღწევები OGP-ის ვალდებულებების შესრულების პროცესში და გლობალური სამიტისათვის მზადებაზე ისაუბრა.

ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა

20479768_1507741055949666_2578013831387649745_n2017 წლის 2 აგვისტოს, თბილისში ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი „საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით“ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისთვის ახალი ვადების განსაზღვრა და დამტკიცება იყო.

ამასთან, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) წარმოადგინა „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების და „გაეროს განვითარების პროგრამის“ (UNDP) წარმომადგენლებთან თანამშრომლობით იქნა შემუშავებული.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები:

– ირინა ფრუიძე – ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე;

– ეკა ბესელია – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; და

– კახაბერ კუჭავა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები:

– გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP);

– ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);

– GIZ საქართველო;

– ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); და

– საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI).

საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ვადების შეცვლა განპირობებულია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მოთხოვნით, რათა მოხდეს საპარლამენტო ღიაობიდან გამომდინარე ვალდებულებების საქართველოს ეროვნულ გეგმაში ასახვა და შემდგომ პარლამენტის მიერ საქართველოს მთავორბის მიერ OGP-ის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ზედამხედველობა.

ირინა ფრუიძის განცხადებით, პარლამენტის საქართველოს ღია მმართველობის ნაწილად აღიარების მიზნით, აუცილებელია საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმისა და ქვეყნის ეროვნული გეგმის გაერთიანება. მისი თქმით, იმის გამო, რომ საპარლამენტო ღიაობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ვადები არ ემთხვევა ეროვნული გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადებს, აუცილებელია საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმის გაყოფა, რათა ვალდებულებების ნაწილი 2017 წელს, ხოლო ნაწილი 2018 წელს შესრულდეს.

ამასთან, შეხვედრაზე შეკრებილები შეთანხმდნენ, რომ 2018 წლის დასაწყისში მომზადდება საპარლამენტო ღიაობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაერთიანდება, როგორც 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული, ისე ახალი ვალდებულებები, რომელთა შემუშავებაზე საბჭო და მისი საკონსულტაციო ჯგუფი ერთობლივად იმუშავებენ.

2018 წელს შემდეგი ვალდებულებების შესრულება იგეგმება:

– პეტიციის წარდგენის ელექტრონული სისტემის პლატფორმის შექმნა და ტესტირება, აგრეთვე პლატფორმის ამოქმედება;

– პარლამენტის ვებგვერდზე საკანონმდებლო ინიციატივაზე ელექტრონულად ხელმოწერის მექანიზმის შექმნა;

– კანონშემოქმედებით პროცესში საჯარო კონსულტაციების ჩატარების წესისა და ფორმების მიღება;

– საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე მოქალაქეების მიერ დაფიქსირებულ კომენტარებზე უკუგების მექანიზმის პრაქტიკაში ამოქმედება;

– საქართველოს პარლამენტის მიერ შშმ პირებისთვის მომსახურების მიწოდების პილოტირება;

– შშმ პირებისთვის საქართველოს პარლამენტში ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლება;

– ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ (OGP) ცნობიერების ამაღლება;

– „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის“ განხილვა და დამტკიცება პარლამენტის მიერ;

– პარლამენტის ყოველწლიური სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება;

– კანონპრეოქტის პირველად ტექსტში განხილვის შედეგად შეტანილი ცვლილებების ხილვად ფორმატში ასახვა და ვებგვერდზე გამოქვეყნება;

– პარლამენტის თვითშეფასების ინსტრუმენტის შემუშავება და შესაბამისი ცვლილებების პარლამენტის რეგლამენტში შეტანა;

– პარლამენტის თვითშეფასების ინსტრუმენტის დანერგვა;

– 10 დეკემბრის ანგარიშების ელექტრონულად წარდგენისა და მონიტორინგის სისტემის კონცეფციის ტექნიკური დავალების შემუშავება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პარლამენტის ვებგვერდზე;

– პარლამენტის არსებული კენჭისყრის შედეგების ვებპორტალის დახვეწა;

– პარლამენტის ვებგვერდის განახლებული სტრუქტურის შემუშავება;

– პარლამენტის ახალი ვებგვერდის მაკეტის შექმნა;

– პარლამენტის ვებგვერდის მართვის ერთიანი სისტემის შემუშავება.

ამ ვალდებულებების შესრულების ახალი ვადები იხილეთ ბმულზე.

IDFI-ის მიერ წარმოდგენილი პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში შესატანი ცვლილებების პროექტი მიზნად ისახავს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ორი ვალდებულების შესრულებას: ვალდებულება 2.1 („პარლამენტის ვებ-გვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის გაფართოება“) და ვალდებულება 2.4 („საქართველოს პარლამენტის მიერ ანგარიშის მოსმენისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ასარჩევი პირების საკომიტეტო მოსმენების თაობაზე ინფორმაციის ვებგვერდზე დროულად განთავსება, შესაბამისი კომიტეტის სხდომის ვიდეო ოქმის მომზადება და გამოქვეყნება“). შეხვედრაზე შეკრებილებმა განიხილეს ბრძანებაში შესატანი ცვლილების პროექტი და შეთანხმდნენ, რომ იგი საქართველოს პარლამენტის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დაიხვეწება.
2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ასევე შექმნილია საქართველოს პარლამენტის წევრებისგან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ღია მმართველობის პარტნიორობის სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დარგობრივად მუშაობენ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაზე. მაგალითისთვის, როგორც ირინა ფრუიძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის ეთიკის კოდექსზე მომუშავე სამუშაო ჯგუფმა უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა და ჩამოაყალიბა ეთიკის კოდექსის საბოლოო ვერსია, რომლის წარდგენა პარლამენტისთვის მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება.

შეხვედრაზე შეკრებილებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან არსებულ საკონსულტაციო ჯგუფში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გაერთიანებას. საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივნის, ეკატერინე ფოფხაძის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად ჩაერთვება სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში და ხელს შეუწყობს საქართველოში საპარლამენტო ღიაობის და OGP-ის პრინციპების დამკვიდრებას.

ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ IDFI-ისთან თანამშრომლობით.

საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა

5-6 მარტს საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა ბორჯომში. მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის შესასრულებელ ვალდებულებებზე. გაეცნენ ვალდებულებების ინიციატორთა მიერ წარმოდგენილ კონცეფციების და განიხილეს ვალდებულებათა განხორციელების გზები. საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა 18 ვალდებულებას მოიცავს და ამ დროისთვის განხორციელებულია მხოლოდ 2 ვალდებულება: ,,ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს შექმნა“ (4.1. ვალდებულება, რომლის ინიციატორი იყო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – IDFI) და ,,საზოგადოებრივი განათლებისა და ცნობიერების ამაღლება საქართველოს პარლამენტის საქმიანობაზე, მის როლსა და მისიაზე; პარლამენტის ინსტიტუციონალური იმიჯისა და როლის გაძლიერება“ (1.6. ვალდებულება, ინიციატორი – საქართველოს პარლამენტის აპარატი).

Continue reading

საკონსულტაციო ჯგუფმა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მხარდაჭერის გზებზე იმსჯელა

23 თებერვალს გაეროს სახლში ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განსაზღვრეს საბჭოს შემადგენლობა, აირჩიეს საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე და იმსჯელეს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთვის მხარდაჭერის გზებზე. საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა არასამთავრობო ორგანიზაცია – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), რომელიც საკონსულტაციო ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობაში და ქვეყნის შიგნით და გარეთ გამართულ ღონისძიებებში.

Continue reading

ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა

12 თებერვალს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტში. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უძღვებოდა და მას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. Continue reading

სამუშაო შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში

Image

ფოტო აღებულია იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდიდან

14 მაისს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლებთან, სადაც მონაწილეებმა განიხილეს 2014-15 წლების სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს რეკომენდაციების რამდენიმე მათგანთან დაკავშირებით.

Continue reading

ღია მმართველობის ფორუმის მეხუთე შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში

Image

29 აპრილს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა ღია მმართველობის პარტნიორობის ფორუმის მეხუთე შეხვედრა. ფორუმის მიზანი იყო ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის პირველადი ვარიანტის განხილვა, რომელიც 30 აპრილს უნდა წარედგინოს ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველ კომიტეტს (Steering Committee), ხოლო დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი უნდა დამტკიცდეს 15 ივნისს. შეხვედრამ, რომელსაც ესწრებოდნენ საჯარო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მიმოიხილა ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების რელევანტურობა OGP-ის მიზნებთან და გამოწვევებთან; შეხვედრის ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ანგარიშვალდებულ საჯარო უწყებებს გააცნეს საკუთარი რეკომენდაციები.

Continue reading

ანტი-კორუფციული საბჭოს მორიგი შეხვედრა ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ

Image

2014 წლის 14 აპრილს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა ანტი-კორუფციული საბჭოს მორიგი შეხვედრა (იხილეთ დღის წესრიგი) შეხვედრას ხელმძღვანელობდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს შეხვედრა მიეძღვნა საქართველოს მონაწილეობას ღია მმართველობის პარტნიორობაში და საქართველოს მთავრობის 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვარიანტის განხილვას.

შეხვედრა რამდენიმე ნაწილად გაიმართა. პირველ ნაწილში იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ღია მმართველობის პარტნიორობის ფორუმის თანა-თავმჯდომომარემ, რუსუდან მიხელიძემ წარადგინა 2014-15 წლების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია და ის ვალდებულებები, რაც უკვე აიღეს საჯარო დაწესებულებებმა. მან ასევე ისაუბრა ღია მმართველობის პარტნიორობის ფორუმის მიმდინარეობაზე. პირველი ნაწილი დისკუსიისთ დასრულდა.

Continue reading

ღია მმართველობის პარტნიორობის ფორუმის მეოთხე შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში

Image

7 აპრილს იუსტიციის სამინისტროში ღია მმართველობის პარტნიორობის მეოთხე ფორუმი გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.

ფორუმი სამ ნაწილად გაიმართა. პირველ ნაწილში მონაწილეებმა განიხილეს სამოქმედო გეგმაში გაწერილი ვალდებულებები და მათი რელევანტურობა OGP-ის მიზნებთან. ამ ეტაპზე გაწერილია 20-ზე მეტი ვალდებულება, რომელთა შესრულებაზეც პასუხისმგებლობას იღებს სხვადასხვა საჯარო დაწესებულება პარტნიორ უწყებებთან ერთად. ვალდებულებები ოთხი ძირითადი მიმართულების გაუმჯობესებას ემსახურება: საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქმედო გეგმაში ვალდებულებები არ არის სრულყოფილად გაწერილი, რადგან ყველა უწყებას არ წარუდგენია მის მიერ აღებული ვალდებულებების სია.

Continue reading