ღია მმართველობის პარტნიორობა – „საქართველოს, როგორც პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანას, რეფორმათა უფრო ამბიციური გეგმის დასახვა მართებს“

9zR4knE4_400x4002018 წლის 23 იანვარს, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მხარდამჭერმა გუნდმა (Support Unit) გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საქართველოს, როგორც OGP-ის თავმჯდომარე ქვეყნის მიერ რეფორმების უფრო ამბიციური გეგმის შემუშავების საჭიროებაა განხილული. სტატიაში ნათქვამია:

„დამოუკიდებელმა ანგარიშგების მექანიზმმა (IRM) საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის მესამე (2016-2017 წლების) სამოქმედო გეგმის განხორციელება შეაფასა და განსაზღვრა, რომ მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, რომლებსაც ქვეყანამ OGP-ის დღის წესრიგის განხორციელებაში მიაღწია, მთავრობამ, OGP-ის წამყვანი თანათავმჯდომარის სტატუსში, მეტი გარდამავალი რეფორმა უნდა განახორციელოს, რათა მოქალაქეთა ჩართულობისა და საჯარო ანგარიშვალდებულების პრაქტიკა ხელისუფლების ყველა შტოში დამკვიდრდეს.

საქართველოს სამოქმედო გეგმა სხვადასხვა თემას, მათ შორის, საჯარო მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებასა და საჯარო ადმინისტრირების მთლიანობის უზრუნველყოფის ზომების გაძლიერებას მოიცავს და 24 ვალდებულებისგან შედგება. ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებლობა რამდენიმე სახელმწიფო ორგანომ, მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციამ, ექვსმა სამინისტრომ, რამდენიმე სამთავრობო სააგენტომ, სამოქალაქო მომსახურების ბიურომ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და უზენაესმა სასამართლომ, აიღო. სამოქმედო გეგმაში ასევე წარმოდგენილია ხუთი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის – ახალციხის, ბათუმის, ქუთაისის, ოზურგეთის და ზუგდიდის – მიერ გამჭვირვალობისა და საჯარო ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით ნაკისრი ვალდებულებები.

24 ვალდებულებიდან ნაწილობრივ ან მთლიანად 14 ვალდებულება შესრულდა, ხოლო დარჩენილი 10 ვალდებულების შესრულების კუთხით მხოლოდ მცირე წინსვლა შეიმჩნევა. წარმატებით განხორციელებული ინიციატივებია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემუშავებული ბიუჯეტის მონიტორის პორტალი, საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღება. სხვა აქტივობები, რომლებსაც პოტენციურად მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვებოდა, საჯარო შესყიდვების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით ელექტრონული ინიციატივების განხორციელება და რამდენიმე მუნიციპალიტეტში (მათ შორის ოზურგეთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში) მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა იყო. ამავდროულად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინფორმაციის თავისუფლების კანონი – საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მთავარი პრიორიტეტი – არ წარედგინა პარლამენტს და, ზედიზედ ორ სამოქმედო გეგმაში შეტანის მიუხედავად, შეუსრულებელ ვალდებულებად რჩება.

კვლევა საქართველოს მთავრობის მიერ OGP-ის თანათავმჯდომარის სტატუსში პრიორიტეტულად განსაზღვრული თემების – საჯარო მომსახურების გაუმჯობესების, კორუფციის აღმოფხვრის და მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველყოფის – კუთხით მეტი შესაფერისი და შედეგის მომტანი ვალდებულებების შემუშავების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

მთავარი რეკომენდაციებია ინფორმაციის თავისუფლების კანონის დროული მიღება, სამთავრობო ხელშეკრულებების გამჭვირვალობის გაზრდა და ხელისუფლების განხორციელების ყველა საფეხურზე საჯარო ჩართულობის გაზრდის სტრატეგიის შემუშავება.“

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ:

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) 2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრის ფარგლებში დაფუძნდა, სადაც რვა სახელმწიფოს მეთაურმა და ცხრა სამოქალაქო საზოგადოების ლიდერმა მიიღო ღია მმართველობის პარტნიორობის დეკლარაცია და OGP-ის ეროვნული სამოქმედო გეგმების პირველი ნაკადი გამოაქვეყნა.

დღეის მდგომარეობით, OGP 75 ეროვნულ, 15 ადგილობრივ მთავრობას, ასევე 7 მრავალმხრივ ორგანიზაციასა და ათასობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას მოიცავს, რომლებმაც, ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის, კორუფციასთან ბრძოლისა და მთავრობების ღიაობის, ეფექტურობისა და მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით ერთობლივად 3,000-ზე მეტი ვალდებულების აიღეს.

საქართველო OGP-ის 2011 წელს შეუერთდა, ხოლო 2014 წელს ის პარტნიორობის მმართველი საბჭოს წევრად იქნა არჩეული. 2017 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი რანგის შეხვედრის ფარგლებში, საქართველომ OGP-ის) 2017-2018 წლების თანათავმჯდომარეობა გადმოიბარა. 2018 წლის 17-19 ივლისს, თბილისი OGP-ის მეხუთე გლობალურ სამიტს უმასპინძლებს.

IDFI-ს ღია წერილი საქართველოს პრემიერ მინისტრს

29 მარტი, 2016
საქართველოს პრემიერ მინისტრს
ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

ბატონო გიორგი,
უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს მთავრობა და პირადად თქვენ იჩენთ ღია მმართველობის, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის საკითხების განვითარებისადმი.
ჩვენ ვხედავთ, რომ ღია მმართველობა და ეფექტური საჯარო ადმინისტრირება ნამდვილად წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს. ეს აღიარებულია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო დონეზეც არაერთ მნიშვნელოვან ინდექსსა და რეიტინგში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით გასატარებელ რეფორმებს მეტი ძალისხმევა, პოლიტიკური ნება და აქტიური მხარდაჭერა სჭირდება.

Continue reading

IDFI-ს სარეკომენდაციო ვალდებულებები 2016-2017 წლების ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმმა დაიწყო ფორუმის მონაწილე სამთავრობო უწყებებისგან და სამოქალაქო საზოგადოებისგან 2016-2017 წლების ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმისთვის ახალი ვალდებულებების შემუშავება.

კერძოდ, ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ 14 მარტის ჩათვლით წარმოედგინათ სარეკომენდაციო ვალდებულებები და ამავდროულად მოეთხოვათ ფორუმის წევრებად ახალი უწყებების დამატება. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI), რომელიც იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტთან ერთად არის ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის თანამომხსენებელი, ფორუმის წევრებს წარუდგინა სარეკომენდაციო ვალდებულებები და გააცნო უწყებების ჩამონათვალი, რომელთა დამატება კიდევ უფრო მასშტაბურს გახდის ფორუმის საქმიანობას.

Continue reading

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმმა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ვალდებულებებზე იმსჯელა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში 2016 წლის 2 მარტს, „ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმის მეჩვიდმეტე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ფორუმის წევრი საჯარო უწყებები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ესწრებოდნენ. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) წარმომადგენლებმა, მათ შორის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა, პროექტის კოორდინატორმა საბა ბუაძემ და საპარლამენტო მდივანმა დავით მაისურაძემ. შეხვედრას გაუძღვნენ ფორუმის თანამომხსენებლები ზურაბ სანიკიძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი და IDFI-ის დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი.

Continue reading

ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმის შუალედური შედეგების შეჯამება

12036768_865394750175774_1335889415987085019_n25 სექტემბერს გაიმართა ,,ღია მმართველობა საქართველოს” ფორუმის მეთხუთმეტე სამუშაო შეხვედრა თბილისი მარიოტში. შეხვედრას ფორუმის წევრი არასამთავრობო, საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლები: IDFI-ის დირექტორი და ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მომხსენებელი – გიორგი კლდიაშვილი, IDFI-ის  თავმჯდომარე – ლევან ავალიშვილი და პროექტის კოორდინატორი – დავით მაისურაძე.

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის სამდივნომ, რომელსაც იუსტიციის სახლის ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოადგენს ,,ღია მმართველობა საქართველოს” 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში ასახულია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება 2015 წლის ივნისის მდგომარეობით. Continue reading

,,ღია მმართველობის პარტნიორობის” ფორუმის მეთოთხმეტე შეხვედრა

14th meeting6 აგვისტოს იუსტიციის სამინისტროში ,,ღია მმართველობის პარტნიორობის” ფორუმის მეთოთხმეტე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სამთავრობო ინსტიტუტების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) წარმომადგენლებმა, მათ შორის გამგეობის თავმჯდომარემ – ლევან ავალიშვილმა.

შეხვედრას ზურაბ სანიკიძე – ფორუმის მომხსენებელი და ქეთი ცანავა – ღია მმართველობა საქართველოს ეროვნული კოორდინატორი გაუძღვნენ. მათ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია ღია მმართველობის პარტნირობის (OPG) მმართველი კომიტეტის სამუშაო შეხვედრის შესახებ, სადაც საქართველოს მთავრობას იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენდა.

მმართველი კომიტეტის შეხვედრა 2015 წლის 22-23 ივლისს გაიმართა სამხრეთ აფრიკაში და განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიც არის “OGP”-ის ბიუჯეტი და მისი განაწილება, ოქტომბერში დაგეგმილი საერთაშორისო ,,ღია მმართველობის პარტნიორობის” სამიტი, რომელიც ქ. მეხიკოში, მექსიკაში ჩატარდება. ასევე, სამხრეთ აფრიკაში აირჩიეს მმართველი კომიტეტის სამი ახალი წევრი ქვეყანა: ჩილე, ინდონეზია და რუმინეთი, რომლებიც პოზიციას 2015 წლის პირველი ოქტომბრიდან დაიკავებენ. Continue reading

OGP-ის ფორუმის 2014 წლის ბოლო შეხვედრა გაიმართა

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმმა 2014 წლის ბოლო სხდომა 3 დეკემბერს გაიმართა. შეხვედრაზე წევრებმა  2014-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმის სამუშაო ვარიანტები განიხილეს. ფორმებს ყოველკვარტალურად შეავსებენ ის უწყებები, რომლებმაც OGP-ს 2014-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ვალდებულებები უნდა შეასრულონ.  უწყებები მიუთითებენ თუ რა ეტაპზეა თითოეულ აქტივობის განხორციელება. შევსებული ცხრილი წარედგინება სამდივნოს და თან დაერთვება სამოქალაქო საზოგადოების და სამდივნოს შეფასება.

“ეს იქნება პრობლემების იდენტიფიცირების მექანიზმი იმისათვის, რომ დროულად ვნახოთ რა ხდება, ვის რა პრობლემა აქვს განხორციელების პროცესში და დავეხმაროთ არსებული რესურსის პირობებში”, – თქვა  რუსუდან მიხელიძემ, ფორუმის თანათავმჯდომარემ და იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

10259948_768362189910571_2381262439585693911_n

ფოტო: იუსტიციის სამინისტრო

ფორუმის წევრმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის წარმომადგენელმა, დავით ალავერდაშვილმა აღნიშნა, რომ სასურველია გამოყენებულ იქნეს შეფასების არა 4 საფეხურიანი, არამედ 5 საფეხურიანი სისტემა, რათა შეფასება კიდევ უფრო ზუსტი გახდეს და არ დატოვოს ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა. ფორუმის რამდენიმე წევრის მიერ ასევე გამოითქვა მოსაზრება შეფასების თითოეული საფეხურისთვის განისაზღვროს პროცენტული მნიშვნელობა, რაც შეფასების მექანიზმს უფრო ობიექტურს გახდის.

საბოლოო ჯამში გადაწყდა, რომ პირველი კვარტლის მონიტორინგის ჩარჩოს პილოტური ვერსიისთვის ღია მმართველობა საქართველოს სამდივნო პასუხისმგებელ უწყებებს შესთავაზებს 4-საფეხურიან შეფასების სისტემას. საპილოტე კვარტლის შემდგომ კი ფორუმი მიიღებს გადაწყვეტილებას შეფასების 5-საფეხურიან სისტემაზე გადასვლის საჭიროების შესახებ.

მოცემულ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ 2014-2015 წლების  სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმის სამუშაო ვერსიები – დოკუმენტი 1,  დოკუმენტი 2

გარდა მონიტორინგის ანგარიშის ფორმების დამტკიცებისა, ფორუმის თანა თავმჯდომარემ “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ ვალდებულებების შესახებ, რომლის განხორციელება 2014 წელს უნდა დასრულდეს. როგორც მან აღნიშნა, უკვე შესრულდა რამდენიმე ვამდებულება, მაგალითად, უზენაესმა სასამართლომ გამოაქვეყნა ფარული მოსმენების შესახებ სტატისტიკა, პოლიტიკური პარტიების ფინანსურ ანგარიშებს აუდიტის სამსახური დამუშავებად ფორმატში აქვეყნებს, იუსტიციის სახლში განთავსდა მომხმარებლის ხმის აპარატები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდი კი უსინათლოთათვის ადაპტირებული გახდა.  რამდენიმე ვალდებულება კვლავ შეუსრულებელია.

ფორუმმა სხდომაზე რამდენიმე უწყების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროგრესის შესახებ მოისმინა ინფორმაცია. მათ შორის იყო მონაცემთა გაცვლის სააგენტო, რომელმაც უნდა შექმნას მონაცემთა პორტალი data.gov.ge  და განავითაროს მოქალაქის პორტალი my.gov.ge. როგორც სააგენტოს წარმომადგენელმა, ნიკა გაგნიძემ განაცხადა, მონაცემების შესაგროვებლად საჯარო უწყებებს წერილით მიმართეს, თუმცა 20-მა უწყებამ კითხვებს არ უპასუხა. ამ დაწესებულებებთან კომუნიკაციაში დახმარება სააგენტომ OGP-ს ფორუმს სთხოვა. ნიკა გაგნიძის თქმით, იგეგმება მომხმარებლის სახელმძღვანელოს შექმნა და ტრენინგის ჩატარება უწყებების წარმომადგენლებთან, რომ მათ დამოუკიდებლად შეძლონ პორტალზე მონაცემების განთავსება.

საჯარო ბიბლიოთეკების ტრანსფორმაციის პროცესზე ისაუბრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა,ნანა წიკალურმა. მისი თქმით, განახლებული ბიბლიოთეკების გახსნის პროცესი დაგვიანდა ტექნიკური პრობლემების გამო და ორი მათგანი 2015 წლის იანვარში გაიხსნება. განათლების სერვისების დანერგვა იუსტიციის სახლში 2014 წლის ბოლომდე იგეგმებოდა, თუმცა როგორც ნანა წიკლაურმა აღნიშნა, ეს ვალდებულება სამოქმედო გეგმას ყველაზე ბოლოს დაემატა და ვადები ნაჩქარევად ჩაიწერა. რეალურად ამ სერვისით სარგებლობა 2015 წლის მაისიდან იქნება შესაძლებელი.

ფორუმის მორიგი სხდომა 2015 წლის 22 იანვარს გაიმართება.

OGP-ის ფორუმის მორიგ სამუშაო შეხვედრაზე სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის მექანიზმზე იმსჯელეს

10176139_756493341097456_9099372480840238715_n

ფორუმის შეხვედრა. ფოტო: იუსტიციის სამინისტრი

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმმა მორიგი შეხვედრა 7 ნოემბერს გამართა. იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა და ფორუმის თანათავმჯდომარე რუსუდან მიხელიძემ ფორუმის წევრებს სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგისა და შეფასების ახალი მექანიზმი შესთავაზა.

პროგრეს მონიტორინგი ყოველ კვარტალურად წარედგინება OGP-ის სამდივნოს. შემუშავებულია სპეციალური ცხრილი, რომელიც სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელმა პირებმა უნდა შეავსონ ვალდებულების განხორციელების ეტაპების შესახებ და მიუთითონ დაგეგმილი აქტივობა სრულად შესრულდა, უმეტესად შესრულდა ნაწილობრივ შესრულდა თუ განხორციელების ეტაპზეა. ანგარიშს თან დაერთვება სამოქალაქო საზოგადეობის და სამდივნოს შეფასება. გარდა ცხრილის შევსებისა, უწყებებს ევალებათ ფორუმისთვის პროგრესის შესახებ მოკლე ანგარიშის წარდგენა.თითოეულ სხდომაზე ვალდებულებების შესრულებაზე 16 უწყებიდან ოთხი ისაუბრებს.

გარდა პროგრეს მონიტორინგის ანგარიშისა, სამოქმედო გეგმის მოქმედების განმავლობაში ორჯერ პასუხისმგებელი უწყებები გეგმის შესრულების წერილობით ანგარიშს წარადგენენ სამდივნოში.ანგარიშის პროექტი ეგზავნება ფორუმს კომენტარებისთვის და განიხილება ფორუმის სხდომაზე. ამის შემდეგ სამდივნო ამზადებს საბოლოო ანგარიშს და წარუდგენს ანტიკორუფციულ საბჭოსა და OGP-ის სამდივნოს.

გარდა მონიტორინგის მექანიზმისა, 7 ნოემბერს გამართული ფორუმის შეხვედრაზე ასევე მოუსმინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებმაც წევრებს აღებული ვალდებულებების შესრულების ეტაპებზე მიაწოდეს ინფორმაცია. მათ შორისაა დანაშაულის კრიმინოგენური რუკის შექმნა. როგორც სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს აქტიურად მიდის ამ პროექტის განხორციელებაზე მუშაობა. უკვე იანვრიდან იგეგმება რუკის ახალი სისტემის შექმნა.

შეხვედრის დასასრულს ფორუმის თანათავმჯდომარემ, “ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის” (IDFI) დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა ფორუმის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია 2014 წელს შესასრულებელი ვალდებულებების განხორციელების შესახებ. მისი თქმით, ამ დროისთვის მხოლოდ ორი ვალდებულებაა შესრულებული – უზენაესმა სასამართლომ გამოაქვეყნა ფარული მიყურადრების შესახებ შუამდგომლობების სტატისტიკა, აუდიტის სამსახურმა კი პოლიტიკური პარტიების ფინანსური ანგარიშები დამუშავებად ფორმატში გამოაქვეყნა.

გიორგი კლდიაშვილმა ასევე ისაუბრა IDFI-ის მიერ OGP-ის შესახებ ჩატარებული საინფორმაციო კამპანიის შესახებ. ვორქშოფები USAID-ის დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ნაწილია, რომელსაც IDFI ახორციელებს.

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის შეხვედრა გაიმართა

10406772_709737619074822_7473664354019202562_n

ფორუმის შეხვედრა. ფოტო: იუსტიციის სამინისტრო

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმმა მორიგი სამუშაო შეხვედრა 3 ოქტომბერს გამართა. ფორუმის თანათავმჯდომარემ, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რუსუდან მიხელიძემ წევრებს სექტემბრის თვეში OGP-ის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ აცნობა. ამ  პერიოდში ნიუ იორკში ჯერ მაღალი დონის შეხვედრა შედგა, სადაც მოხსენება პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა, მეორე დღეს კი OGP -ის მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც საქართველო, როგორც წევრი პირველად დაესწრო. ქვეყანას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარმოადგენდა. საქართველო მმართველ კომიტეტში მინდინარე წლის ივლისში აირჩიეს.

რუსუდან მიხელიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ მინისტრი თავად ჩაერთო პარტნიორობაში და მაღალ დონეზე გამოიხატა OGP-ის პრინციპების მხარდაჭერა.

მიხელიძემ ფორუმის წევრებს აუხსნა, როგორ მუშაობს მმართველი კომიტეტი. OGP -ში სულ სამი ქვეკომიტეტია – გამოცდილების გაზიარების, კრიტერიუმების და სტანდარტების და მმართვისა და ლიდერების ქვეკომიტეტი. ფორუმის თანათავმჯდომარის თქმით, სავარაუდოდ საქართველო პირველ კომიტეტში გაწევრიანების სურვილს გამოთქვამს, სადაც შესაძლებელი იქნება საკუთარი გამოცდილების გაზიარება  და სხვა ქვეყნებისგან საუკეთსო პრაქტიკის მიღება.

მიხელიძის თქმით, მმართველ კომიტეტში აგრეთვე იმსჯელეს თუ როგორ შეიძლება წაახალისონ ქვეყნები, რომლებსაც საკუთარი სამოქმედო გეგმა ამ დრომდე არ წარუდგენიათ, გარდა ამისა, გადაწყდა, რომ OGP-ს ეყოლება საკუთარი ელჩები. მათი ფუნქცია იქნება პარტნიორობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ნდობისა და პატივისცემის გაზრდა. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხდება ამ ელჩების შერჩევა.

რუსუდან მიხელიძემ ისაუბრა OGP-ის სამუშაო ჯგუფების შესახებაც და აღნიშნა, რომ ასეთი სულ 5 ჯგუფია – ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ღია მონაცემების, ბუნებრივი რესურსების, საბიუჯეტო პროცესების და საკანონდებლო პროცესების ღიაობის. მისი თქმით, კარგი იქნება თუ ფორუმის წევრები აქტიურად ჩაერთვებიან ამ ჯგუფების მუშაობაში.

გარდა ამისა, საქართველოში OGP -ის ფარგლებში საერთაშორისო შეხვედრის გამართვა იგეგმება.

„ვფიქრობთ, რომ ეს იყოს რეგიონული სამიტი. იუსტიციის მინისტრთან გავდივართ ახლა კონსულტაციებს და შემდეგ უკვე მთავრობა განიხილავს ამ საკითხს, უნდა შევაფასოთ რა რესურსები გვაქვს და მოვემზადოთ კარგად“, – აღნიშნა რუსუდან მიხელიძემ.

ფორუმის თანა-თავმჯრომარემ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა განაცხადა, რომ OGP-ის წლიური სამიტი 2015 წლის შემოდგომით უნდა გაიმართოს, ამიტომ თუ საქართველოს სურს რეგიონული შეხვედრის გაკეთება, წლის პირველ ნახევარში უნდა მოესწროს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამზადებელი სამუშაოები მალევე უნდა დაიწყოს.

ფორუმის წევრები დაინტერესდნენ სამოქმედო გეგმის განხორციელების მიმდინარეობითაც. გეგმის თანახმად, 20 სექტემბერს უზენაესს სასამართლოს ფარული მიყურადების შესახებ კვარტალური სტატისტიკა უნდა გამოექვეყნებინა, თუმცა მათ ვებ გვერდზე ეს ინფორმაცია განთავსებული კვლავ არ არის, რის საპასუხოდ ამ უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საერთო სასამართლოების სხვა ტიპის სტატისტიკასთან ერთად გამოქვეყნდება OGP-ის ვალდებულებების ფარგლებში გამოსაქვეყნებელი ინფორმაციაც. მისი თქმით, პირველი მონაცემები საიტზე დაახლოებით ათ დღეში განთავსდება.

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმმა ინფორმაციის შეფასების დამოუკიდებელი მექანიზმის (IRM) პროცესის შესახებაც მიიღო ინფორმაცია. ამ ანგარიშს საქართველოში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ლაშა გოგიძე ამზადებს. მან მონაწილეებს გააცნო IRM-ის კვლევის სტანდარტები და ეტაპები, რასაც მკვლევარი გადის ანგარიშის დასრულებამდე.

შეხვედრის მონაწილეებმა იმჯელეს ფორუმის მუშაობაზეც და შეთანხმდნენ, რომ სამოქმედო გეგმის დამტკიცების შემდეგ შეხვედრის ინტენსივობა შემცირდება და ფორუმი ყოველი თვის ნაცვლად ორ თვეში ერთხელ შეიკრიბება იმპლემენტაციის პროცესის დასაკვირვებლად, მნიშვნელოვანი საკითხების არსებობის შემთხვევაში კი შესაძლებელი იქნება დამატებითი შეხვედრის ჩანიშვნაც.

შეხვედრის დასასრულს ფორუმის წევრებმა ნახეს ვიდეო რგოლი OGP-ის და პარტნიორობაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ. ვიდეო მომზადდა USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელსაც IDFI ახორციელებს.

ღია მმართველობის პარტნიორობის ფორუმის გაფართოებული შეხვედრა

Image

6 ივნისს სასტუმრო “ვერე პალასში” ანტი-კორუფციული საბჭოს ფარგლებში ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრა მიზანად ისახავდა საქართველოს 2014-15 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაწერილი ვალდებულებების განხილვას ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის მიერ მოწოდებული კომენტარებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით.

Continue reading