OGP-ის ფორუმის მორიგ სამუშაო შეხვედრაზე სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის მექანიზმზე იმსჯელეს

10176139_756493341097456_9099372480840238715_n

ფორუმის შეხვედრა. ფოტო: იუსტიციის სამინისტრი

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმმა მორიგი შეხვედრა 7 ნოემბერს გამართა. იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა და ფორუმის თანათავმჯდომარე რუსუდან მიხელიძემ ფორუმის წევრებს სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგისა და შეფასების ახალი მექანიზმი შესთავაზა.

პროგრეს მონიტორინგი ყოველ კვარტალურად წარედგინება OGP-ის სამდივნოს. შემუშავებულია სპეციალური ცხრილი, რომელიც სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელმა პირებმა უნდა შეავსონ ვალდებულების განხორციელების ეტაპების შესახებ და მიუთითონ დაგეგმილი აქტივობა სრულად შესრულდა, უმეტესად შესრულდა ნაწილობრივ შესრულდა თუ განხორციელების ეტაპზეა. ანგარიშს თან დაერთვება სამოქალაქო საზოგადეობის და სამდივნოს შეფასება. გარდა ცხრილის შევსებისა, უწყებებს ევალებათ ფორუმისთვის პროგრესის შესახებ მოკლე ანგარიშის წარდგენა.თითოეულ სხდომაზე ვალდებულებების შესრულებაზე 16 უწყებიდან ოთხი ისაუბრებს.

გარდა პროგრეს მონიტორინგის ანგარიშისა, სამოქმედო გეგმის მოქმედების განმავლობაში ორჯერ პასუხისმგებელი უწყებები გეგმის შესრულების წერილობით ანგარიშს წარადგენენ სამდივნოში.ანგარიშის პროექტი ეგზავნება ფორუმს კომენტარებისთვის და განიხილება ფორუმის სხდომაზე. ამის შემდეგ სამდივნო ამზადებს საბოლოო ანგარიშს და წარუდგენს ანტიკორუფციულ საბჭოსა და OGP-ის სამდივნოს.

გარდა მონიტორინგის მექანიზმისა, 7 ნოემბერს გამართული ფორუმის შეხვედრაზე ასევე მოუსმინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებმაც წევრებს აღებული ვალდებულებების შესრულების ეტაპებზე მიაწოდეს ინფორმაცია. მათ შორისაა დანაშაულის კრიმინოგენური რუკის შექმნა. როგორც სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს აქტიურად მიდის ამ პროექტის განხორციელებაზე მუშაობა. უკვე იანვრიდან იგეგმება რუკის ახალი სისტემის შექმნა.

შეხვედრის დასასრულს ფორუმის თანათავმჯდომარემ, “ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის” (IDFI) დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა ფორუმის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია 2014 წელს შესასრულებელი ვალდებულებების განხორციელების შესახებ. მისი თქმით, ამ დროისთვის მხოლოდ ორი ვალდებულებაა შესრულებული – უზენაესმა სასამართლომ გამოაქვეყნა ფარული მიყურადრების შესახებ შუამდგომლობების სტატისტიკა, აუდიტის სამსახურმა კი პოლიტიკური პარტიების ფინანსური ანგარიშები დამუშავებად ფორმატში გამოაქვეყნა.

გიორგი კლდიაშვილმა ასევე ისაუბრა IDFI-ის მიერ OGP-ის შესახებ ჩატარებული საინფორმაციო კამპანიის შესახებ. ვორქშოფები USAID-ის დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ნაწილია, რომელსაც IDFI ახორციელებს.

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის შეხვედრა გაიმართა

10406772_709737619074822_7473664354019202562_n

ფორუმის შეხვედრა. ფოტო: იუსტიციის სამინისტრო

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმმა მორიგი სამუშაო შეხვედრა 3 ოქტომბერს გამართა. ფორუმის თანათავმჯდომარემ, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რუსუდან მიხელიძემ წევრებს სექტემბრის თვეში OGP-ის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ აცნობა. ამ  პერიოდში ნიუ იორკში ჯერ მაღალი დონის შეხვედრა შედგა, სადაც მოხსენება პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა, მეორე დღეს კი OGP -ის მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც საქართველო, როგორც წევრი პირველად დაესწრო. ქვეყანას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარმოადგენდა. საქართველო მმართველ კომიტეტში მინდინარე წლის ივლისში აირჩიეს.

რუსუდან მიხელიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ მინისტრი თავად ჩაერთო პარტნიორობაში და მაღალ დონეზე გამოიხატა OGP-ის პრინციპების მხარდაჭერა.

მიხელიძემ ფორუმის წევრებს აუხსნა, როგორ მუშაობს მმართველი კომიტეტი. OGP -ში სულ სამი ქვეკომიტეტია – გამოცდილების გაზიარების, კრიტერიუმების და სტანდარტების და მმართვისა და ლიდერების ქვეკომიტეტი. ფორუმის თანათავმჯდომარის თქმით, სავარაუდოდ საქართველო პირველ კომიტეტში გაწევრიანების სურვილს გამოთქვამს, სადაც შესაძლებელი იქნება საკუთარი გამოცდილების გაზიარება  და სხვა ქვეყნებისგან საუკეთსო პრაქტიკის მიღება.

მიხელიძის თქმით, მმართველ კომიტეტში აგრეთვე იმსჯელეს თუ როგორ შეიძლება წაახალისონ ქვეყნები, რომლებსაც საკუთარი სამოქმედო გეგმა ამ დრომდე არ წარუდგენიათ, გარდა ამისა, გადაწყდა, რომ OGP-ს ეყოლება საკუთარი ელჩები. მათი ფუნქცია იქნება პარტნიორობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ნდობისა და პატივისცემის გაზრდა. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხდება ამ ელჩების შერჩევა.

რუსუდან მიხელიძემ ისაუბრა OGP-ის სამუშაო ჯგუფების შესახებაც და აღნიშნა, რომ ასეთი სულ 5 ჯგუფია – ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ღია მონაცემების, ბუნებრივი რესურსების, საბიუჯეტო პროცესების და საკანონდებლო პროცესების ღიაობის. მისი თქმით, კარგი იქნება თუ ფორუმის წევრები აქტიურად ჩაერთვებიან ამ ჯგუფების მუშაობაში.

გარდა ამისა, საქართველოში OGP -ის ფარგლებში საერთაშორისო შეხვედრის გამართვა იგეგმება.

„ვფიქრობთ, რომ ეს იყოს რეგიონული სამიტი. იუსტიციის მინისტრთან გავდივართ ახლა კონსულტაციებს და შემდეგ უკვე მთავრობა განიხილავს ამ საკითხს, უნდა შევაფასოთ რა რესურსები გვაქვს და მოვემზადოთ კარგად“, – აღნიშნა რუსუდან მიხელიძემ.

ფორუმის თანა-თავმჯრომარემ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა განაცხადა, რომ OGP-ის წლიური სამიტი 2015 წლის შემოდგომით უნდა გაიმართოს, ამიტომ თუ საქართველოს სურს რეგიონული შეხვედრის გაკეთება, წლის პირველ ნახევარში უნდა მოესწროს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამზადებელი სამუშაოები მალევე უნდა დაიწყოს.

ფორუმის წევრები დაინტერესდნენ სამოქმედო გეგმის განხორციელების მიმდინარეობითაც. გეგმის თანახმად, 20 სექტემბერს უზენაესს სასამართლოს ფარული მიყურადების შესახებ კვარტალური სტატისტიკა უნდა გამოექვეყნებინა, თუმცა მათ ვებ გვერდზე ეს ინფორმაცია განთავსებული კვლავ არ არის, რის საპასუხოდ ამ უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საერთო სასამართლოების სხვა ტიპის სტატისტიკასთან ერთად გამოქვეყნდება OGP-ის ვალდებულებების ფარგლებში გამოსაქვეყნებელი ინფორმაციაც. მისი თქმით, პირველი მონაცემები საიტზე დაახლოებით ათ დღეში განთავსდება.

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმმა ინფორმაციის შეფასების დამოუკიდებელი მექანიზმის (IRM) პროცესის შესახებაც მიიღო ინფორმაცია. ამ ანგარიშს საქართველოში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ლაშა გოგიძე ამზადებს. მან მონაწილეებს გააცნო IRM-ის კვლევის სტანდარტები და ეტაპები, რასაც მკვლევარი გადის ანგარიშის დასრულებამდე.

შეხვედრის მონაწილეებმა იმჯელეს ფორუმის მუშაობაზეც და შეთანხმდნენ, რომ სამოქმედო გეგმის დამტკიცების შემდეგ შეხვედრის ინტენსივობა შემცირდება და ფორუმი ყოველი თვის ნაცვლად ორ თვეში ერთხელ შეიკრიბება იმპლემენტაციის პროცესის დასაკვირვებლად, მნიშვნელოვანი საკითხების არსებობის შემთხვევაში კი შესაძლებელი იქნება დამატებითი შეხვედრის ჩანიშვნაც.

შეხვედრის დასასრულს ფორუმის წევრებმა ნახეს ვიდეო რგოლი OGP-ის და პარტნიორობაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ. ვიდეო მომზადდა USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელსაც IDFI ახორციელებს.

ღია მმართველობის პარტნიორობის ფორუმის გაფართოებული შეხვედრა

Image

6 ივნისს სასტუმრო “ვერე პალასში” ანტი-კორუფციული საბჭოს ფარგლებში ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრა მიზანად ისახავდა საქართველოს 2014-15 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაწერილი ვალდებულებების განხილვას ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის მიერ მოწოდებული კომენტარებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით.

Continue reading

ღია მმართველობის ფორუმის მეხუთე შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში

Image

29 აპრილს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა ღია მმართველობის პარტნიორობის ფორუმის მეხუთე შეხვედრა. ფორუმის მიზანი იყო ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის პირველადი ვარიანტის განხილვა, რომელიც 30 აპრილს უნდა წარედგინოს ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველ კომიტეტს (Steering Committee), ხოლო დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი უნდა დამტკიცდეს 15 ივნისს. შეხვედრამ, რომელსაც ესწრებოდნენ საჯარო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მიმოიხილა ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების რელევანტურობა OGP-ის მიზნებთან და გამოწვევებთან; შეხვედრის ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ანგარიშვალდებულ საჯარო უწყებებს გააცნეს საკუთარი რეკომენდაციები.

Continue reading

ღია მმართველობის პარტნიორობის ფორუმის მეოთხე შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში

Image

7 აპრილს იუსტიციის სამინისტროში ღია მმართველობის პარტნიორობის მეოთხე ფორუმი გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.

ფორუმი სამ ნაწილად გაიმართა. პირველ ნაწილში მონაწილეებმა განიხილეს სამოქმედო გეგმაში გაწერილი ვალდებულებები და მათი რელევანტურობა OGP-ის მიზნებთან. ამ ეტაპზე გაწერილია 20-ზე მეტი ვალდებულება, რომელთა შესრულებაზეც პასუხისმგებლობას იღებს სხვადასხვა საჯარო დაწესებულება პარტნიორ უწყებებთან ერთად. ვალდებულებები ოთხი ძირითადი მიმართულების გაუმჯობესებას ემსახურება: საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქმედო გეგმაში ვალდებულებები არ არის სრულყოფილად გაწერილი, რადგან ყველა უწყებას არ წარუდგენია მის მიერ აღებული ვალდებულებების სია.

Continue reading

ღია მმართველობა საქართველოს მესამე ფორუმი

5 მარტს ღია მმართველობა საქართველოს მორიგი, რიგით მესამე ფორუმი გაიმართა. ფორუმს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა ესწრებოდნენ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებისა და სამინისტროების, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ასევე, USAID-ის, UNDP-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები. ამასთანავე, რიგით მესამე ფორუმზე UNDP და ევროკავშირი ფორუმში გაწევრიანდნენ.

Image

Continue reading

ღია მმართველობა საქართველოს მეორე ფორუმი

IMG-20140205-003875 თებერვალს იუსტიციის სამინისტროში “ღია მმართველობა საქართველოს” რიგით მეორე ფორუმი შედგა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც საჯარო, ასევე ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. “ღია მმართველობა საქართველოს” ფორუმი საკოორდინაციო-საკონსულტაციო მექანიზმია, რომელიც მონაწილეობს სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგში.

Continue reading