სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები 2015 წლიდან აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს პარლამენტთან ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიმართულებით.

2015 წლიდან საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი ლიდერი OGP-ში. ამ პერიოდში, საპარლამენტო ღიაობის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, რომელთა მონაწილე და მთავრი ინიციატორი იყო სამოქალაქო საზოგადოება. საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, რომელთანაც არსებობს საკონსულტაციო ჯგუფი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების შემადგენლობით.

ჩვენ წლების განმავლობაში, კანონმდებლებთან და პარლამენტის აპარატთან ერთად, დონორი ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით, ვმუშაობდით და მხარს ვუჭერდით რეფორმებს, რომლებიც მოიცავდა საკანონმდებლო ცვლილებებს და პრაქტიკულ სამუშაოებს. რეფორმები განხორციელდა  საპარლამენტო ღიაობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეთა ჩართულობის და ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, რამაც ხელი შეუწყო საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მეტ ღიაობას, ინკლუზიური გარემოს შექმნას, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეების ჩართულობას. დონორი ორგანიზაციების დახმარებით შეიქმნა პარლამენტის ვებგვერდი, პარლამენტის შენობის ინფრასტრუქტურა გახდა შშმ პირებზე ადაპტირებული, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის ლობისტების რეესტრი, სტატისტიკური მონაცემები და ასე შემდგ. დაინერგა საპარლამენტო პეტიციების პლატფორმა, შეიქმნა და ტექნიკით აღიჭურვა მოქალაქეთა მისაღები, შეიქმნა პარლამენტის მობილური აპლიკაცია და სხვა. 

ამ რეფორმების განხორციელებით, ღია მმართველობის პარტნიორობის საკმაოდ დიდ თანამეგობრობაში საქართველო წლების განმავლობაში იყო  ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა  და პარლამენტის და სამოქალაქო საზოგადოების ეს წარმატებული თანამშრომლობის ფორმატი იყო მაგალითი ბევრი ქვეყნისთვის. საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო საზოგადოების  თანამშრომლობითი პროცესის ლოკალური და საერთაშორისო წარმატების ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი იყო 2015 წლის ოქტომბერში, მექსიკაში გამართულ OGP-ს გლობალურ სამიტზე OGP-ს სამოქალაქო საზოგადოების დაწესებული პრიზის მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ. 2018 წელს საქართველოში გაიმართა ღია მმართველობის გლობალური სამიტი და საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა ასობით კოლეგას და სტუმარს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მოგვიწია მუშაობა სამი მოწვევის პარლამენტარებთან. ღია მმართველობაზე მუშაობის პროცესი იყო თანამშრომლობითი ფორმატის, მასში მონაწილეობდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ისე ოპოზიცია, მუდმივმოქმედი საბჭოს წევრები იყვნენ ყველა ფრაქციის წარმომადგენელები. საპარლამენტო ღიაობის პროცესში მიღწევებიც ამ ერთობლივი მუშაობის  შედეგია.

მაშინ, როდესაც სამოქალაქო ორგანიზაციები თანამშრომლობდნენ პარლამენტთან, მხარს უჭერდნენ და ფინანსურ დახმარებას უწევდნენ საპარლამენტო რეფორმების განხორციელებას, საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც იყო რუსეთში არსებული კანონის ანალოგი. კანონპროექტის მიზანი იყო  სამოქალაქო საზოგადოების ორგანზაციების იძულება დარეგისტრირებულიყვნენ „უცხოეთის გავლენის აგენტების რეესტრში“, რათა მომხდარიყო მათი სტიგმატიზება და საზოგადოებაში დისკრედიტირება, ასევე სამოქალაქო საზოგადოების კონტროლის, საბოლოო ჯამში კი მათი  საქმიანობის შეზღუდვა და გაუქმება.

აღნიშნული კანონპროექტის  მიმართ გამოითქვა მკაცრი კრიტიკა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ეს კანონი შეფასდა, როგორც შეუთავსებელი ევროპულ ფასეულობებთან და პრინციპებთან. მიუხედავად იმისა, რომ კანონი საფრთხეს უქმნიდა სამოქალაქო სექტორს და რაც მთავარია, ცხადად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, საპარლამენტო უმრავლესობამ რუსულ კანონს  პირველი მოსმენით მაინც დაუჭირა. მართალია, კანონპროექტის წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე დღიანი სახალხო პროტესტის საპასუხოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი უკან გაიწვია, მაგრამ მათა ნათლად დაადასტურეს რომ ისინი რჩებიან რუსული კანონპროექტის პრინციპების ერთგულნი და, სამომავლოდ უფრო აქტიურად გააგრძელებენ  საზოგადოებრივი საინფორმაციო კამპანიას კანონპროექტის მხარდასაჭერად.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფში შემავალი ორგანიზაციები ვეღარ ვხედავთ საპარლამენტო უმრავლესობასთან ამ ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივას და ვაჩერებთ წევრობას საკონსულტაციო ჯგუფში.

საკონსულტაციო ჯგუფის წევრი ორგანიზაციები:

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) – საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭომ 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

30 ივლისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭომ დაამტკიცა მომდევნო, 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც შემუშავდა საკონსულტაციო ჯგუფის წევრებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად.

საკონსულტაციო ჯგუფის, უმაღლესი საბჭოს წევრებისა და აპარატის მიერ, ასევე, კონკურსში გამარჯვებული იდეების ჩათვლით, სამოქმედო გეგმისთვის წარდგენილი იყო 36 ინიციატივა. განხილვის შედეგად შეირჩა 26 ინიციატივა, რომლებიც ღია მმართველობის სამოქმედო გეგმაში 8 ვალდებულების ფორმით ჩამოყალიბდა.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო ჯგუფმა გაიზიარა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ წარმოდგენილი 4 ინიციატივა – თემატური მოკვლევა ღია მმართველობის საკითხებზე; მოქალაქის მიერ კითხვის ან იდეის ინიციირება საზედამხედველო მექანიზმისთვის – „უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა“; მოქალაქის მიერ კითხვის გაგზავნა საზედამხედველო მექანიზმისთვის – „მინისტრის საათი“; საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. 

სამოქმედო გეგმის განხორციელება მიზნად ისახავს უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდას, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის ზრდას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად ღია მმართველობის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმაში წარმოდგენილი ვალდებულებები დაყოფილია 3 ძირითად მიმართულებად – საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა საკანონმდებლო საქმიანობაში; საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა საზედამხედველო საქმიანობაში; ცნობიერების ამაღლება და გამჭვირვალობა.

საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის გასაზრდელად დაინერგება სხვადასხვა ონლაინ მექანიზმი, მათ შორის, კანონპროექტებზე ხმის მიცემა და კანონპროექტების საჯაროდ განხილვა, მოქალაქის მიერ „მინისტრის საათისთვის“ კითხვის გაგზავნის მოდული, „უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვისთვის“ იდეის ან შეკითხვის გაზიარების ველი. ცნობიერების ამაღლების მიზნით დაიგეგმება საინფორმაციო კამპანიები. აჭარის უმაღლესი საბჭო, სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ასევე, გეგმავს ორგანიზება გაუწიოს ღია მმართველობის რეგიონულ საკანონმდებლო ორგანოთა საერთაშორისო ქსელის შექმნას და გამართოს აღნიშნული ქსელის პირველი კონფერენცია.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა

14-15 ივლისს აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის წარმოდგენილი ინიციატივები.

სამუშაო შეხვედრა გახსნეს უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერმა, გიორგი ბობღიაშვილმა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ღია მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა დავით მაისურაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, აპარატის უფროსი, ქეთევან კვინიკაძე და აპარატის უფროსის მოადგილე გიორგი ცხვედიანი, რომლებმაც შეხვედრის განმავლობაში გაუზიარეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტის გამოცდილება ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით.

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2022-2024 წლების ღია მმართველობის სამოქმედო გეგმისთვის ინიციატივები წარმოადგინეს საკონსულტაციო ჯგუფის წევრმა ორგანიზაციებმა – გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), დემოკრატიის ინსტიტუტმა, მწვანე სექტორმა, ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრმა და ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა. ინიციატივები ასევე წარმოადგინეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა. შეხვედრაზე განიხილეს ინიციატივების კონკურსში – „იდეა უმაღლესი საბჭოს ღიაობისთვის“ გამარჯვებული სამი იდეაც – მობილური აპლიკაცია SCAapp, კონკურსი „ვიცი კონსტიტუცია“ და მიეცით ხმა კანონპროექტს, რომელთა ავტორები არიან სკოლების მოსწავლეები. აღნიშნული იდეების გათვალისწინებაც მოხდება ახალ სამოქმედო გეგმაში.

წარდგენილი ინიციატივები და რეკომენდაციები მიზნად ისახავს უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო და საზედამხედველო  საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდას, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის ზრდას.

სამუშაო შეხვედრაზე განხილული ინიციატივები შეჯერდა და რვა ვალდებულების ფორმით ჩამოყალიბდა, რომლებსაც განიხილავს აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭო და საბოლოო ფორმით დაამტკიცებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურო.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

IDFI-მ შეიმუშავა რეკომენდაციები აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებასთან დაკავშირებით

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შეიმუშავა რეკომენდაციები აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ნუსხის გასაზრდელად. რეკომენდაციები შემუშავებულია აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ მე-11 ვალდებულებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ვალდებულება ითვალისწინებს უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე დოკუმენტების ადვილად დასამუშავებელ ფორმატში განთავსებას და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხის გაზრდას.

უმაღლეს საბჭოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას არეგულირებს „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯაროინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ უმაღლესი საბჭოს დადგენილება, რომელიც მიღებულია 2014 წლის 20 მარტს. აღსანიშნავია, რომ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით უმაღლესი საბჭო გამოირჩევა დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულებით, თუმცა აღნიშნული დადგენილება ხშირ შემთხვევაში საბჭოს არ ავალდებულებს დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნებას. შესაბამისად, მხოლოდ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება ვერ პასუხობს პროაქტიული გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის მოთხოვნებს. სწორედ ამიტომ,ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის შეთანხმებით, გადაწყდა,რომ მნიშვნელოვანი იყო, უმაღლეს საბჭოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტების ამაღლება და აღნიშნულის განსახორციელებლად რეკომენდაციების შემუშავება.

რეკომენდაციები

პარლამენტში ამოქმედდა მოქალაქეთა განახლებული მისაღები

2 მაისს საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში განახლებული მოქალაქეთა მისაღები გაიხსნა. მოქალაქეთა მისაღები არის საქართველოს პარლამენტის მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფციის შემადგენელი ნაწილი. მოქალაქეთა განახლებული მისაღები მიზნად ისახავს საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობას და საპარლამენტო სერვისების მოქალაქეთათვის „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მიწოდებას. 

მოქალაქეთა განახლებულ მისაღებში, საქართველოს მოქალაქეებს დახვდებათ ელექტრონული მონიტორი, სადაც საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი იქნება მათთვის ყველაზე უფრო საინტერესო ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის, პარლამენტის კომიტეტების, პარლამენტის წევრებისა და მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივებისა და საკანონმდებლო წინადადებების შესახებ. ასევე, მისაღებში განთავსებულ მონიტორზე გავა საინფორმაციო კლიპები, მათ შორის ვიდეო-კლიპი პარლამენტის მობილურ აპლიკაციასთან დაკავშირებით. მოქალაქეთა მისაღებში არსებულ საინფორმაციო დაფებზე განთავსებულია საპარლამენტო სერვისების ამსახველი სხვადასხვა საინფორმაციო ბროშურა.

ელექტრონული დეშბორდის აპლიკაცია, მობილური აპლიკაციის ვიდეო და 23 დასახელების საინფორმაციო ბროშურა, სადაც აღწერილია საპარლამენტო სერვისების შესახებ ინფორმაცია, შეიქმნა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის – „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის თვითშეფასების ანგარიშის მომზადებაზე ტრენინგი ჩატარდა

28 აპრილს, IDFI-ს ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის თვითშეფასების ანგარიშის მომზადებაზე. ტრენინგს ესწრებოდნენ ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოსა და პარლამენტის საპარლამენტო საბჭოების სამდივნოების წარმომადგენლები. მოწვეული ტრენერი იყო დამოუკიდებელი კონსულტანტი ლაშა გოგიძე, რომელსაც აქვს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შეფასების დამოუკიდებელი მექანიზმის (IRM) განხორციელების გამოცდილება.

შეხვედრა გახსნეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ბობღიაშვილმა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ღია მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა – დავით მაისურაძემ. შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებმა განიხილეს მათ შორის ისეთი საკითხები როგორიცაა თანაშემოქმედების სტანდარტი OGP-ში, OGP ვალდებულების შესრულების შესახებ საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა და თვითშეფასების ანგარიშის სტანდარტები და მასთან დაკავშირებული გამოწვევები.

ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის – „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ანალოგიური სახის ტრენინგი ჩატარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს სამდივნოსთვის და შემუშავადა თვითშეფასების მეთოდოლოგიები როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსთვის, ასევე, საქართველოს პარლამენტის  ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოსთვის.

ტრენინგები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციაზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის შესახებ. ტრენინგზე მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა, შეზღუდული შესაძლებლობის კატეგორიები და ბარიერები, სტერეოტიპები და ტერმინოლოგია, საკანონმდებლო ჩარჩო, უნივერსალური დიზაინი და გონივრული მისადაგება, სეგრეგაცია, ინტეგრაცია და ინკლუზია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციისა და ურთიერთობის სტანდარტები.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის ეტიკეტსა და სტანდარტში თანამშრომელთა გადამზადებას ითვალისწინებს აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფცია. აჭარის უმაღლესი საბჭოში მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის ამოქმედება გათვალისწინებული იყო ღია მმართველობის 2020-2021 წლის სამოქმედო გეგმის მე-3 ვალდებულებაში.

ტრენინგი ხელს შეუწყობს უმაღლეს საბჭოს უზრუნველყოს საზოგადოების ყველა ჯგუფის ხელმისაწვდომობა საბჭოს საქმიანობაში და ამ გზით კიდევ უფრო გაზარდოს მოქალაქეების ჩართულობა.

ტრენინგს უძღვებოდნენ უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრი ორგანიზაციის „ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ წარმომადგენლები: თომა კაკაბაძე, რამინ მაჭარაშვილი, ნინო ჩხაიძე, დავით არძენაძე, სოსო ყაზაიშვილი და დეა ერემაშვილი.

ტრენინგები გაიმართა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით პროექტის – „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით.  

აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქალაქეთა ჩართულობის პლატფორმის chaerte.sca.ge პრეზენტაცია

6 აპრილს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ მოქალაქეთა ჩართულობის ვებ-პლატფორმის chaerte.sca.ge პრეზენტაცია გამართა. ვებ-პლატფორმა უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის საფუძველზე შეიქმნა და აერთიანებს რამდენიმე ციფრულ სერვისს.

chaerte.sca.ge-ს საშუალებით მოქალაქეებს შეუძლიათ წარადგინონ პეტიცია უმაღლეს საბჭოში, განცხადებით მიმართონ უმაღლეს საბჭოს, გააკეთონ კომენტარი კანონპროექტზე, ჩანიშნონ შეხვედრა უმაღლესი საბჭოს დეპუტატთან, მოითხოვონ ელექტრონული საშვი ან სხდომაზე დასწრების უფლება, გაეცნონ უმაღლესი საბჭოსა და მისი ორგანოების ანგარიშებს და მიიღონ სხვა ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შესახებ.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)აქტიურად იყო ჩართული ვებ-პლატფორმის შემუშავების პროცესში. პლატფორმა ციფრული სერვისებით წარმოადგენს ძალიან კარგ საშუალებას საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.

პრეზენტაცია გახსნეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ კატალინ გერმანმა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა. ვებ-პლატფორმის პრეზენტაციის შემდგომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მონაწილეებს საშუალება მიეცათ გამოეხატათ თავიანთი პოზიცია ახალ პლატფორმასთან დაკავშირებით. შეხვედრაში მონაწილე პირებმა დადებითად შეაფასეს ვებ-პლატფორმის შექმნა და იმედი გამოთქვეს, რომ შემოთავაზებული ციფრული სერვისების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდება მოქალაქეებს, გააქტიურდება როგორც მათი მხრიდან ჩართულობა, ისე უმაღლესი საბჭოს მხრიდან გაიზრდება ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ანგარიშვალდებულება. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წარმომადგენლები, კერძოდ, ხოსე მარია მარინ, OGP Local-ის პროგრამის უფროსი ოფიცერი და პეტერ ვარგა, OGP-ის უფრო რეგიონული კოორდინატორი ევროპაში.

ვებ-პლატფორმა  საქართველოს საჯარო უწყებების ვებგვერდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტით არის ადაპტირებული და ხელმისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ვებგვერდზე განთავსებულია წამკითხველი პროგრამის საინსტალაციო ფაილი, რომლითაც შესაძლებელია ხმოვანი ვებგვერდით სარგებლობა.

Chaerte.sca.ge შეიქმნა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის – „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

ტრენინგები აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშების მომზადებაში

საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშების მომზადება და საჯაროდ წარდგენა, როგორც ანგარიშვალდებულების ერთ-ერთი ფორმა, აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლის სამოქმედო გეგმით აიღო როგორც ვალდებულება.

აღნიშნული ვალდებულების შესაბამისად, აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში აისახა უმაღლესი საბჭოს, დეპუტატების და უმაღლესი საბჭოს ორგანოების მიერ ანგარიშის მომზადების და წარდგენის წესი და პერიოდულობა.

საქმიანობის ანგარიშის პერიოდულად, საჯაროდ, მოქალაქეთათვის წარდგენა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ანგარიშვალდებულების გასაზრდელად და უზრუნველყოფს როგორც საჯარო მომსახურების, ისე მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესებას უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში.

29-30-31 მარტს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, კომიტეტების აპარატის თანამშრომლებმა და ღია მმართველობის საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს აპარატის წევრებმა გაიარეს ტრენინგები, საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშების მომზადებაში. ტრენინგები მოიცავდა ანგარიშის მომზადების როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. მონაწილეები გაეცნენ ანგარიშის შედგენის მიზანსა და ძირითად პრინციპებს, ანგარიშის შედგენის პროცესს, სტრუქტურას და ანგარიშის მომზადებისა და წარდგენის საერთაშორისო პრაქტიკას. 

 ტრენინგების სერიას უძღვებოდა დამოუკიდებელი კონსულტანტი, საჯარო მმართველობის დოქტორი, ლაშა გოგიძე.

ტრენინგები გაიმართა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის – „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით

საქართველოს პარლამენტის მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

2022 წლის 20 იანვარს, საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მდგრადი განვითარების მიზნებზე მომუშავე ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, და საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი – ნიკოლოზ სამხარაძე. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა და საქართველოს პარლამენტის აპარატის წევრებმა, ასევე, სამუშაო ჯგუფის წევრმა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრას ესწრებოდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე – ანა ჩერნიშოვა. სხვა სპიკერებთან ერთად, ღონისძიების მონაწილეებს მიმართა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა. გიორგიმ აღნიშნა, რომ 2016 წელს საქართველოს პარლამენტი, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპების განმახორციელებელი უწყება, პირველი იყო მსოფლიოს საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის, რომელიც შეუერთდა OGP-ის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელმშემწყობ დეკლარაციას.

შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო საქართველოს პარლამენტის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგის შესახებ 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის განვითარება. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა, დეტალურად განიხილეს სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესამუშავებელი აქტივობების სამუშაო რედაქციები და დაგეგმეს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობა. „მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის პარლამენტის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება“ 2021-2022 წლების ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის პირველი ვალდებულებაა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ არის ინიცირებული.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი, ზურაბ ჭურკვეიძე. 

სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის – „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ – ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან“ (IDFI) საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.