ინტელექტუალურ თამაშში პარლამენტის შესახებ 18 უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთნენ

საქართველოს 18 უნივერსიტეტის 100-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ.“ გამარჯვებული გუნდები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად ძიძიგურმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა, და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ კარლო ნატალემ, დააჯილდოვეს. პირველი ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ხოლო მესამე კი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

თამაშის მიზანი იყო საპარლამენტო საქმიანობის საკითხებში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და საკანონმდებლო პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდა. თამაშის 30 შეკითხვა მოიცავდა ზოგად და ისტორიულ ცნობებს საქართველოსა და სხვა ქვეყნების პარლამენტების შესახებ და ინფორმაციას გამოჩენილ პარლამენტარებზე.

ღონისძიებას გაუძღვა გიორგი მოსიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი და „რა? სად? როდის?“ კლუბის პრეზიდენტი. თამაშის მონაწილეებს მიმართეს ირინა ფრუიძემ, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, და გიორგი კლდიაშვილმა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა.

ინტელექტუალურ თამაშის ორგანიზატორი იყო საქართველოს პარალმენტი, ხოლო მხარდამჭერები – ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით. „ახალგაზრდების ჩართულობა და მათი ინფორმირებულობა ქვეყნაში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესების შესახებ აუცილებელია. ღია პარლამენტის ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტმა სამოქალაქო საზოგადოების, დონორი და საერთაშორისო/პარტნიორი ორგანიზაციების მეშვეობით ბევრი ახალი ინსტრუმენტი შექმნა, რაც ვფიქრობ მოქალაქეებს მისცემს საშუალებას აქტიურად ჩაერთონ პარლამენტის საქმიანობაში.“ – აღნიშნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა სტუდენტებთან საუბრისას.

„ძლიერი დემოკრატია საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესებს წარმოადგენს“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში.

„საპარლამენტო საქმიანობით ახალი თაობის დაინტერესების შედეგად დემოკრატიულ პროცესებში მეტი ნიჭიერი და ენერგიული ახალგაზრდა ჩაერთვება, რაც ხელს შეუწყობს მათი მისწრაფების განხორციელებას სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად“, – დასძინა მან.

კარლო ნატალემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, ხაზი გაუსვა მოქალაქეთა და განსაკუთრებით ახალგაზრდობის მონაწილეობის მნიშვნელობას სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატიის მისაღწევად.

„ევროკავშირი ხელს უწყობს საპარლამენტო რეფორმას საქართველოში და მხარს უჭერს ახალგაზრდების მეტ ჩართულობას პარლამენტის საქმიანობაში“, – განაცხადა კარლო ნატალემ.

ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ“ ცნობიერების ამაღლების მიმდინარე კამპანიის ნაწილია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელშეწყობით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს 15 უნივერსიტეტში პარლამენტის დღეები გაიმართება. დისკუსიები, რომლებშიც სტუდენტები და უნივერსიტეტების თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას, ეხება საქართველოს პარლამენტის ფუნქციებს და საქართველოს მიღწევებს საკანონმდებლო ღიაობის გზაზე.

 

საპარლამენტო ღიაობა ქართული მედიის ყურადღების ცენტში

წამყვანი ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენელი 22-ზე მეტი ჟურნალისტი შეხვდა ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსა და მისი საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს. შეხვედრის მიზანი ჟურნალისტებისთვის საბჭოს საქმიანობისა და საკანონმდებლო ღიაობის კუთხით საქართველოს პარლამენტის მიღწევების გაცნობა იყო.

შეხვედრა ჩატარდა საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.

შეხვედრაზე ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფრუიძემ ფართოდ ისაუბრა საბჭოს როლსა და ფუნქციებზე, რაც მოიცავს საპარლამენტო ღიაობის უზრუნველყოფას, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს.

„წლების წინ, საქართველომ ამბიციური განაცხადი გააკეთა, როდესაც ის გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ღია მმართველობის პრინციპი საპარლამენტო დონეზე დანერგა. ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმების განხორციელების შედეგად შეიქმნა შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი და შემუშავებულ იქნა ტექნოლოგიური მექანიზმები, რათა ხელი შეეწყოს პარლამენტის მეტ გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და მოქალაქეთა ჩართულობას საკანონმდებლო პროცესებში. ყველა ეს რეფორმა შეუძლებელი იქნებოდა პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გარეშე,“ – აღნიშნა ირინა ფრუიძემ.

„მედია არის უმნიშვნელოვანესი საშუალება მთავრობისთვის საკუთარი საქმიანობის შესაფასებლად და გასაუმჯობესებელი სფეროების აღმოსაჩენად. მედია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, ხელს უწყობს ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ინფორმაციის გაცვლას, რაც, საბოლოო ჯამში, ინფორმირებული საზოგადოებებისა და სრულფასოვანი დემოკრატიის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი წინაპირობაა,“ – ამბობს გიორგი კლდიაშვილი, IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ღია პარლამენტი არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლის გამოყენებითაც საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP) არის ჩართული. OGP არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს 70-ზე მეტ ქვეყანას, და ეხმარება მთავრობებს გახდნენ უფრო ღია, ანგარიშვალდებული და მოქალაქეზე ორიენტირებული. 2015 წლიდან საქართველოს პარლამენტმა სამი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა: 2015-2016, 2017 და 2018-2019 წლების გეგმები. პირველი ორი სამოქმედო გეგმა 34 ვალდებულებისგან შედგებოდა, რომელთაგან 15 სრულად, ხოლო 14 ნაწილობრივ შესრულდა. მიმდინარე გეგმა შედგება 5 ამბიციური ვალდებულებისგან, რომელთა მიზანია ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით პარლამენტის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის განმტკიცება და საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმისა და პარლამენტის მდგრადი განვითარების მიზნების სტრატეგიის განხილვა

2019 წლის 14-15 მარტს, საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოსა და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის სამდღიან შეხვედრაზე, გაიმართა მსჯელობა ღია მმართველობისა და მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ.

ღონისძიება შედგა ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელშეწყობით.

საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე იმსჯელეს და მდგრადი განვითარების მიზნების საკითხებში საქართველოს პარლამენტის სტრატეგია განიხილეს.

“2018 წელს საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ღიაობის, გამჭვირვალობის, ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების განვითარების მიმართულებით,“ – აღნიშნა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ. “ღია პარლამენტის მესამე სამოქმედო გეგმა, რომელიც 2018-2019 წლებს მოიცავს, ფართო საზოგადოებასთან კონსულტაციების შედეგს წარმოადგენს და ჩვენს სამომავლო ვალდებულებებს განსაზღვრავს – ახალი მექანიზმების შექმნას მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად და პარლამენტის როლის გაძლიერებას მდგრადი განვითარების ეროვნული მიზნების მისაღწევად“.

ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის მიმოხილვის შემდეგ გაიმართა მსჯელობა საქართველოს პარლამენტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში. აღნიშნული დოკუმენტები შვედეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით მომზადდა. ჯგუფური განხილვების მსვლელობაში, რომლებსაც გაეროს კონსულტანტი, რუსუდან ტუშური, უძღვებოდა, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის პრიორიტეტებსა და საქმიანობაზე, რომლებიც მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგის განხორციელებას უკავშირდება.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კომუნიკაციების მენეჯერმა, მერი მახარაშვილმა, წარადგინა ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, და საქართველოს პარლამენტის სოციალური მედიის საკომუნიკაციო კონცეფცია, რომელიც ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით მომზადდა.

სამდღიანი შეხვედრის დასასრულს, 16 მარტს გაიმართა სემინარი ჟურნალისტებისათვის, რომელსაც ოცდაორი ბეჭდვითი, სამაუწყებლო და ონლაინ მედია საშუალების წარმომადგენელი დაესწრო. ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს წევრებმა გააცნეს ჟურნალისტებს საქართველოს მიღწევები ღია მმართველობის სფეროში და უპასუხეს მათ შეკითხვებს მიღწეული წარმატებებისა და არსებული გამოწვევების შესახებ.

შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგნელებთან

საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაძლიერების და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის წევრები კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი მიზანი მათი მოსაზრებების მოსმენაა და კერძო სექტორის პარლამენტთან თანამშრომლობის გაღრმავება იყო. შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის (EU) და UNDP საქართველოს მხარდაჭერითა და IDFI-სთან თანამშრომლობით.

შეხვედრა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ გახსნა. მან საკანონმდებლო ღიაობის კუთხით საქართველოს მიღწევებზე და ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტი სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

გამოსვლაში ირინა ფრუიძემ ყურადღება გაამახვილა 2018-2019 წლების ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე, რომლებიც გულისხმობს კერძო სექტორის საპარლამენტო პროცესში ჩართულობის ინსტიტუციონალიზებას.

„ჩვენი სამუშაო ჯგუფის მიზანია ხელი შეუწყოს პარლამენტის ღიაობას კერძო სექტორთან დიალოგის მეშვეობით და შექმნას ის ფორმატები, რომლებიც საჭიროა იმისათვის, რომ პარლამენტს ჰქონდეს მეტი კომუნიკაცია კერძო სექტორთან, ხოლო კერძო სექტორს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ გამჭვირვალე მეთოდებით მოახდინოს ზეგავლენა საპარლამენტო პროცესებზე და გადაწყვეტილებების მიღებაზე“, – აღნიშნა ირინა ფრუიძემ.

„პარლამენტის მიერ მიღებული კანონების მნიშვნელოვანი ნაწილი დიდ გავლენას ახდენს კერძო სექტორზე და ამიტომ, ამერიკის სავაჭრო პალატის ინიციატივით, საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაში გაჩნდა ერთ-ერთი სიახლე, რაც დაკავშირებულია კერძო სექტორთან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გამჭვირვალობის გაძლიერების და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა.

„ეს სიახლე ახალ არეალს ხსნის პარლამენტისთვის და ღია მმართველობის საბჭოსთვის. ღია პარლამენტის მესამე სამოქმედო გეგმაში ჩვენ გვიწერია ვალდებულება, რომ უნდა შეიქმნას დაინტერესებული პირების საერთო რეესტრი და განთავსდეს პარლამენტის ვებგვერდზე, რათა საწყის ეტაპზევე უზრუნველყოფილი იყო ამ პირების ჩართულობა საკანონმდებლო პროცესში. ეს შეხვედრა შეიძლება იყოს დასაწყისისთვის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ავაწყოთ ისეთი თანამშრომლობა, რომლის საშუალებითაც თქვენ უფრო აქტიურად გექნებათ ინფორმაცია და ჩვენთვისაც იქნება მეტი შესაძლებლობა გავითვალისწინოთ თქვენი მოსაზრებები სამუშაო პროცესში“, – დასძინა თამარ ჩუგოშვილმა.

სამოქმედო გეგმაში კერძო სექტორთან მიმართებაში არსებული მეორე ვალდებულება ასევე ეხება ლობისტურ ორგანიზაციებს. კერძოდ, უნდა შეიქმნას ლობისტური ორგანიზაციების რეესტრი და განთავსდეს პარლამენტის ვებგვერდზე.

შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ამ საკითხებთან დაკავშირებით. თამარ ჩუგოშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო კონკრეტული ნაბიჯები საპარლამენტო საქმიანობაში კერძო სექტორის ჩართულობის ინსტიტუციონალიზებასთან დაკავშირებით.

პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება და რომ შეხვედრები მომავალში სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც გაიმართება.

საბჭომ და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა მესამე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე იმსჯელეს

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საბჭოსთან არსებულმა საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა მესამე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე იმსჯელეს. შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მმართველობის სექტორის კოორდინატორმა სოფი ჰუე გერიშმა, UNDP საქართველოს დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემ და IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილი.

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ შეხვედრის მონაწილეებს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში გააცნო.

„ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ახალი სამოქმედო გეგმის განხორციელება. შექმნილია ოთხი სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფების ნაწილმა უკვე განახორციელა გარკვეული საქმიანობა. დღეს, ასევე განვიხილეთ ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტის (IDFI) დახმარებით მომზადებულ ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს კომუნიკაციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას და საქართველოს პარლამენტის სოციალური ქსელების კონცეფციის სამუშაო დოკუმენტებს. ეს ორივე დოკუმენტი მესამე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებებია“, – აღნიშნა ირინა ფრუიძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ისაუბრა საქართველოს პარლამენტში მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

„მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნა თავის თავში მოიაზრებს იმდენად დიდ რეფორმას და ახალ კონცეპტუალურ ხედვას, რომ ამის გააზრებით ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად თვისობრივად ახალი და მიმზიდველი შეიძლება გახდეს პარლამენტი მოქალაქისთვის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, მოქალაქეთა მისაღები ძალიან დიდ, კომლექსურ სამუშაოს ასრულებს და ის უნდა პასუხობდეს ახალ გამოწვევებს და აკმაყოფილებდეს ახალ სტანდარტებს.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სამუშაო პროცესში ჩატარებული პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე მოხდა პრობლემების გამოვლენა. ამ საკითხებთან დაკავშირებით ეკა ბესელიამ დეტალურად ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეებს პრობლემების მოგვარებისთვის საჭირო ღონისძიებები გააცნო.

სამუშაო შეხვედრაზე ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა IDFI-ის მიერ მომზადებული საბჭოს საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგია/სამოქმედო გეგმა და პარლამენტის სოციალური ქსელების კონცეფცია განიხილეს.

სტრატეგიული დოკუმენტები შეხვედრის მონაწილეებს IDFI-ის კომუნიკაციების მენეჯერმა მერი მახარაშვილმა წარმოუდგინა. დოკუმენტების მიზანია საკანომდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ხელშეწყობა.

 2 წლიანი გეგმა ასევე მოიცავს პარლამენტის ღიაობის უზრუნველსაყოფად დანერგილი ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების პოპულარიზაციას და მათი გამოყენების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ორივე დოკუმენტი ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებებია [5.1. და 5.4], რომელთა განხორციელებაც საქართველოს პარლამენტმა 2019-2020 წლებში უნდა უზრუნველყოს. დოკუმენტები მომზადდა ევროკავშირისა (EU) და UNDP საქართველოს მხარდაჭერით.

ღონისძიების ფოტოალბომი იხილეთ აქ.

OGP-ის გლობალური სამიტი საქართველოში

17-19 ივლისს, თბილისში, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) რიგით მეხუთე გლობალური სამიტი გაიმართა. სამიტი საპარლამენტო ღიაობის დღით გაიხსნა, რომელსაც 17 ივლისს საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა (იხ. ღონისძიების ფოტოები).

საპარლამენტო დღის პარალელურად, OGP-ის სამიტის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების დღეც გაიმართა, რომელსაც ღია მმართველობის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრა გახსნეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა და ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, გიორგი კლდიაშვილმა OGP-ის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებსა და ასევე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს OGP-ში გაერთიანების პირველივე დღიდან, სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს მთავრობასთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული OGP-ის ფუძემდებლური პრინციპების დანერგვაში. თუმცა, აღნიშნული პროცესის მიმდინარეობისას, სამოქალაქო საზოგადოება მთავრობის მხრიდან გარკვეულ პრობლემებს და გამოწვევებს აწყდებოდა, რაც გიორგი კლდიაშვილის თქმით, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით მრავალი ქვეყნის პრობლემას და გამოწვევას წარმოადგენს.

ამასთან, გიორგი კლდიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობა გრძელდება და აუცილებელია, რომ ამ ძალისხმევას რეალური და ამბიციური შედეგი მოჰყვეს. გიორგი კლდიაშვილმა ხაზი გაუსვა ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეფორმების გატარების აუცილებლობას და ეს დღეისათვის არსებულ მთავარ გამოწვევად დაასახელა.

შეხვედრა გაგრძელდა OGP-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის დირექტორის პოლ მაასენის გამოსვლით, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების 2016-2018 წლების გამოკითხვის შედეგები წარმოადგინა. სამოქალაქო საზოგადოების დღეზე ასევე განხილულ იქნა OGP-ის წევრი სახელმწიფოების მიერ ბოლო 6 წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილება და განისაზღვრა პარტნიორობის სამომავლო პრიორიტეტები.

18 ივლისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, OGP-ის ლობალური სამიტის, მთავრი ღონისძიების საზეიმო გახსნა გაიმართა. შეხვედრა გახსნეს საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, OGP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სანჯეი პრადჰანმა და OGP-ის სამოქალაქო საზოგადოების თანათავმჯდომარემ მუკელანი დიმბამ.

IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო პანელში სახელწოდებით – OGP-ის დაპირება მთავრობების მიერ მოქალაქეებისათვის უკეთესი სერვისების გაწევის შესახებ. პანელში ასევე მონაწილეობდნენ/სიტყვით გამოვიდნენ: შრილანკის პრეზიდენტი მაითრიპალა სირისენა, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი მუჰამედკალი აბილგაზიევი, სერბეთის პრემიერ-მინისტრი ანა ბრნაბიკი და ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი/OGP-ის ელჩი ჰელენ კლარკი.

„OGP-ის დაფუძნების პირველივე დღიდან, ჩვენ ამ ინიციატივას ვუყურებდით, როგორც მექანიზმს, რომელიც ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის, მოქალაქეების ჩართულობისა და მათთვის უკეთესი სერვისების მიწოდების კუთხით მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელების შესაძლებლობას გვანიჭებს. OGP-ის საშუალებით, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და მთავრობას შორის დიალოგისათვის აუცილებელი პლატფორმა შეიქმნა. მთავრობასთან დიალოგი და თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნისათვის უდიდეს მიღწევას წარმოადგენს და ლოგიკურია, რომ აღნიშნულის შედეგად საქართველო პარტნიორობის თავმჯდომარედ იქნა არჩეული. მოქალაქეებისათვის სერვისების გაწევის კუთხით, მინდა ყურადღება იუსტიციის სახლების სერვისების დანერგვაზე გავამახვილო, რაც საქართველოს მიერ შემუშავებული ეროვნული გეგმებიდან გამომდინარე ვალდებულებას წარმოადგენდა. ასევე, საყურადღებოა კორუფციის აღმოფხვრის კუთხით განხორციელებული რეფორმები, უფრო კონკრეტულად კი თანამდებობის პირების მიერ წარმოდგენილი ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შემუშავება.” – აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა და დასძინა: “მიმაჩნია, რომ აღნიშნული ვალდებულებები და რეფორმები უშუალოდ მოქალაქეების ინტერესებზე იყო ორიენტირებული. გამოწვევებზე საუბრისას, აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში, მთავრობა ვერ განსაზღვრავს მოქალაქეების მოთხოვნებსა და სურვილებს და ამის ნათელი მაგალითი ის რეფორმებია, რომლებზეც მე ვისაუბრე და რომლებიც, ძირითადად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ შემუშავებულ და მთავრობისათვის წარდგენილ ინიციატივებს წარმოადგენს. იმ ვალდებულებებზე საუბრისას, რომლებიც უშუალოდ სახელმწიფო უწყებების მიერ იქნა შემუშავებული, აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში, ეს ვალდებულებები ნაკლებად რელევანტურია და არ ეხმაურება მოქალაქეების მოთხოვნებსა და მოლოდინებს.“ (გიორგი კლდიაშვილის სიტყვა – ვიდეო)

სამიტის გახსნა OGP-ის ახალი წევრი ქვეყნების წარდგენით დასრულდა. სახელდობრ, ინიციატივას შეუერთდნენ ეკვადორის, ყირგიზეთის, მოროკოს, პორტუგალიისა და სენეგალის მთავრობები და ასევე ესპანეთის, რუმინეთის, ნიგერიის, კოლუმბიისა და ფილიპინების ადგილობრივი ხელისუფლებები.

18 ივლისს, OGP-ის გლობალური სამიტი სხვადასხვა თემის შესახებ პანელებით გაგრძელდა. IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო პანელში სახელწოდებით – ღია მმართველობის კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობაში არსებული შედეგები, გამოწვევები და შესაძლებლობები. აღნიშნული პანელის მიზანს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების მიერ ღია მმართველობის, ეკონომიკისა და ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენდა. გიორგი კლდიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე.

„საქართველოში არსებული ანტიკორუფციული სისტემა პრაქტიკაში სრულყოფილად არ მუშაობს, რადგან იგი ვერ აჩერებს მაღალი დონის კორუფციას. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ბოლო ღია მმართველობის პარტნიორობის ეროვნული სამოქმედო გეგმა არ შეიცავს ამბიციურ ვალდებულებებს, განსაკუთრებით ანტიკორუფციული მიმართულებით. IDFI და მისი პარტნიორი ორგანიზაციები ითხოვდნენ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას, რაც, სამწუხაროდ, არ აისახა სამოქმედო გეგმაში.“ – განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

19 ივლისს, OGP-ის გლობალური სამიტის დასკვნით დღეს, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ, საკანონმდებლო ფონდის გლობალურმა აღმასრულებელმა დირექტორმა მარია ბარონმა, პარაგვაის სენატორთა პალატის წარმომადგენელმა ბლანკა ოველარმა, უკრაინის პარლამენტის წევრმა ალიონა ივანივნა შტრუმმა და IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს პანელში სახელწოდებით – როგორ შეცვალა OGP-ის ოთხმა ვალდებულებამ პარლამენტებსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობა. აღნიშნული პანელის მიზანს ჩართულობის კუთხით არგენტინის, საქართველოს, პარაგვაისა და უკრაინის პარლამენტების გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. ირინა ფრუიძემ და გიორგი კლდიაშვილმა საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმებსა და მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით შემუშავებულ ვალდებულებებზე ისაუბრეს.

19 ივლისს ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოს მიერ OGP-ის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, პანელზე სახელწოდებით – საქართველოს წარმატება, რომელმაც ქვეყანას OGP-ის თავმჯდომარეობა მოუტანა – UNDP საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანაშემწემ ნათია ნაცვლიშვილმა, IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ადმინისტრატორის თანაშემწემ ბროკ ბირმანმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ისაუბრეს OGP-ის ინიციატივის ფარგლებში საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, სამომავლო გეგმებზე და ასევე OGP-ის ფუძემდებლური პრინციპების განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილებაზე.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ OGP-ის პრინციპების განხორციელება საქართველოში მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარეობს და სწორედ ეს გამოარჩევს საქართველოს ინიციატივაში მონაწილე სხვა სახელმწიფოებისგან. საქართველო იმსახურებდა OGP-ის თავმჯდომარეობას და თბილისში სამიტის ჩატარება ჩვენი ქვეყნის წარმატების ცალსახა შედეგს წარმოადგენს.” – განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

საყურადღებოა, რომ IDFI ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტზე საკუთარი პანელით წარსდგა. პანელის ფარგლებში, IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ლომთაძემ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო შესყიდვების გამოყენება მთავრობის ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და ეფექტიანობის გასაზრდელად, ასევე, როგორ უნდა ითანამშრომლონ სამოქალაქო სექტორმა და მთავრობამ სახელმწიფო შესყიდვების გასაუმჯობესებლად.

გლობალურ სამიტზე ყურადღება ასევე დაეთმო მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs) დაკავშირებულ საკითხებს. IDFI-ის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელმა საბა ბუაძემ, მონაწილეობა მიიღო პანელში სახელწოდებით – ინოვაციური პარტნიორობა მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის განხორციელებისა და მონიტორინგისათვის. პანელის ფარგლებში, მან მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

„UNDP-ის მხარდაჭერით, ინდონეზიასთან, მექსიკასთან, სამხრეთ აფრიკასთან, ტუნისთან და ურუგვაისთან ერთად, საქართველოს მიეცა შესაძლებლობა შDG-ის მე-16 მიზნის განხორციელების ზედამხედველობის საპილოტე პროგრამაში მიეღო მონაწილეობა. აღნიშნული წარმოადგენდა უნიკალურ შესაძლებლობას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის (IDFI), რომელიც ამ პროცესში პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსით იყო ჩართული. ინიციატივის მხარდაჭერამდე, საქართველოს მთავრობას უკვე გამოცხადებული ჰქონდა მზადყოფნა მასზედ, რომ მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგი განეხორციელებინა. ამასთან, მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი ჩვენი ქვეყნისათვის პრიორიტეტულად გამოცხადდა. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ 2016 წლიდან, მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ სისტემაში დანერგვის კუთხით, მთავრობის მხრიდან ძალიან მცირედი გაკეთდა. ამასთან, საყურადღებოა, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, IDFI და საქართველოს მთავრობა ერთობლივად მუშაობენ საპილოტე პროგრამის ყველა ფაზის წარმატებით განხორციელებაზე.“ – განაცხადა საბა ბუაძემ.

ღია მმართველობის მე-5 გლობალური სამიტი საპარლამენტო ღიაობის დღით გაიხსნა

ახალი გზები და ინოვაციური ტექნოლოგიები საკანონმდებლო ღიაობის მისაღწევად. ღია მმართველობის გლობალური სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ღიაობის დღეს უმასპინძლა. საერთაშორისო ღონისძიებას 24 ქვეყნისა და 12 პარლამენტის 200-ზე მეტი წარმომადგენელი შეუერთდა.

ღია პარლამენტის დღეზე გამართული მსჯელობა საკანონმდებლო ღიაობის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო, მათ შორის საპარლამენტო რეფორმების გატარებასა და ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას.

ღია პარლამენტის დღე გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მან ხაზი გაუსვა საპარლამენტო ღიაობის მნიშვნელობას დემოკრატიულ განვითარებაში და აღნიშნა საქართველოს მიღწევები ღია პარლამენტის პრინციპების დანერგვის გზაზე.

კონფერენციის მონაწილეებს ვიდეო მიმართვა გაუგზავნა ჰეიდი ჰაუტალამ, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა. მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ სენატორი ბლანკა ოველარი – ღია პარლამენტის ქსელის ParlAmericas პრეზიდენტი, და სანჯეი პრადჰანი – ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი.

ღია პარლამენტის დღეში მონაწილეობა მიიღო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ელჩმა, ახალი ზელანდიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა (1999 – 2008) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ყოფილმა ადმინისტრატორმა (2009 – 2017) – ჰელენ კლარკმა.

საპანელო დისკუსიებს გაუძღვნენ ნილს სკოტი – გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში, მუკელანი დიმბა – ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თანათავმჯდომარე სამოქალაქო საზოგადოებიდან, და ლორა თორნთონი – ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორი საქართველოში.

შეხვედრის დასკვნით ნაწილს დაესწრო კატარინა მატერნოვა, ევროკომისიის გენერალური დირექტორის მოადგილე.

კონფერენციაზე გამართული მსჯელობა შეეხო საკანონმდებლო გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას. მონაწილეებმა ისაუბრეს საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ახალ გზებზე, როგორიცაა მონაწილეობითი კანონშემოქმედება (crowdlaw) და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება. IDFI-ის პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა ისაუბრა იმ ახალი ელექტრონული სერვისების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით დანერგა საკანონდებლო ღიაობის უზრუნველსაყოფად.

სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ ეროვნულ გამოცდილებაზე, წარმატებებსა და გამოწვევებზე საპარლამენტო ღიაობის მიღწევის საქმეში. მათ ასევე განიხილეს საკანონმდებლო ჩართულობის პოლიტიკა, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველმა კომიტეტმა 2016 წლის სექტემბერში მიიღო.

დღის ბოლოს გაიმართა შემაჯამებელი მსჯელობა სამომავლო ნაბიჯებსა და ღია პარლამენტის ელექტრონული ქსელის (OPeN) საქმიანობაზე, რომელსაც გაუძღვნენ სკოტ ჰუბლი – ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მმართველობის პროგრამების დირექტორი, და დევინ ო’შონესი, ვესტმინსტერის ფონდის დემოკრატიისთვის (Westminster Foundation for Democracy) პროგრამების დირექტორი.

საპარლამენტო ღიაობის დღის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობასთან (OGP) თანამშრომლობით, ხოლო მხარდამჭერები – ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარენის პროგრამა (UNDP), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (USAID/GGI),  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI),  ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).